ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.

კლასიკური კაპიტალიზმი ESG-კაპიტალიზმის წინააღმდეგ

ლაითაძე2 (1)

The Social Responsibility of      

     Business is to increase its profits.

       Milton Friedman

დასაწყისისთვის, გავიხსენოთ, თუ რას ნიშნავს ESG criteria – როგორც აბრევიატურა, ასევე როგორც შინაარსი. ეს არის Environmental, Social and Governance criteria ანუ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი კრიტერიუმები. ეს კრიტერიუმები არის სტანდარტების კრებული, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ სოციალურად ორიენტირებულმა ინვესტორებმა. გარემოსდაცვითი კრიტერიუმები განსაზღვრავს, თუ რამდენად დამაზიანებელია ბიზნესი ბუნებრივი გარემოსთვის, სოციალური კრიტერიუმები განსაზღვრავს თანამშრომლების საქმიანობისა და საქციელის (კოლეგიალური, ნეპოტისტური, სექსუალურად შემავიწროებელი და ა.შ.) ნორმებს როგორც კომპანიის შიგნით, ასევე მის პარტნიორებთან, მომწოდებლებთან და კლიენტებთან. ხოლო მმართველობითი კრიტერიუმები განსაზღვრავს მენეჯმენტის საქმიანობას, დაქირავებულებთან ურთიერთობას, შიდა აუდიტს და მეწილეების უფლებებს. ESG-ინვესტიციებს სხვანაირად ჰქვია მდგრადი ინვესტირება, პასუხისმგებლობიანი ინვესტირება ან სოციალურად პასუხისმგებელი ინვესტირება.

ESG-კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელი აქტივებისა და წილების შეძენა მასიური გახდა 2010-იანი წლების დასაწყისიდან და დღეს უკვე აღწევს დაახლოებით 17 ტრილიონ აშშ დოლარს. თუ ჯერ კიდევ 12-15 წლის წინ ბიზნესის მანტრა იყო მეწილეების სიმდიდრის გაზრდა, დღევანდელი მანტრა არის დაინტერესებული მხარეების (მომწოდებლები, პარტნიორები, ზოგადად მთლიანად საზოგადოებაც კი) ინტერესების დაკმაყოფილება. თუმცა ბოლო პერიოდში ESG-ს უკვე ნელ-ნელა გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები, რომლებიც ESG-კაპიტალიზმს უტევენ Laissez-Faire და ფრიდმანისეული პოზიციებიდან. მაგალითისთვის, დღეს ალბათ ყველაზე საკულტო ბიზნესმენმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ESG არის აფერისტობა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია Tesla მოხსნეს S&P-ის ESG-ინდექსიდან. მასკის აზრით, ESG-კრიტერიუმების დაკმაყოფილება უფრო მემარცხენეების დღის წესრიგთან არის რეზონანსში, ვიდრე კომპანიის საქმიანობის ობიექტურად შეფასება. თუ ეს ასეა, მაშინ გამოდის, რომ მეტ-ნაკლებად ობიექტურ კრიტერიუმებს მიუღიათ პოლიტიკური ელფერი. ტარიქ ფენსი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საინვესტიციო და რისკების მართვის კომპანიის, Black Rock-ის მთავარი საინვესტიციო ოფიცერი იყო მდგრადი ინვესტიციების კუთხით, ახლა ESG-ინვესტიციებს უწოდებს საშიშ პლაცებოს. და ამას ამბობს მაღალი რანგის მენეჯერი, რომელიც სწორედ რომ ინვესტიციების ESG-კრიტერიუმების საკითხებზე მუშაობდა. Deutsche Bank-ის აქტივების მმართველი კომპანიის, DWS-ის გენერალური დირექტორი, დეზირე ფიქსლერის აზრით, აკრონიმი ESG შინაარსისგან დაიცალა.

