ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.

Freakonomics - უცნაურნომიკა

Forbes-WEB-22070607

If you both own a gun and a swimming pool
in your backyard, the swimming pool is about
100 times more likely to kill a child than the gun is.

Steven Levitt

თუ თქვენ გაქვთ ცეცხლსასროლი იარაღი და
აუზი ეზოში, მაშინ აუზში ბავშვის  დაღუპვის
შანსი დაახლოებით 100-ჯერ მეტია, ვიდრე იარაღით.

სტივენ ლიოიტი

Freakonomics არის freak-ის (უცნაური, კაპრიზული, არასტანდარტული) და economics-ის (ეკონომიკა) portmanteau სიტყვა ანუ ლექსიკური ჰიბრიდი, რომელიც შედგენილია ორი სხვადასხვა მნიშვნელობის სიტყვისაგან.

Freakonomics ბესტსელერი წიგნია, რომლის ავტორებიც ჩიკაგოს უნივერსიტეტის (რასაკვირველია) პროფესორი სტივენ ლიოიტი (Steven Levitt) და New York Times-ის ჟურნალისტი სტივენ ჯეი დაბნერი (Steven J. Dubner) არიან. წინამდებარე ბლოგში ვეცდები, ძალიან მოკლედ მიმოვიხილო ეს წიგნი. ეს უკანასკნელი ცნობილია იმით, რომ ავტორებმა ეკონომიკური ანალიზი გამოიყენეს ტრადიციული ეკონომიქსის კვლევის თემატიკიდან საკმაოდ დაშორებული მოვლენების ასახსნელად. მათ  ეკონომიკურად გაანალიზეს ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული სოციალურ ფენების საქმიანობა. კვლევის ობიექტები ჩიკაგოს საშუალო სკოლის მასწავლებლების, ნარკოტიკების ნიუ-იორკელი ქუჩის გადამყიდველების, სუმოს მოჭიდავეებისა და ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მშობლების ქცევა იყო. ავტორები პოულობენ მსგავსებას კუ-კლუქს-კლანს და უძრავი ქონების კომპანიებს შორის. მართლა უცნაურია, არა?

ფუნდამენტურ დონეზე ნეოკლასიკური ეკონომიქსი  შეისწავლის, როგორ ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ლიმიტირებულ რესურსებს (ფული, დრო, ენერგია, და ა.შ.) ჩვენი პრაქტიკულად უსასრულო სურვილების შესრულებისთვის, როგორ გამოიცხრილება სურვილები და როგორ ნაწილდება რესურსები მათ განსახორციელებლად. წიგნი Freakonomics ცდილობს ყველაფერს ეკონომიკური ახსნა მოუძებნოს. ყველაფერს – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. თქვენ რომ შეხვიდეთ საიტზე: https://freakonomics.com/ პირველი რაც წერია, არის ზუსტად ეს: THE HIDDEN SIDE OF EVERYTHING (ყველაფრის დაფარული მხარე).

