"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

გეოპოლიტიკური კილომეტრები

გეოპოლიტიკური კილომეტრები

160 კილომეტრი…. იყო დარჩენილი “ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დასრულებამდე. რაც მართალი, მართალია – კარგად “გაუჭედა“ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ; დიახ, კარგად – მე ამ განაცხადით ვპოზიციონირებ არა ეკონომიკის, არა რომელიმე ადმინისტრაციის, არამედ ავტორიტარიზმის და დიქტატურის წინააღმდეგ. არ შეიძლება რეჟიმისთვის, რომელიც კლავს, წამლავს, იჭერს და აქრობს, “ეკონომიკური“ არტერიებით “სისხლის“ მიწოდება.

გულწრფელად გეტყვით, ძალიან გამიხარდა, როდესაც აშშ-ს ორმა, გადაჭარბების გარეშე ყველაზე გავლენიანმა სენატორმა ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა მიმართეს სახელმწიფო დეპარტამენტს, არ გადადოს “ნორდსტრიმ 2“-თან დაკავშირებული ყოველწლიურ თავდაცვის აქტში გაწერილი სანქციების აღსრულებისა და მიზანშეწონილობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნება.

ალექსეი ნავალნის მოწამვლის გზით მკვლელობის მცდელობის და მითუმეტეს მისი დაპატიმრების შემდეგ გაზსადენი დამატებითი “სიმძიმეებით“ დაიტვირთა. თუკი ვინმეს არ უფიქრია აქამდე, თუკი ვინმეს არ გამოუხატავს ღიად, ყველამ გაიაზრა და ღიად თქვა, რომ არ შეიძლება კრიმინალურ-დიქტატორულ რეჟიმში ენერგოდოლარების ჩასხმა.

არ ვიზიარებდი და არც ახლა ვიზიარებ გერმანიის კანცლერის და სხვა ოფიციალური პირების მოსაზრებებს, რომ გაზსადენი არის წმინდად ეკონომიკური პროექტი და არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან, მაგრამ გერმანიის პრეზიდენტის “ღრმა და ყოვლისმომცველმა“ არგუმენტმა ყველა სიმაღლეები დაიპყრო. ბატონი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი ძალიან გავლენიანი, “გაზპრომის“ დაქირავებულ მაღალანზღაურებად კლერკ, გერჰარდ შროდერთან შედარებით ბევრად მაღალი სინჯის პოლიტიკოსია. სწორედ ამიტომაც, კიდევ უფრო მეტად გამაკვირვა, როდესაც გავიგე, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის აზრით, მილსადენი მარტო იმიტომ უნდა აშენდეს, რომ გერმანიას რუსეთის ვალი აქვს საბჭოთა კავშირის  წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამო და ეს გაზსადენი არის კომპენსაცია მათ მიერ გაღებული მსხვერპლისთვის. დიდებული კაცი იყო ჰელმუტ კოლი 🙁 სადღა არიან ასეთი დიდი პოლიტიკოსები 🙁

ამასობაში, რუსეთი თავს ლაფს ასხამს ევროკავშირის უმაღლესი რანგის წარმომადგენლებს, აძევებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატებს; ერთი სიტყვით, უსაქციელობს და თანაც იმუქრება – “სი ვის პაცემ, პარა ბელუმ“ – ანუ მშვიდობა თუ გინდათ, ომისთვის ემზადეთო. უფრო ზუსტად კი, თუ ევროკავშირი სანქციებს შემოიღებს, რუსეთი მზად არის ევროკავშირთან ურთიერთობის გასაწყვეტადო, ბრძანა რუსეთის პირველმა დიპლომატმა.

ბიზნესების და ბიზნესმენების კიდევ შეიძლება გაიგოს კაცმა (მე არ მესმის, მაგრამ მცოდნენი ახსნიდნენ აკადემიურად, ციფრებით და არგუმენტებით), მაგრამ არასდროს არ მესმოდა იმ ევროპელი პოლიტიკოსების ლოგიკა, რომლებიც ამტკიცებდნენ და ახლაც ამტკიცებენ, რომ რუსეთის ბაზარი მნიშვნელოვანია, რუსული ენერგომატარებლები აუცილებელია მათი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის და ამ ტიპის პროექტებს არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან და ადამიანის უფლებების დაცვასთან.

როგორც ძალიან სწორად აღინიშნა ერთ-ერთ გავლენიან გამოცემაში, ანგელა მერკელი ძალიან მაგარი პოლიტიკოსია, მაგრამ ძალიან სუსტი სტრატეგი. კერძოდ, როდესაც მას შეეძლო გაზსადენი გამოეყენებინა, როგორც რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტი, მან პირიქით ყველაფერი გააკეთა “ნორდსტრიმის“ პოლიტიკისგან დისტანცირებისთვის.