სავარაუდოდ, ეს არის დიდი ბიზნესის (ნაწილობრივი) კონტრშეტევა. ანტი-ESG მაღალი რანგის მენეჯერები დგანან ტრადიციულ ეკონომიკურ პლატფორმაზე, რომლის თანახმადაც ბიზნესის დანახარჯი უნდა ხმარდებოდეს კომპანიის ეფექტიანობის ზრდას, საბოლოოდ კი წმინდა მოგების ზრდას და არ უნდა იხარჯებოდეს, ვთქვათ, ამაზონის ტყის დაცვაზე და შედარებით ისეთ აბსტრაქტულ გლობალურ საკითხებზე, როგორიცაა, მაგალითად, კლიმატის ცვლილება. მსგავსი საკითხები სახელმწიფო(ებ)მა უნდა მოაგვაროს/მოაგვარონ, რომელსაც/რომლებსაც ბიზნესი გადასახადის სახით აძლევს ფულს. ხოლო თუ სახელმწიფო არაეფექტიანია და/ან კორუმპირებულია, ბიზნესის საქმე არ არის მისი გაკეთილშობილება, ეს პრობლემა არჩევნებზე ამომრჩევლების მოსაგვარებელია.

ESG-ის პოლიტიზაციას მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ფლორიდის გუბერნატორი, რონ დესანტისი დაუპირისპირდა კომპანია „დისნეის“. „დისნეი“ ESG-ის მხარდამჭერია, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე ეხება სხვა საკითხს, თუმცა იგი გადაბმულია ESG-თან. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „დისნეის“ მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ბობ ჩაპეკმა, გააკრიტიკა ფლორიდის ხელისუფლების გადაწყვეტილება, აკრძალოს ფლორიდის ტერიტორიაზე გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის შესახებ სწავლა საბავშვო ბაღებში და სკოლების 1-3 კლასებში. დაძაბულობა იქამდე მივიდა, რომ დესანტისმა განაცხადა, შტატი ფიქრობს, მოუხსნას ფლორიდის დისნეილენდის თემატურ პარკს საგადასახადო პრივილეგიები, რომლებიც მას 50 წელიწადზე მეტია, რაც აქვს. აგრეთვე მოუხსნას კომპანიას ის უფლებები, რომლებიც კომპანიას უფლებას აძლევდა, თავისი შეხედულებისამებრ განესაზღვრა თემატურ პარკში გართობის შინაარსი.

ის ფაქტი, რომ დესანტისს ეყო გამბედაობა, დაჰპირისპირებოდა გლობალურ კომპანიას ასეთ მგრძნობიარე საკითხზე, მიუთითებს იმას, რომ ESG პოლიტიზებულ საკითხად იქცა. იმის გათვალისწინებით, რომ დესანტისი არ არის რესპუბლიკური პარტიის აუტსაიდერი, ეს ფაქტი ამ საკითხს კიდევ უფრო დაძაბულს ხდის. ფლორიდის გუბერნატორის პოზიცია, სავარაუდოდ, გამოხატავს რესპუბლიკური პარტიის ბირთვის განწყობას.

დასასრულისთვის კი ვიტყვი, რომ, ჩემი აზრით, ESG პოპულისტური არ ხდება, ის უკვე გახდა პოპულისტური. საინტერესოა, რომ ESG-ის მხარდამჭერების დიდი ნაწილი არიან მილენიალების თაობა (თაობა, რომელიც დაიბადა პერიოდში 1980-იანი ადრეული წლებიდან 1990-იანი წლების დასაწყისში). ამ ახალი თაობის მენეჯერებს ფულის შოვნის გარდა, აქვთ სურვილი, თავიანთ სამსახურებსა და ბიზნესში ნახონ უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ მუშაობაა. ESG აღმოჩნდა ასეთი ინსტრუმენტი, ოღონდ კეთილშობილი საქმის კეთება უნდათ ნიუ-იორკის და ლონდონის კომფორტიდან, შუადღის შესვენებებისას: გთხოვთ, მოგვიტანოთ სამი ჭიქა ყავა და ერთი ჭიქა მორალი. ეგრე არაფერი არ გამოვა.

გააზიარე