Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

ინფრასტრუქტურის დონით საქართველო მსოფლიოში 73-ე ადგილზეა

graph one (2)

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში შემავალი ერთ-ერთი კომპონენტით – ინფრასტრუქტურის დონით – საქართველო 73-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ მომზადებული გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით დგება. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში ბიზნესის და ეკონომიკური გარემოს განვითარებას უწყობს ხელს. ეკონომიკური ფორუმი კონკურენტუნარიანობის ინდექსს 2004 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს. გამონაკლისი იყო 2020 წელი, როდესაც პანდემიის გამო რეიტინგი არ განახლდა. შესაბამისად, ახლა მოქმედი რეიტინგი რეალურად 2019 წლის რეიტინგია.

ეკონომიკური ფორუმის განმარტებით, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა გამოიხატება ინსტიტუტების განვითარებაში, მთავრობის პოლიტიკასა და ბუნებრივ ფაქტორებში, რომლებიც განაპირობებენ ქვეყნის პროდუქტიულობის დონეს. რეიტინგში ცალკე არის გამოყოფილი ინფრასტრუქტურის დონე, რომელიც სატრანსპორტო და კომუნალურ ინფრასტრუქტურას მოიცავს. ინფრასტრუქტურის გამართვა კი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ინფრასტრუქტურის შესაფასებლად გამოყენებულია როგორც ქვეყნების ოფიციალური სტატისტიკა, ასევე მცირე, საშუალო და დიდ საწარმოთა გამოკითხვა. ბოლო რეიტინგი 141 ქვეყანას მოიცავს.

საქართველო გლობალური ინფრასტრუქტურის რეიტინგში

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო 74-ე ადგილზეა, ცალკე აღებულ ინფრასტრუქტურის რეიტინგში კი 73-ე ადგილზეა 67.6 ქულით. 2018 წელს საქართველო ინფრასტრუქტურის დონით 72-ე ადგილზე იყო, ანუ ბოლო ანგარიშის მიხედვით, მისი პოზიცია ერთი ადგილით გაუარესდა. ყველაზე მაღალ პოზიციაზე, მე-40  ადგილზე საქართველო 2015 წელს იყო. მას შემდეგ რეიტინგში ვარდნა გარკვეულწილად მეთოდოლოგიურმა ცვლილებებმაც გამოიწვია.

საქართველო ინფრასტრუქტურის რეიტინგში, პოზიცია წლების მიხედვით

წყარო: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, 2019 წლის ანგარიში

ინფრასტრუქტურის დონის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მაღალი ქულა – 100 – ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობაში აქვს. ასევე მაღალი ქულა (97.1) აქვს ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხში და სასმელი წყლისადმი ხელმისაწვდომობაში (92.1 ქულა). სატრანსპორტო ინფრასტრუქტურიდან ყველაზე მაღალი ქულა საქართველოს საგზაო ქსელში აქვს – 77.1.

ყველაზე დაბალი ქულა  – 100-დან 6.7, საქართველოს დიდი გემების მიღების შესაძლებლობაში აქვს. 40.6 ქულა აქვს აეროპორტებში, 45.9 საზღვაო პორტების მომსახურებაში, 46.2 რკინიგზის სიმჭიდროვეში, 46.6 საავტომობილო გზების ხარისხში და 48.9 სარკინიგზო მომსახურების ხარისხში.

ინფრასტრუქტურის დონით ლიდერი ქვეყნები

ინფრასტრუქტურის დონით რეიტინგში პირველ ადგილზე სინგაპურია, რომელსაც მაქსიმალური 100 ქულიდან 95.4 ქულა აქვს. რკინიგზის სიმჭიდროვეში და დიდი გემების მიღებაში სინგაპურს 100-დან 100 ქულა აქვს. მეორე ადგილზე ნიდერლანდებია 94.3 ქულით, ხოლო მესამეზე ჰონგ-კონგია 94 ქულით.

ინფრასტრუქტურის რეიტინგში საქართველოსთან ყველაზე ახლოს ტაილანდი, ინდონეზია, იორდანია და ჩრდილოეთი მაკედონია არიან.

საქართველოს გეოგრაფიული მეზობლებიდან აზერბაიჯანი 38-ე ადგილზეა, თურქეთი – 49-ზე, რუსეთი – 50-ზე, სომხეთი კი მე-60-ზე. ოთხივე ქვეყანა საქართველოზე მაღალ პოზიციაზეა.

რეიტინგში ბოლო, 141-ე ადგილს – 26.9 ქულით ჰაიტი იკავებს. 140-ე ადგილზე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაა, ხოლო 139-ზე ჩადია.

ყველაზე გამართული ინფრასტრუქტურის მქონე 10 ქვეყანა

 

ქვეყანა

ქულა

1

სინგაპური

95.4

2

ნიდერლანდები

94.3

3

ჰონგ-კონგი

94.0

4

შვეიცარია

93.2

5

იაპონია

93.2

6

სამხრეთი კორეა

92.1

7

ესპანეთი

90.3

8

გერმანია

90.2

9

საფრანგეთი

89.7

10

ავსტრია

89.0

წყარო: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, 2019 წლის ანგარიში

გააზიარე