Freakonomics-ის კვლევის ერთერთი საინტერესო მიმართულება არის ის, რომ ძალიან ხშირად მოვლენები არ ვითარდება ისე, როგორც გვკარნახობს ინტუიცია და ეს მოვლენები ზუსტად რომ კონტრინტუიტიურად აიხსნება. კვლევის ერთერთი მიმართულება ადამიანის საქციელის სტიმულების შესწავლაა — მორალური სტიმული vs ეკონომიკური სტიმული. მაგალითად, ეკონომისტებმა შეისწავლეს იმ მშობლების ქცევა, რომლებიც ხშირად აგვიანებდნენ შვილის წამოყვანას საბავშვო ბაღიდან. ადმინისტრაციამ გადაწყვიტა დაეწესებინა 10-დოლარიანი ჯარიმა ყოველ დაგვიანებაზე. ამის შედეგად დაგვიანებების რაოდენობა… გაიზარდა! ჯარიმის შემოღებამდე დაგვიანებას შეეძლო შეექმნა ცუდი, უყურადღებო მშობლის რეპუტაცია (როგორც დამგვიანებლის, ასევე ადმინისტრაციის თვალში). ახლა კი ფინანსური ჯარიმა გახდა ამ დანაშაულის გრძნობისგან გათავისუფლების საშუალება – რა გინდათ? მე ვყიდულობ ჩემს დაგვიანებას. შედეგად, ინტუიტიურად სწორმა ზომამ (ჯარიმამ) სწორედ რომ კონტრინტუიტიური შედეგი მოიტანა (დაგვიანების რაოდენობა გაიზარდა). ვნახოთ მორალური სტიმული vs ეკონომიკური სტიმულის კიდევ ერთი მაგალითი. საავადმყოფომ გადაწყვიტა შეექმნა მონეტარული სტიმული სისხლის დონორებისთვის. შედეგად, სისხლის ჩაბარების მსურველთა რაოდენობამ … იკლო! სისხლის ნებაყოფლობითი ჩაბარება ადამიანებს თავს ემოციურად კარგად აგრძნობინებდა – მათ გასწიეს უანგარო დახმარება. ახლა კი, ფულის გადახდით ეს მოქმედება გახდა რამდენიმე დოლარის შოვნის ცოტა მტკივნეული და არაკომფორტული გზა. ასე ხდება, როდესაც ერთმანეთს უადგილოდ  ჩაანაცვლებს ეკონომიკური და მორალური სტიმულები.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც გარჩეულია Freakonomics-ში, რისკის შეფასებაა. ავტორების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები მტკიცედ დარწმუნებულები არიან, რომ ისინი შესაბამისად აფასებენ (ნებისმიერი ხასიათის) რისკებს, სინამდვილეში ჩვენ შორს ვდგავართ რისკების ადეკვატური შეფასებისგან. ზემოხსენებულ წიგნში წერია, რომ ადამიანებს ბევრად უფრო ეშინიათ ტერორისტების, ვიდრე გულის ავადმყოფობების. არადა, სინამდვილეში, ტერორიზმის შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობა შეუდარებლად მცირეა გულის ავადმყოფობებით დაღუპულთა რაოდენობასთან შედარებით. ასევე მაგალითად, საშუალოსტატისტიკური ამერიკელი ბევრად უფრო მშვიდად გაუშვებს შვილს სათამაშოდ თავის მეზობელთან, რომელსაც აქვს აუზი სახლის ეზოში, ვიდრე იმ მეზობელთან, რომელიც კოდით ჩაკეტილ სეიფში ცეცხლსასროლ იარაღს ინახავს.  ამერიკაში ყოველწლიურად ყოველ 11,000 აუზზე ერთი ბავშვი იღუპება, ხოლო გაუფრთხილებლობით გასროლისგან  ყოველ 1.1 მილიონ იარაღზე, ასევე ერთი ბავშვი.  გამოდის,  ბავშვების აუზში დახრჩობის რისკი არის დაახლოებით 100-ჯერ მეტი, ვიდრე მათი ცეცხლსასროლი იარაღით სიკვდილი. რატომ არის რისკების ჩვენი შეფასება ასეთი არაადეკვატური? ავტორები სამ ფაქტორს ასახელებენ:

  • კონტროლი: როდესაც ვგრძნობთ, რომ სიტუაციას ვაკონტროლებთ, ჩვენ თავს ბევრად უფრო მშვიდად ვგრძნობთ. როდესაც მანქანის საჭესთან ვართ, ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ, ხოლო როდესაც თვითმფრინავში ვართ, კონტროლი აქვს სხვას (პილოტს). არადა, ავიაკატასტროფებში დაღუპულთა რაოდენობა ვერც შეედრება ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რიცხვს. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, თუ სად და როდის ააფეთქებს ტერორისტი ბომბს, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ ვაკონტროლებთ თუ რამდენ შოკოლადს ან ცხიმიან საჭმელს ვჭამთ;
  • აწმყო vs მომავალი: ისევ ტერორისტები, გლუკოზა და ქოლესტერინი. ტერორისტს თეორიულად შეუძლია მოგკლას აქ და ახლა, მაგრამ ქოლესტერინით სისხლძარღვების ამოვსება და მიოკარდიული ინფარქტი მომავლის ამბავია. მე აქ და ახლა ვარ კარგად, როდესაც ვჭამ ბურგერს და ვაყოლებ მთლიანად ზეთში ჩაძირულ, შემწვარ კარტოფილს;
  • თვალსაჩინოობა: ჩვენ მასმედიით ვხედავთ ტერორისტული აფეთქებების და სროლის შედეგებს; ბავშვების ისტორიას, რომელთაც მშობლების იარაღი ხელში ჩაუვარდათ და გაუფრთხილებლობით და უცოდინარობით ტრაგედია დაატრიალეს. ხოლო ის, რომ ვიღაცას საჭესთან ჩაეძინა და ავარიაში დაიღუპა და დაღუპა სხვებიც, ან ბავშვი უყურადღებობის გამო აუზში დაიხრჩო – ამას მასმედია ყურადღებას არ აქცევს. შესაბამისად, ტერორიზმი და ბავშვების ხელით გაუფრთხილებელი სროლა უფრო რეალურ ვარიანტად გვესახება.

წიგნი Freakonomics არაორდინალურია და ამაზე უკვე მისივე სათაური მიგვითითებს. მე მოკრძალებულათ გირჩევთ მის წაკითხვას. ეს წიგნი მოულოდნელი კუთხით ხსნის ყოველდღიურ ცხოვრებას და აღმოაჩენთ, რომ ის მოვლენები, რომლის არსი გვგონია, რომ ვიცით – შეიძლება სულაც სხვა შინაარსის მქონე იყოს.

გააზიარე