"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

ერთ მოსახლეზე ელექტროენერგიის მოხმარებით საქართველო მსოფლიოში 73-ე ადგილზეა

ნამჩავაზძე

წელიწადში ერთი მოსახლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 73-ე ადგილზეა.

ქვეყნების მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაცია (Energy Information Administration – EIA) აქვეყნებს. აღნიშნული ადმინისტრაცია სამთავრობო დაწესებულებაა და აშშ-ის ფედერალური სტატისტიკური სისტემის ნაწილია.

ელექტროენერგიის მოხმარების ბოლო მონაცემები 197 ქვეყნის 2018-2019 წლების სტატისტიკას მოიცავს. ერთ მოსახლეზე ელექტროენერგიის მოხმარებით საქართველო 73-ე ადგილზე 197 ქვეყანას შორის არის. ერთ მოსახლეზე მოხმარება ქვეყნის მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარებისა და მოსახლეობის რიცხოვნობის ფარდობაა.

EIA-ის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს მოსახლეობამ ჯამურად 12 179 მლნ კილოვატ-საათი მოიხმარა, რაც ერთ ადამიანზე 3 371 კილოვატ-საათია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ინფორმაციით, 2019 წელს ჯამური წლიური მოხმარება 12 059 მლნ კვტ-სთ-ს უდრის, რაც ახლოსაა EIA-ის მონაცემებთან. ერთ მოსახლეზე ელექტროენერგიის მოხმარებით საქართველოსთან ყველაზე ახლოს ბელარუსი, ბარბადოსი, ურუგვაი, ჩრდ. მაკედონია, ბუტანი და ანტიგუა და ბარბუდაა.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში მოხმარებული 12 059 მლნ კვ-სთ-დან 8 388 მლნ კვტ-სთ კერძო და სახელმწიფო მოხმარება იყო, 3 253 მლნკვტ-სთ მრეწველობის სექტორმა მოიხმარა და 419 მლნ კვტ-სთ –  ტრანსპორტმა.

2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის შიდა წარმოება 11 857 მლნ კვტ-სთ იყო, იმპორტით 1 763 მლნ -სთ შემოვიტანეთ და ექსპორტზე 380 მლნ კვტ -სთ გავიტანეთ. საქართველოში წარმოებული 11 857 მლნ კილოვატ-საათიდან 8 932 მლნ კვტ-სთ ჰიდროელექტროსადგურებმა გამოიმუშავა, 2 840 მლნ კვტ-სთ – თბოელექტროსადგურებმა და 85 მლნ კვტ-სთ – ქარის ელექტროსადგურებმა.

ელექტროენერგიის წლიური მოხმარება საქართველოში, მლნ კილოვატ-საათი

წყარო: საქსტატი, საქართველოს ენერგეტიკული ბალანსი

თუ ჯამურ მონაცემებს ვნახავთ და არა ერთ მოსახლეზე, ელექტროენერგიის მოხმარებით მსოფლიოში პირველ ადგილზე ჩინეთია, რომელმაც 2019 წელს 7 500 000 მლნ კვტ-სთ მოიხმარა. შემდეგ მოდის აშშ 4 000 000 მლნ კილოვატ-საათით, ინდოეთი 1 500 000 მლნ კილოვატ-საათით და რუსეთი 965 000 მლნ კილოვატ-საათით. საქართველო წლიური მოხმარების 12 179 მლნ კილოვატ-საათით მსოფლიოში 91-ე ადგილზეა.

ქვეყნები, სადაც ერთ მოსახლეზე ელექტროენერგიის მოხმარება ყველაზე მაღალია

EIA-ის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მოხმარება ერთ მოსახლეზე ყველაზე მაღალი ისლანდიაშია – 51 699 კვტ-სთ. ისლანდია ჩრდილოეთის მდიდარი ქვეყანაა და, შესაბამისად, ელექტროენერგიაზე მოთხოვნაც და გადახდისუნარიანობაც მაღალია. ამავე ლოგიკით არის ნორვეგია მეორე ადგილზე, სადაც ერთი მოსახლის წლიური მოხმარება 23 210 კილოვატ-საათია.

ელექტროენერგიის მოხმარების ტოპ-10-ში ჩრდილოეთის მდიდარ ქვეყნებთან ერთად ნავთობით მდიდარი სამხრეთის ქვეყნებიც ხვდებიან: ბაჰრეინი, კატარი, ქუვეითი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. ნავთობით მდიდარ, მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ელექტროენერგია ძალიან იაფია და, შესაბამისად, მოხმარებაც მაღალია.

საქართველოს გეოგრაფიულ მეზობლებს შორის ერთ მოსახლეზე ელექტროენერგიის მოხმარება ყველაზე მაღალი რუსეთშია – 6 685 კვტ-სთ. ამ მაჩვენებლით რუსეთი მსოფლიოში 27-ე ადგილზეა. თურქეთი 77-ე ადგილზეა 3 013 კილოვატ-საათით. აზერბაიჯანი 95-ე ადგილზეა 2 024 კილოვატ-საათით და სომხეთი 97-ე ადგილზეა 1 958 კილოვატ-საათით.

ელექტროენერგიის მოხმარებით მსოფლიოში ბოლო ადგილზე ჩადია, სადაც ერთ ადამიანზე საშუალო წლიური მოხმარება 13 კილოვატ-საათია. შემდეგ მოდის გვინეა-ბისაუ 20 კილოვატ-საათით, სომალი 21 კილოვატ-საათით, ბურუნდი 29 კილოვატ-საათით და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 30 კილოვატ-საათით.

ტოპ-10 ქვეყანა ერთ მოსახლეზე მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით

ქვეყანა

კვტ-სთ

წელი

ისლანდია

51 699

2019

ნორვეგია

23 210

2019

ბაჰრეინი

16 724

2018

კატარი

15 316

2018

ფინეთი

15 254

2019

კანადა

14 612

2019

ქუვეითი

14 090

2018

შვედეთი

13 085

2019

არაბთა გაერთიანებული საამიროები

12 226

2018

აშშ

12 154

2019

წყარო: Energy Information Administration

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა