"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
ღვინის ექსპორტით საქართველო მსოფლიოში მე-18 ადგილზეა
2021 წელს საქართველომ ღვინის ექსპორტით მსოფლიოში მე-18 ადგილი დაიკავა.
სტატიაში ღვინის ექსპორტზე ინფორმაციის წყარო The World Factbook-ია, რომელიც ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მონაცემებს ეფუძნება. 2021 წელს ექსპორტზე ღვინო 100-მა ქვეყანამ გაიტანა. ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის საქართველო მე-18 ადგილს იკავებს. 2020 წელს საქართველო მე-17 ადგილზე იყო.
2021 წელს საქართველომ 239 მლნ დოლარის ღვინო გაიტანა ექსპორტზე, რაც 14%-ით მეტია 2020 წლის ღვინის ექსპორტზე. 2021 წელს მსოფლიოში სულ 41 მილიარდი დოლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა. შესაბამისად, საქართველოს წილი მსოფლიო ექსპორტში მხოლოდ 0.6% იყო.
საქართველოს ღვინის ექსპორტი სწრაფად 2013-2014 წლებში გაიზარდა, როდესაც რუსეთმა ქართული ღვინის იმპორტი კვლავ დაუშვა. 2013-2014 წლებში ღვინის ექსპორტი თითქმის გასამმაგდა. თუმცა 2015 წელს რუსეთის ეკონომიკური კრიზისის გამო ღვინის ექსპორტი განახევრდა, 2016-2019 წლებში კი ისევ ზრდის ტენდენციას დაუბრუნდა, 2020-ში კი პანდემიის გამო შემცირდა. უკრაინა-რუსეთის ომის გამო, შესაძლოა, ღვინის ექსპორტი 2022 წელსაც შემცირდეს, თუმცა კლება მნიშვნელოვანი არ იქნება.
2021 წელს საქართველომ ღვინო სულ 63 ქვეყანაში გაიტანა. ყველაზე მეტი – 131 მლნ დოლარის რუსეთში გაიტანა, რაც ჯამური ექსპორტის 55%-ია. მეორე ადგილზე უკრაინა იყო, სადაც 24 მლნ დოლარის ქართული ღვინო გაიყიდა. შემდეგ მოდის ჩინეთი 16 მლნ დოლარით, პოლონეთი 14 მლნ დოლარით, ბელარუსი 11 მლნ დოლარით, ყაზახეთი 10 მლნ დოლარით და აშშ 5 მლნ დოლარით.
საქართველოს ღვინის ექსპორტი, მლნ დოლარი
ღვინის ექსპორტით ლიდერი ქვეყნები
The World Factbook-ის მონაცმებით, 2021 წელს ღვინის ექსპორტით მსოფლიოში პირველ ადგილზე საფრანგეთი იყო, რომელმაც საზღვრებს გარეთ 13 მილიარდი დოლარის ღვინო გაიტანა. საფრანგეთს ღვინის მსოფლიო საექსპორტო ბაზრის 32% უჭირავს. მეორე ადგილზე იტალიაა, რომელმაც ექსპორტზე 8.4 მილიარდი დოლარის ღვინო გაიტანა. საფრანგეთს და იტალიას ერთად ღვინის მსოფლიო ექსპორტის 53% წილი უჭირავთ. მესამე ადგილზე ესპანეთია 3.5 მილიარდი დოლარის ექსპორტით. ჯამში, ევროპულ ქვეყნებზე ღვინის მსოფლიო ექსპორტის 76% მოდის.
არაევროპული ქვეყნებიდან ღვინის ყველაზე დიდ ექსპორტს ავსტრალია (1.7 მილიარდი დოლარი) და ჩილე (2 მილიარდი დოლარი) ახორციელებენ.
ღვინის ექსპორტის ღირებულებით საქართველოსთან ყველაზე ახლოს ლიეტუვა (225 მლნ დოლარი) და ავსტრია (278 მლნ დოლარი) არიან.
საქართველოს გეოგრაფიული მეზობლები ღვინის წარმოებით და ექსპორტით არ გამოირჩევიან. 2021 წელს სომხეთმა 11.5 მლნ დოლარის ღვინო გაიტანა ექსპორტზე და მსოფლიოში 53-ე ადგილი დაიკავა. რუსეთმა 13 მლნ დოლარის ღვინო გაიტანა, თურქეთმა 8.5 მლნ დოლარის, აზერბაიჯანმა კი 4 მლნ დოლარის.
ღვინის ექსპორტიორი ტოპ 20 ქვეყანა, 2021 წელი
ქვეყანა | მლნ აშშ დოლარი | |
1 | საფრანგეთი | 13,116 |
2 | იტალია | 8,418 |
3 | ესპანეთი | 3,481 |
4 | ჩილე | 1,967 |
5 | ავსტრალია | 1,697 |
6 | აშშ | 1,454 |
7 | ახალი ზელანდია | 1,369 |
8 | გერმანია | 1,175 |
9 | პორტუგალია | 1,095 |
10 | არგენტინა | 853 |
11 | სამხრეთ აფრიკა | 750 |
12 | გაერთიანებული სამეფო | 642 |
13 | ბელგია | 634 |
14 | ნიდერლანდები | 598 |
15 | სინგაპური | 596 |
16 | დანია | 288 |
17 | ავსტრია | 278 |
18 | საქართველო | 239 |
19 | ლიეტუვა | 225 |
20 | ჰონგ კონგი | 205 |
წყარო: The World Factbook, CIA
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 25, 2024
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024