Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

უსაფრთხოების დონით საქართველო მსოფლიოში 27-ე ადგილზეა

Forbes-WEB-151207

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში შემავალი ერთ-ერთი კომპონენტით – უსაფრთხოების დონით საქართველო 27-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ მომზადებული გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით დგება. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში ბიზნესისა და ეკონომიკური გარემოს განვითარებას უწყობს ხელს. ეკონომიკური ფორუმი კონკურენტუნარიანობის ინდექსს 2004 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს. გამონაკლისია 2020-2021 წლები, რადგან პანდემიის გამო რეიტინგი არ განახლდა. შესაბამისად, ახლა მოქმედი რეიტინგი რეალურად 2019 წლის რეიტინგია.

ეკონომიკური ფორუმის განმარტებით, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა გამოიხატება ინსტიტუტების განვითარებაში, მთავრობის პოლიტიკასა და ბუნებრივ ფაქტორებში, რომლებიც განაპირობებენ ქვეყნის პროდუქტიულობის დონეს. რეიტინგში ცალკე არის გამოყოფილი უსაფრთხოების დონე, რომელიც კრიმინალისა და მკვლელობების დონეს, ტერორისტულ საფრთხეს და პოლიციისადმი ნდობას მოიცავს. ეკონომიკური განვითარებისთვის უსაფრთხო გარემო მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

უსაფრთხოების კრიტერიუმების შესაფასებლად გამოყენებულია როგორც ქვეყნების ოფიციალური სტატისტიკა, ასევე მცირე, საშუალო და დიდ საწარმოთა გამოკითხვა. ბოლო რეიტინგი 141 ქვეყანას მოიცავს.

საქართველო გლობალური ინფრასტრუქტურის რეიტინგში

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო 74-ე ადგილზეა, ცალკე აღებულ უსაფრთხოების რეიტინგში კი 27-ე ადგილზეა 86.3 ქულით (მაქსიმალური 100 ქულიდან). 2018 წელს საქართველო უსაფრთხოების დონით 29-ე ადგილზე იყო, ანუ ბოლო ანგარიშის მიხედვით, მისი პოზიცია 2 ადგილით გაუმჯობესდა. თუმცა საქართველოს ქულა არ შეცვლილა, 2 ადგილით დაწინაურება სხვა ქვეყნების ქულების კლებამ განაპირობა. ყველაზე მაღალ პოზიციაზე, მე-16 ადგილზე საქართველო 2015 წელს იყო. 2016-2017 წლებში საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად გაუარესდა, 37-ე ადგილზე ჩამოვიდა. 2018-2019 წლებში კი მისი რეიტინგი გაუმჯობესდა.

საქართველო უსაფრთხოების რეიტინგში, პოზიცია წლების მიხედვით

წყარო: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, 2019 წლის ანგარიში

უსაფრთხოების დონის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მაღალი ქულა – 99.7 ტერორიზმის საფრთხეში აქვს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში ტერორისტული აქტების ალბათობა ძალიან დაბალია. მკვლელობების დონით საქართველოს 98.3 ქულა აქვს, ყოველ 100,000 მცხოვრებზე წელიწადში საშუალოდ ერთი მკვლელობა ხდება. ორგანიზებულ დანაშაულში საქართველოს 76.6 ქულა აქვს, რაც დანაშაულის დაბალ დონეს ნიშნავს. ყველაზე დაბალი ქულა და, შესაბამისად, ცუდი მდგომარეობა საქართველოს პოლიციისადმი ნდობაში აქვს – 70.7 ქულა.

ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები

უსაფრთხოების დონით რეიტინგში პირველ ადგილზე ფინეთია, რომელსაც მაქსიმალური 100 ქულიდან 97.3 ქულა აქვს. ფინეთს 95 ქულაზე ნაკლები უსაფრთხოების შეფასების არც ერთ კრიტერიუმში არა აქვს. მეორე ადგილზე სინგაპურია 96.1 ქულით, ხოლო მესამეზე ისლანდიაა 95.4 ქულით.

უსაფრთხოების რეიტინგში საქართველოსთან ყველაზე ახლოს კანადა, ჩეხეთი და ბელგია არიან.

საქართველოს გეოგრაფიული მეზობლებიდან აზერბაიჯანი 22-ე ადგილზეა, სომხეთი 36-ზე, რუსეთი 99-ზე, თურქეთი კი 119-ზე. საქართველოზე უკეთესი სიტუაცია მხოლოდ აზერბაიჯანშია.

რეიტინგში ბოლო, 141-ე ადგილს – 33.2 ქულით ვენესუელა იკავებს. ვენესუელაში 100,000 მცხოვრებზე მკლელობების დონე 56-ია. 140-ე ადგილზე ელ-სალვადორია, ხოლო 139-ეზე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაა.

ყველაზე უსაფრთხო 10 ქვეყანა

 

ქვეყანა

ქულა

1

ფინეთი

97.3

2

სინგაპური

96.1

3

ისლანდია

95.4

4

ბაჰრეინი

95.1

5

შვეიცარია

93.8

6

ომანი

92.9

7

არაბთა გაერთ. საამიროები

92.8

8

ახალი ზელანდია

92.6

9

ჰონგ-კონგი

92.3

10

იაპონია

92.3

წყარო: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, 2019 წლის ანგარიში

გააზიარე