"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
გლობალური თავისუფლების რეიტინგში საქართველო 107-ე ადგილზეა
მეთოდოლოგია
გლობალური თავისუფლების რეიტინგს ამერიკული ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ აქვეყნებს. ბოლო რეიტინგი 200 ქვეყანას მოიცავს. მონაცემები ყოველწლიურად ახლდება. 2024 წელს გამოქვეყნებული რეიტინგი 2023 წლის რეალობას ასახავს.
თავისუფლების რეიტინგი პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლების დონის მიხედვით დგება. პოლიტიკური უფლებები მოიცავს: საარჩევნო პროცესს, პოლიტიკურ პლურალიზმს და მთავრობის მუშაობას. სამოქალაქო თავისუფლება მოიცავს: სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, ასოციაციებისა და ორგანიზაციების უფლებებს, სამართლის უზენაესობასა და პერსონალურ ავტონომიას და ინდივიდუალურ უფლებებს.
რეიტინგში ქვეყანას მაქსიმუმ 100 ქულის დაგროვება შეუძლია, მეტი ქულა მეტ თავისუფლებას ნიშნავს. მაქსიმუმ 40 ქულა მოდის პოლიტიკურ უფლებებზე და მაქსიმუმ 60 ქულა მოდის სამოქალაქო თავისუფლებაზე. ქვეყნებზე დაკვირვება ღია მონაცემებზე დაყრდნობით და ექსპერტული შეფასებებით ხდება.
ქულების მიხედვით ქვეყნები თავისუფალ, ნაწილობრივ თავისუფალ და არათავისუფალ ქვეყნებად იყოფიან.
საქართველო თავისუფლების რეიტინგში
„ფრიდომ ჰაუსის“ მიერ 2024 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს თავისუფლების ინდექსში 58 ქულა აქვს და 107-ე ადგილს იკავებს. 58 ქულით ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში ხვდება. პოლიტიკურ უფლებებში საქართველოს 22 ქულა (40-დან) აქვს, ხოლო სამოქალაქო თავისუფლებაში 36 ქულა (60-დან). 2023 წლის კვლევითაც საქართველოს 58 ქულა ჰქონდა, მაგრამ 106-ე ადგილს იკავებდა. ბოლო წელში საქართველოს როგორც ჯამური ქულა, ასევე პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლების ქულა არ შეცვლილა.
ბოლო ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ოლიგარქიული გავლენა ზემოქმედებს პოლიტიკურ საქმიანობაზე. პრობლემურ საკითხად რჩება კორუფცია და მედიის თავისუფლება. პრობლემად რჩება ასევე სასამართლოს საქმიანობაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩარევა. ანგარიშში ნახსენებია 2023 წელს საქართველოს მთავრობის მიერ „რუსული კანონის“ (აგენტების შესახებ კანონი) მიღების მცდელობა, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავდა არასამთავრობო სექტორის და მედიის თავისუფლებას. 2024 წლის ივნისში „ქართულმა ოცნებამ“ „რუსული კანონი“ მაინც მიიღო, რაც თავისუფლების ანგარიშში 2025 წელს აისახება და ქვეყნის რეიტინგს გააუარესებს.
საქართველოს ქულა გლობალური თავისუფლების ინდექსში
თავისუფლების ყველაზე მაღალი დონის მქონე ქვეყნები
„ფრიდომ ჰაუსის“ კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი ქვეყანა ფინეთია, რომელსაც მაქსიმალური, 100 ქულა აქვს. ახალი ზელანდია და შვედეთი მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ. შემდეგ ნორვეგია მოდის.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან თავისუფლების ყველაზე მაღალი დონე სომხეთშია, რომელსაც 54 ქულა აქვს, 23 პოლიტიკურ უფლებებში და 31 სამოქალაქო თავისუფლებაში. სომხეთი რეიტინგში 112-ე ადგილზეა. თურქეთს 33 ქულა აქვს და რეიტინგში 145-ე ადგილზეა. რუსეთს 13 ქულა აქვს და რეიტინგში 178-ე ადგილზეა. მეზობლებიდან ყველაზე დაბალი ქულა აზერბაიჯანს აქვს – 7 ქულა, 0 პოლიტიკურ უფლებებში და 7 სამოქალაქო თავისუფლებაში, რეიტინგში 190-ე ადგილზეა.
მსოფლიოში ყველაზე დაბალი თავისუფლება სამხრეთ სუდანში და სირიაშია, რომლებსაც 1-1 ქულა აქვთ. შემდეგ მოდის თურქმენეთი 2 ქულით და ჩრდილოეთ კორეა და ერიტრეა, 3-3 ქულით.
თავისუფლების დონით ლიდერი ტოპ-10 ქვეყანა
ქვეყანა | ქულა | |
1 | ფინეთი | 100 |
2 | ახალი ზელანდია | 99 |
3 | შვედეთი | 99 |
4 | ნორვეგია | 98 |
5 | კანადა | 97 |
6 | დანია | 97 |
7 | ირლანდია | 97 |
8 | ლუქსემბურგი | 97 |
9 | ნიდერლანდები | 97 |
10 | სან მარინო | 97 |
წყარო: Freedom House
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ნოემბერი 20, 2024
- on ნოემბერი 13, 2024
- on ოქტომბერი 30, 2024
- on ოქტომბერი 30, 2024
- on ოქტომბერი 11, 2024
- on სექტემბერი 27, 2024
- on სექტემბერი 18, 2024
- on სექტემბერი 12, 2024