"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

მოგზაურობისა და ტურიზმის რეიტინგში საქართველო 44-ე ადგილზეა

ბესო2 (1)

მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 44-ე ადგილს იკავებს.

მეთოდოლოგია

მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების რეიტინგი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ მომზადებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდექსის მიხედვით დგება. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში ბიზნესის და ეკონომიკური გარემოს განვითარებას უწყობს ხელს.

მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსის გამოცემა მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2022 წლიდან დაიწყო. ეს არის ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსის სახეცვლილი ანგარიში, რომელიც 2009 წლიდან ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ქვეყნდებოდა. ბოლო რეიტინგი 2019 წელს გამოქვეყნდა და 2018-2019 წლების რეალობას ასახავდა. რეიტინგი 140 ქვეყანას მოიცავდა.

მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსი 117 ქვეყანას მოიცავს და განსხვავებული მეთოდოლოგია აქვს. ამიტომ მის წინამორბედში არსებული ქვეყნების პოზიცია ახლანდელთან ვერ შედარდება.

ახალი ინდექსი 5 სფეროზე დაკვირვებით დგება, რომლებიც შეფასების სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს, ესენია:

  1. გარემო: ბიზნესგარემო, უსაფრთხოება და დაცვა, ჯანმრთელობა და ჰიგიენა, ჰუმანური რესურსები და შრომის ბაზარი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
  2. მოგზაურობისა და ტურიზმის პოლიტიკა: მოგზაურობისა და ტურიზმის პრიორიტეტულობა, საერთაშორისო გახსნილობა, კონკურენტული ფასები;
  3. ინფრასტრუქტურა: აეროპორტები, პორტები და სახმელეთო ტრანსპორტი, ტურისტული მომსახურების ინფრასტრუქტურა;
  4. ბუნებრივი და კულტურული რესურსები: ნატურალური რესურსები, კულტურული რესურსები და ბიზნესმოგზაურობა.
  5. მოგზაურობისა და ტურიზმის მდგრადობა: გარემოსდაცვითი მდგრადობა, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

აღნიშნული კომპონენტების შესწავლა 112 ინდიკატორით ხდება, რომელთა წყარო ქვეყნების სტატისტიკურ მონაცემებზე დაკვირვება და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გამოკითხვაა. საბოლოდ, ქვეყნებს 0-დან 7 ქულამდე ენიჭებათ. რაც მეტია ქულა, ნიშნავს, რომ ქვეყანაში ტურიზმის სფერო მით მეტად განვითარებულია.

საქართველო მოგზაურობისა და ტურიზმის ინდექსში

მოგზაურობისა და ტურიზმის ინდექსის რეიტინგში საქართველო 4.3 ქულით (მაქსიმალურია 7 ქულა) 44-ე ადგილზეა 117 ქვეყანას შორის. 2019 წელს, როდესაც ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსი გამოდიოდა, საქართველო 68-ე ადგილზე იყო, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, მეთოდოლოგიის ცვლილების გამო, გასულ პოზიციასთან შედარებით წინსვლა, შესაძლოა, მხოლოდ ფაქტორების გაუმჯობესებით არ იყოს გამოწვეული.

ინდექსში შემავალი შეფასების ინდიკატორების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მაღალი ქულა -6 უსაფრთხოებასა და კონკურენტულ ფასებში აქვს. 5.4 ქულა აქვს ჯანდაცვა-ჰიგიენაში და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში.

საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა – 1.7 ბიზნესმოგზაურობაში აქვს. ასევე დაბალი ქულა, 1.9, აქვს ბუნებრივ რესურსებში. 3 აქვს აეროპორტების ინფრასტრუქტურაში.

კრიტერიუმების მიხედვით საქართველო ყველაზე მაღალ პოზიციაზე – მე-5 ადგილზე – მოგზაურობისა და ტურიზმის პოლიტიკაშია, რომელიც მოგზაურობისა და ტურიზმის პრიორიტეტულობას, საერთაშორისო გახსნილობას და კონკურენტულ ფასებს მოიცავს. ყველაზე დაბალ პოზიციაზე – 86-ე ადგილზე – ბუნებრივი და კულტურული რესურსების კომპონენტშია.

მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარებით მოწინავე ქვეყნები

მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების რეიტინგში პირველ სამ ადგილზე 5.2 ქულით იაპონია, აშშ და ესპანეთია. იაპონიას ყველაზე მაღალი ქულა – 6.4 კულტურულ რესურსებში აქვს, აშშ-ს ბიზნესმოგზაურობაში აქვს (6.4), ესპანეთს კულტურულ რესურსებში აქვს (6.5).

საქართველოს მეზობლებიდან ყველაზე მაღალ პოზიციაზე თურქეთია – 45-ე ადგილზე 4.2 ქულით. სომხეთსა და აზერბაიჯანს თანაბარი – 4.0 ქულა აქვთ და 61-ე და 63-ე ადგილს იკავებენ. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რუსეთი რეიტინგში შეტანილი არ არის.

რეიტინგში ბოლო, 117-ე ადგილს – 2.4 ქულით ჩადი იკავებს. 118-ე ადგილზე იემენია 2.6 ქულით, ხოლო 119-ზე მალია 2.7 ქულით.

მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსის ტოპ-10 ქვეყანა

 ქვეყანაქულა
1იაპონია5.2
2აშშ5.2
3ესპანეთი5.2
4საფრანგეთი5.1
5გერმანია5.1
6შვეიცარია5.0
7ავსტრალია5.0
8გაერთიანებული სამეფო5.0
9სინგაპური5.0
10იტალია4.9

წყარო: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა