"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

ყურადღებით: ამერიკა დაბრუნდა!

Biden

გულწრფელად გეტყვით, მაგაზე მეტად არაფერს ვგულშემატკივრობ! არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ბევრ მიზეზთა გამო ძალიან მაგრად მიყვარს – უპირველესად იმიტომ, რომ თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები “მაგიდის თავში“ (დავესესხები აშშ-ს 46-ე პრეზიდენტს), ავტოკრატები, ტირანები, კომუნისტები ყველას, მათ შორის ჩვენ, დაჩაგრავენ (ძალა აღმართს ხნავს)! ასე რომ, მივესალმები განცხადებასაც და მის აღსრულებასაც.

ჩემთვის, როგორც დიპლომატიაში ამჟამის მდგომარეობით ნახევარი ცხოვრება გალეული ადამიანისთვის, განსაკუთრებით საყურადღებოა, მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი ჯოსეფ ბაიდენი და მისი თანმხლები ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, ნაცვლად ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ლენგლის შტაბ-ბინისა და თავდაცვის დეპარტამენტის მთავარი ოფისის – პენტაგონისა, პირველ უწყებად ვიზიტისთვის ირჩევს სახელმწიფო დეპარტამენტს.

სახელმწიფო დეპარტამენტში ბევრი ძალიან კარგი, ძალიან ჩვეულებრივი და ძალიან პატრიოტი ადამიანი მუშაობს. ძალიან ბევრი არა-ჩვეულებრივი ადამიანიც შემხვედრია “ფოგი ბოთომ“-ზე – არა ჩვეულებრივი თავისი ნიჭით, უნარით და ბევრი სხვა თვისებებით. მოკლედ, ძალიან ვაფასებ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ძალიან ბევრი ღირებულებითი ერთობა მაქვს ჩემს ამერიკელ კოლეგებთან; შეიძლება 70 ათასივეს არ ვიცნობ, მაგრამ ყველგან და ყოველთვის ვგულშემატკივრობ. #წერტილი

მოკლედ, მივიდა სახელმწიფო დეპარტამენტში პრეზიდენტი, რომელიც თავისი პოლიტიკური კარიერის მანძილზე მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ საგარეო პოლიტიკას უთმობდა, ანუ მართლა არ არის უცხო ამ საქმისთვის არცერთ რანგში მუშაობის პერიოდიდან (ცოტას ამ ერთხელაც წავიტრაბახებ: ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის რანგში თეთრ სახლში სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის დროს იმჟამად ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა მოსალმების მომენტში ამ სტიყვებით მომმართა: “ასე მითხრეს, შენ ხარ ის კაცი, ვინც ყველაზე მაგრად “ახურებს“ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებაზე და ჩვენ განსაკუთრებულად უნდა დავილაპარაკოთო 🙂 ასე იყო და…) და არ ჭირდება განსაკუთრებული “დაჩქარებული კურსები“ ამ სფეროში საორიენტაციოდ.

მთავარია ორიენტაცია…..

საგარეო-პოლიტიკური გუნდი ჰყავს უმაგრესი – ყველაზე, ყველაზე, ყველაზე გამოცდილი დიპლომატი პროფესიონალებით დაკომპლექტებული. სახელმწიფო მდივნით დაწყებული, მთელი იერარქიული სტრუქტურის გათვალისწინებით, ნებისმიერ ქვეყანას შეშურდება ასეთი ნაკრები…

მთავარია ორიენტაცია…..

პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა “ფოგი ბოთომზე“ ვიზიტის დროს პირველად გაახმიანა დეტალურად აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტები. მე მაპატიეთ, თუ ჩემი ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი ინტერესის, ყველაზე დიდი საფრთხის და ყველაზე რთული გამოწვევის – რუსეთთან დაკავშირებული გზავნილებით დავიწყებ ამ მიმოხილვას. არადა, გზავნილები იყო ისეთი, ჩვენი ჭკუის ხალხს მშობლიურ იავნანად რომ ჩაესმის ყურში – “ამერიკის შეერთებული შტატები აღარ დაიხევს უკან რუსეთის წინაშე“ ეროვნული და გლობალური ინტერესების საკითხში, კონკრეტულად კი აშშ-ს საშინაო საკითხებში ჩარევაზე, მის მიმართ კიბერთავდასხმის განხორციელების და საკუთარი (რუსეთის ფედერაციის) მოქალაქეებისთვის სიცოცხლის საფრთხის შექმნის საკითხებში. ჯოზეფ ბაიდენმა არაერთხელ ახსენა ალექსეი ნავალნი თავის საპროგრამო გამოსვლაშიც და რუს “ტრუსების მწამლავ“ ვლადიმერ პუტინთან პირველი სატელეფონო საუბრის დროსაც. ვადასტურებ – ეს არ მოხდებოდა მისი წინამორბედის პრეზიდენტობის პერიოდში (რომელსაც სხვათაშორის, ჯოზეფ ბაიდენის განკარულებით შეუწყვიტეს კონფიდენციალური სადაზვერვო ინფორმაციების მიწოდება). არ მოხდებოდა, მაგრამ სამაგიეროდ “ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის შეფერხებისთვის არაფერზე დაიხევდა უკან (ვნახოთ – წინათგრძნობა არცთუ კარგი მაქვს ამ მხრივ). მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ განცხადებები ძალიან კარგია – რუსული პოლიტ. ელიტის რეაქციების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ – გადასარევი, მაგრამ ახლა მთავარია ქმედება – სიტყვას საქმე, ძალიან კონკრეტული და ძალიან სწრაფად მოქმედი ეფექტის მქონე საქმე, უნდა მოჰყვეს. ვნახოთ (მთავარია “ვნახოთ“-ს ამარა და იმედად არ დარჩეს ხელისუფლება – “24/7 მეგობრობა“ ჩემი უსაყვარლესი ბლოგია, მაგრამ არა მოგონილი – ასე თქვა მაშინ აშშ-ს პრეზიდენტმა)….

პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა, რამდენიმე სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასთან ერთად, მისი წინამორბედის ეს რადიკალური ნაბიჯიც გააჩერა – გერმანიიდან ამერიკული ჯარების მნიშვნელოვანი ნაწილის რედისლოცირების (ბოდიში ამ სიტყვისთვის) პროცესი შეჩერებულია. არავინ დაობს – უაღრესად მნიშვნელოვანია ტრანსატლანტიკური კავშირების აღდგენა, ოღონდ იმედი მინდა ვიქონიო, რომ ეს უბრალოდ უძღები შვილის დაბრუნება არ იქნება – ევროპელი ლიდერები ბევრს საუბრობენ “სტრატეგიულ ავტონომიაზე“, მაგრამ მოსკოვში სმოლენსკის მოედანზე შენობაში რატომღაც მოკუნტულები ჩანან ხოლმე მათი უმაღლესი წარმომადგენლები ევროკომისიიდან.

რუსეთის გარდა, ცხადია, მთავარ ფოკუსში იყო, არის და კიდევ დიდხანს იქნება ჩინეთი, ირანი და საუდის არაბეთი.

ჩინეთთან მიმართებაში აშშ-ს ახალი პრეზიდენტის განცხადებები იყო მკაცრი, თუმცა, აქაც, რუსეთის არ იყოს, ყველა ელის ქმედებას – უიღური მუსლიმი უმცირესობის მიმართ ჩინეთის კომუნისტური პარტიის “აღმზრდელობითი“ დამოკიდებულება უკვე ფაქტებით არის დადასტურებული. ასე რომ, სიტყვას აქაც საქმე უნდა მოჰყვეს. სავაჭრო-სატარიფო ომები არ ვარგა? კი ბატონოოო! მოიფიქრეთ უკეთესი  – ფაქტია, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია მთელი რიგი მიმართულებებით აშშ-ს სჯობნის.

ირანი განსაკუთრებული თემაა – ვფიქრობ, აშშ მაინც დაუბრუნდება 2015-ის “ერთობლივ ყოვლის მომცველ მოქმედებათა გეგმის შესახებ“ შეთანხმებას. თუმცა არის დილემა – წინამორბედის და ოპონენტი რესპუბლიკელების კრიტიკის ქარცეცხლს რომ თავი დავანებოთ, რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიული მოკავშირესთან – ისრაელთან ურთიერთობები უაღრესად მნიშვნელოვანია (არადა დონალდ ტრამპის და მისი სიძის ჯარედ კუშნერის ძალისხმევით ეს ურთიერთობები ალბათ მწვერვალზე ავიდა და ახლა მაქედან ჩამოსვლა ცალკე დილემაა).

არ არის მარტივი ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკა – მითუმეტეს, როდესაც ეს საუდის არაბეთს ეხება. პრიორიტეტების ფრთხილი გადალაგების პირველი ნიშნები უკვე გამოჩნდა – იემენში ომი უნდა დამთავრდეს! ყოველ შემთხვევაში, იქ აღარ იქნებიან ამერიკელი ინსტრუქტორები და ტექნიკური სპეციალისტები. რაც მთავარია, შეწყდება (დროებით) თავდასხმითი შეიარაღების მიყიდვა საუდის არაბეთისთვის, თუმცა ირანიდან მომავალი საფრთხის გათვალისწინებით, თავდაცვითი შეიარაღების მიწოდება კვლავაც გაგრძელდება.

ყველაზე სკეპტიკური პროგნოზითაც კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამერიკა ბრუნდება! დიპლომატიური მაგიდის სათავეშიც მალე დაჯდება. ოღონდ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მთავარია ქმედება!

გააზიარე