არადა, ამერიკელ კანონმდებლებს ევროპელი პარლამენტარებიც არაფრით ჩამორჩნენ. უფრო მეტიც, მათ პირდაპირ მიაბეს მილსადენის მშენებლობის დასრულების საკითხი რუსეთის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მკვლელობის მცდელობასთან და მშვიდობიანი დემონსტრანტების მასობრივი უკანონო დაპატიმრებების საკითხთან (რა ქნან მეტი?!). (ჩვენში დარჩეს 🙂 ), “ბუნდეს პოლიტ ლიდერშიფის“ სიხისტით (უფრო არადიპლომატიურად, გაჯიუტებით) ევროპელი (მათ შორის გერმანელი) კანონმდებლების სიტყვასაც წონა ეკარგება.

გერმანიის პრეზიდენტის მიერ გამოთქმული არგუმენტები (ძალიან სამართლიანად) მტკივნეულად იყო აღქმული უკრაინის მიერ (არადა საქართველოს მხრიდანაც ზუსტად ასეთივე პოზიცია უნდა დაფიქსირებულიყო). მართლაც, რუსეთზე უფრო დიდი მსხვერპლი უკრაინამ გაიღო ფაშიზმთან ბრძოლაში. ასე რომ, ბუნდეს.პრეზიდენტის ლოგიკით, გერმანია კიდევ უფრო მეტად ვალშია უკრაინელებთან, ბელარუსებთან და, ყალბი თავმდაბლობის გარეშე, საქართველოსთან. არადა, გაზის მიწოდებიდან შესული ყველა ევრო თუ დოლარი მოხმარდება არა ხალხს, არამედ იმ რეჟიმის ინტერესებს, რომელიც დღესაც კლავს დამოუკიდებელ უკრაინასა და საქართველოში მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამშობლოს დამცველ პატრიოტ სამხედროებს; აღარაფერს ვამბობ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ L(((((

ასე რომ, ტყუილად ნურავინ მოიტყუებს თავს – დარჩენილი მანძილი წარმოადგენს ძალიან კონკრეტულ გეოპოლიტიკურ კილომეტრებს, რომელიც აშორებს პუტინის რეჟიმს ახალი მკვლელობების, ტერაქტების, კაცობრიობის წინაშე დანაშაულების ჩადენისა და მდიდრული სასახლეების მშენებლობისგან (აქვე ცნობისთვის: 100 წელი გავიდა სუვერენული დემოკრატიული საქართველოს ბოლშევიკური რუსეთის მიერ დაპყრობიდან და რუსეთის ხელისუფლებაში ზუსტად იგივე მენტალიტეტის ადამიანები არიან და ზუსტად იგივე ზრახვები აქვთ).

ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას, ცხადია, კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რაოდენ დიდ საფრთხეს წარმოადეგნს პუტინის რეჟიმი დემოკრატიისთვის და, პირდაპირ რომ ვთქვათ, მილიონობით ადამიანის უსაფრთხოებისთვის. მესმის, რომ ბირთვული არსენალის პატრონი კრიმინალური დაჯგუფება საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ან რეგიონისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის; ასევე მესმის, რომ ჩატეხილი ტრანსატლანტიკური ხიდების აღსადგენად მნიშვნელოვანია პირველ რიგში გერმანიასთან ურთიერთობების გამოსწორება, მაგრამ…. თუ შეიძლება, არა დანარჩენი, თავისუფლების მოყვარული ასეულ მილიონობით ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე.

დავუშვათ, გეოპოლიტიკური კილომეტრები ამოიწურა და “აკადემიკოსი ჩერსკი“-ს მილსადენ მშენებელმა გემმა მისია შეასრულა, ანუ გაზსადენის მშენებლობა დაასრულა.  გაზსადენის ექსპლოატაციაში შესვლისთვის აუცილებელია საერთაშორისოდ აღიარებული სასერტიფიკაციო კომპანიების მიერ დადებითი დასკვნების გაცემა. ამერიკული სანქციების გამო, ყველა კომპანიამ უარი განაცხადა შესაბამისი სერტიფიკატების გაცემაზე.

შეიძლება მე ვცდებოდე, მაგრამ ასე ვფიქრობ, რომ ეს გეოპოლიტიკური კილომეტრები განმსაზღვრელი იქნება მომავალი გეოპოლიტიკური ვითარების.

არ მაქვს დიდი იმედი, მაგრამ იქნებ დაფიქრდნენ მაინც…..

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin