გეგა თიბისი ჯგუფის დირექტორთა საბჭოს მხარდაჭერის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს ჯგუფის კორპორაციულ მართვას. ასევე არის London School of Economic-ის კურსდამთავრებული და სამართლის დოქტორი

კორპორაციული მართვა - რას ემსახურება თანამედროვე კორპორაციული მართვის სტანდარტები?

Forbes-WEB-24011107

Enron-ი, WorldCom-ი, Lehman Brothers-ი – ეს უახლესი ათწლეულების ყველაზე ცნობილი მართვის სკანდალების რამდენიმე მაგალითია, რომელთაც  კორპორაციული მართვის კრახი აერთიანებთ, რადგან ამ კომპანიების უმაღლესმა მენეჯმენტმა ვერ უზრუნველყო საკუთარი ვალდებულებების დარღვევის თავიდან აცილება.

კომპანიის კრახი; კაპიტალის ხელმისაწვდომობის შემცირება; რეპუტაციული პრობლემები; ინფორმაციის საჯაროობის გამკაცრებული მოთხოვნები და უმაღლესი მენეჯმენტის ანაზღაურების სტრუქტურის მკაცრი კონტროლი არის შედეგები, რომლებთანაც, როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითები გვიჩვენებს, კორპორაციული მართვის პრობლემებს მივყავართ. ცალკე აღნიშვნას  იმსახურებს ახალი რეგულაციები, რასაც თან სდევს გადაჭარბებული მოთხოვნები რეგულატორების მხრიდან. მაგალითად, Sarbanes-Oxley Act-ი, რაც იყო პასუხი Enron-ის კორპორაციული მართვის კრახზე.

კარგი კორპორაციული მართვის კულტურა არ არის უნივერსალური და დამოკიდებულია კომპანიის თავისებურებებზე, რაც შემდგომ გამოქვეყნებულ სხვა ტექსტებში დეტალურად იქნება განხილული, ქვემოთ მოყვანილი ტექსტი კი წარმოადგენს შესავალს კორპორაციული მართვის საკითხებში და აერთიანებს კორპორაციული მართვის ზოგად საფუძვლებს.

რა არის კორპორაციული მართვა?

კორპორაციული მართვა არის სისტემა, რომლითაც კომპანია იმართება და კონტროლდება. აღნიშნული ყველაზე ფართოდ გავრცელებული დეფინიცია შემოღებულია ბრიტანელების მიერ 1992 წელს, Cadbury Report-ის სახელით ცნობილ დოკუმენტში. თავის მხრივ, აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენდა კორპორაციული მართვის ცალკეული საკითხების მოწესრიგების ერთ-ერთ პირველ სისტემურ მცდელობას.

უფრო ვრცლად – კორპორაციული მართვა არის ურთიერთობის ერთობლიობა კომპანიის მენეჯმენტს, სამეთვალყურეო საბჭოს, აქციონერებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის; კორპორაციული მართვა ასევე ქმნის სტრუქტურას, რომლის მეშვეობითაც განისაზღვრება კომპანიის მიზნები, ამ მიზნების მიღწევის საშუალებები და ხდება ამ მიზნების მიღწევის ზედამხედველობა.

დამატებით, დღეისათვის, კორპორაციულ მართვაში ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ღიაობა, ანგარიშვალდებულება, კორპორაციული კულტურა, ეთიკა და კორპორაციული ღირებულებები. უნდა ითქვას, რომ აღნიშნულს განსაკუთრებით ახალისებენ თანამედროვე რეგულატორები რეგულირებად ფინანსურ ინსტიტუტებთან მიმართებით.

რას ეფუძნება კორპორაციული მართვა?

კორპორაციული მართვა ეფუძნება კომპანიის მფლობელებისა და მენეჯერების ინტერესებს შორის სინერგიის მიღწევის აუცილებლობას. ერთი შეხედვით დაუჯერებლად ჟღერს, თუმცა კომპანიის დირექტორებისა და აქციონერების ინტერესები ხშირად ერთმანეთის საპირისპიროა. მაგალითად:

  • მორალური რისკი: მენეჯმენტი ცდილობს საზოგადოების ხარჯზე პირადი სარგებლის მიღებას მაშინაც, თუ ეს აქციონერის ინტერესს ეწინააღმდეგება.
  • ძალისხმევის დონე: მენეჯმენტი კომპანიას არ აღიქვამს, როგორც თავის საკუთარს, რაც ამცირებს მისი ძალისხმევის ხარისხს.
  • მოგების რეინვესტირება: ვინაიდან მანეჯერების ანაზღაურება ხშირად კომპანიის ზომის პირდაპირპროპორციულია, მენეჯმენტი ორიენტირებულია კომპანიის კაპიტალის, მისი მოცულობის ზრდაზე მოგების რეინვესტირებით. საპირისპიროდ, აქციონერის მოლოდინი მოგების დივიდენდის სახით განაწილებაა.
  • დროის ჰორიზონტი: მენეჯმენტი ორიენტირებულია კომპანიის წარმატებაზე დღეს. სწორედ დღევანდელი ფინანსური წარმატება განაპირობებს მათი პოზიციის სტაბილურობას და მისაღებ ანაზღაურებას (ბონუსს). საპირისპიროდ, ხშირად აქციონერის ინტერესი კომპანიის გრძელვადიანი წარმატებაა.

შესაბამისად, კორპორაციული მართვის სისტემა სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით ცდილობს, ერთმანეთს დაუკავშიროს ეს ორი, ხშირად არათანხვდენილი ინტერესი.

ვის ეკუთვნის სააქციო საზოგადოებავის ინტერესებს უნდა ემსახუროს მენეჯმენტი?

ერთი შეხედვით, ამ კითხვაზე პასუხი ცალსახაა – აქციონერებს. თუმცა თანამედროვე კორპორაციულ მართვაში სულ უფრო აქტუალური ხდება სხვა დაკავშირებული მხარეების ინტერესების გათვალისწინება. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში (რომელიც საუკეთესო კორპორაციული მართვის ნიმუშად მიიჩნევა), საკანონმდებლო დონეზე მოითხოვება, დირექტორებმა გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელონ აქციონერების ინტერესებით და ამავდროულად გაითვალისწინონ როგორც გადაწყვეტილების გრძელვადიანი შედეგები, ისე ყველა დაკავშირებული მხარის (მაგალითად: დასაქმებულები, მომხმარებლები, მომწოდებლები) ინტერესები.

კარგი კორპორაციული მართვის 4 ძირითადი პრინციპი

პასუხისმგებლობა: იმ პირებს, რომლებიც კორპორაციული მართვის პროცესში მონაწილეობენ (აქციონერები, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, დირექტორები), პასუხისმგებლობა ეკისრებათ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. აღნიშნული პასუხისმგებლობის ფარგლებში, მათ აქვთ ვალდებულება, საკუთარი უფლებამოსილებები განახორციელონ კეთილსინდისიერად და გულმოდგინედ.

ანგარიშვალდებულება: აღნიშნული ავალდებულებს კორპორაციული მართვის მონაწილეებს, იყვნენ ანგარიშვალდებულნი მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე. ისინი ვალდებულნი არიან, უფლებამოსილ პირებს მიაწოდონ ამომწურავი და სწორი ინფორმაცია განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

ღიაობა: აღნიშნული წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს იარაღს „გარე“ პირებისთვის, ინფორმირებულები იყვნენ კომპანიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას. ამის მიღწევის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი გაზრდილი თანამედროვე რეპორტინგის სტანდარტებია.

სამართლიანობა: აღნიშნული პრინციპი გულისხმობს კომპანიის ვალდებულებას, სამართლიანად მოეპყრას მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირს.

შეჯამება – რაში დაგვეხმარება კარგი კორპორაციული მართვა?

კარგი კორპორაციული მართვა უზრუნველყოფს კომპანიის მართვაში ჩართული დირექტორების, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და აქციონერების ინტერესების ერთმანეთთან დაკავშირებას საერთო მიზნის – კომპანიის წარმატების მისაღწევად. კარგი კორპორაციული მართვით მიიღწევა დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების ის საუკეთესო ბალანსი, რომელიც მინუმამდე ამცირებს ჩართული პირების თვითნებურ, პირადი ინტერესებით ნაკარნახებ ქცევასთან დაკავშირებულ არაერთ რისკს.

მთლიანობაში, კარგი კორპორაციული მართვის პრაქტიკა ზრდის ნდობას კომპანიის აქციონერებსა და მენეჯერებს შორის; ასევე, კომპანიები, რომელთა მენეჯმენტის ქცევა შეკავებულია ანგარიშვალდებულების კორპორაციული მართვის სხვადასხვა თანამედროვე ინსტრუმენტით, მიიჩნევა სანდო ბიზნესპარტნიორად მომწოდებლების, მომხმარებლებისა და კრედიტორებისათვის; ეფექტიანი კორპორაციული მართვის პრაქტიკა მინიმუმამდე ამცირებს სასამართლო დავების რისკსაც; ჯანსაღი კორპორაციული მართვა, ასევე, ზრდის უმაღლეს მენეჯმენტში საუკეთესო ტალანტების მოზიდვის და მათი შენარჩუნების შესაძლებლობებს.

გააზიარე