"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

რა მოხდება 2023-ში?

buka2

დიდი იმედი მაქვს, რომ ამა წლის ბოლოს, შემაჯამებელ სტატიაში ვიმსჯელებთ რუსეთის დაშლა/არმოშლის, უკრაინის აღდგენისთვის რეპარაციების და მსოფლიოს წინაშე დამნაშავე პუტინის რეჟიმის სასამართლო პროცესზე! იმედის გარდა, რწმენაც მაქვს, რომ ეს აუცილებლად ასე იქნება, უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ამა წლის ბოლოს მოხდება  ეს ყველაფერი!

გადაწყვეტილებები, რომელთაც გასული წლის ბოლოდან და მიმდინარე წლის დასაწყისიდან იღებს საერთაშორისო თანამეგობრობა, აშკარად მიანიშნებს, რომ ჭირვეულად, დაგვიანებულად, მაგრამ მაინც ბოლოს და ბოლოს კოლექტიურმა დასავლეთმა: 1) ირწმუნა, რომ უკრაინას ძალუძს გამარჯვება და 2) შეიძლება რუსული „საყვირის“ გარეშე ცხოვრება! ცხადია, საყვირში ბევრი რამ იგულისხმება, თუმცა პირველ რიგში ეს  ენერგონემსია, რომლიდანაც შედარებით უმტკივნეულოდ ყოფილა შესაძლებელი მოხსნა. თუმცა უმთავრესი მაინც იმ მითის დამსხვრევა იყო, რომ რუსეთს მსოფლიოში სიძლიერით მეორე არმია ჰყავს! „დიდება“ და „მადლობა“უსაზღვრო, ღრმა და ყოვლისმომცველ კორუფციას რუსეთში; ყველა სფეროში, მაგრამ განსაკუთრებით სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში და შეიარაღებისთვის განკუთვნილი მილიარდიანი ბიუჯეტის წლების მანძილზე „ღირსეულად ათვისების“ კუთხით!

არასდროს მჯეროდა, როდესაც რუსეთზე საუბრისას ჩვენი მეგობარი ქვეყნების ლიდერები საუბრობდნენ, ყველაფერი გვესმის, მაგრამ ბირთვული ჩემოდნის კოდი და ეგრეთ წოდებული ღილაკი არაპროგნოზირებადი ხალხის ხელშია და ყველაფერი შეიძლება მოხდესო! ახლაც ასე ვფიქრობ: ყველამ, მათ შორის რუსეთში, ძალიან კარგად იცის, რა შეიძლება მოჰყვეს არათუ პირობითად ღილაკზე დაჭერას, არამედ გადაწყვეტილების მიღებასაც კი! ამ შემთხვევაში, არ შეიძლება, არ დავაფასოთ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერის, პრეზიდენტ სი ძინ პინის ღიად გამოხატული პოზიცია დედამიწის ნებისმიერ კუთხეში, უფრო კონკრეტულად კი უკრაინაში ნებისმიერი სიმძლავრის ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის კატეგორიულ მიუღებლობასთან დაკავშირებით! ცხადია, ამან არ უნდა აქციოს მსოფლიო არც ჩინეთის და, მით უმეტეს, არც რუსეთის ლიდერების მძევლად, მაგრამ ეს პოზიცია გლობალურად მნიშვნელოვანი იყო; მნიშვნელოვანი იყო, პირველ რიგში, კოლექტიური დასავლეთისთვის! უკრაინელი ხალხი ჩამოყალიბებულია – ვიდრე ბოლო რუსი სამხედრო არ გავა სრულიად უკრაინის ტერიტორიიდან, ომი დასრულებულად არ ჩაითვლება! უკრაინის ხელისუფლებაში ზაფხულის ბოლოს ყირიმის გათავისუფლებას და უკრაინის შემადგენლობაში მის დაბრუნებას წინასწარმეტყველებენ. სხვათა შორის, არა მხოლოდ უკრაინის ხელისუფლებაში – გავლენიანი დასავლელი გენერლები ასევე „ჯიუტად“ თვლიან, რომ ყირიმის გათავისუფლება არ არის ოცნება და არის სრულიად რეალური, კონკრეტულად განხორციელებადი სამხედრო-პოლიტიკური ამოცანა!

ხარკოვი დაიბრუნეს, ხერსონი დაიბრუნეს, 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების 50% დაიბრუნეს, მაგრამ მაინც ისმის სკეპტიკური ხმები – „ყირიმს არ დათმობს რუსეთი“; „ყირიმი უკვე წითელი ხაზია“. რა მაგის პასუხია და ამას წინათ რუსეთის ბელგოროდის ოლქის მცხოვრებმა მიმართა პუტინს, ჩვენ არც მარიუპოლი ვართ და არც ბახმუტი, რუსეთის ტერიტორიაზე ვცხოვრობთ და დაგვიცავითო J. რა მოხდება, თუკი მართლაც ზაფხულის ბოლოს „სტრატეგიული უკანდახევის“, „კეთილი ნების“ გამოვლენის პირობებში უკრაინის ჯარი ყირიმშიც შევა, ზაპოროჟიეს ოლქსაც გაათავისუფლებს და დონეცკ/ლუჰანსკის მნიშვნელოვან ნაწილსაც? არ დაგავიწყდეთ, რომ პარალელურად რუსეთის ეკონომიკა ნელა, მაგრამ მყარად იწყებს რყევას დაწესებული სანქციების გამო. არა, ვარდისფერი სათვალით არ ვუყურებთ რუსეთს და უახლოეს თვეებში პოზიტიური აპოკალიფსური სცენარის განვითარებას არ ველით.   მე თუ მკითხავთ, რუსეთის დემოკრატიად ქცევის მოლოდინი საერთოდაც არ მაქვს, ყოველ შემთხვევაში არსებული ფორმაციით და გულის სიღრმეში მბჟუტავი მოლოდინი მაქვს, რომ რუსეთი მართლა დაიშლება და ნაკლები მასშტაბის საფრთხე გახდება დედამიწისთვის. და მაინც, მიხარია, რომ დასავლეთის ექსპერტულ და პოლიტიკურ წრეებში ღიად დაიწყეს მსჯელობა სცენარებზე, რომელთა შორის ერთ-ერთი რუსეთის დაშლაა! ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ პირველ რიგებში ვიყავი კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად, ვინც განვითარების ამ სცენარს ხმამაღლა განიხილავდა ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან.

თუმცა მანამდე უკრაინაში უნდა გამოჩნდეს დასავლური მძიმე ტექნიკა, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, დასავლეთში მოდერნიზებული ავიაცია და ასე შემდეგ! ამერიკული „ბრედლი“ მოდის, გერმანული „მარდერი“ მოდის, ბრიტანული „ჩელენჯერი“ მოდის და გერმანული „ლეოპარდიც“ წამოვა – ასე, და მხოლოდ ასე დამარცხდება ბოროტების იმპერია! დიახ, დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა სანქციის სრულფასოვნად ამოქმედებას, განსაკუთრებით – ენერგეტიკისა და მანქანათმშენებლობის სფეროებში. რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება უნდა დასრულდეს. პრეცედენტი შეიქმნა – არ მეგონა, თუ მოვესწრებოდი ვიდეოგრაფიკას, როგორ დადის გერმანული ეკონომიკის დამოკიდებულება რუსულ ენერგომატარებლებზე ნულამდე! ჰალელუია! შესაძლებელი ყოფილა! რუსეთი ამ წუთის მდგომარეობით ყოველდღიურად კარგავს 170 მილიონ ევროს, ხოლო 5 თებერვლის შემდეგ, როდესაც ემბარგო ნავთობპროდუქტებზეც სრულად ამოქმედდება, 320 მილიონ ევროს დაკარგავს! რუსული თვითმფრინავები ვეღარ დაფრინავს, რუსეთის „სიამაყე“ „მოსკვიჩი“ რეალურად ჩინეთში კომპლექტდება და რუსეთში აეწყობა – კარგის ნიშანია, ბატონებო, ეს, მხოლოდ კარგის!

დავუბრუნდეთ ისევ ჩინეთს – ყოველთვის ფრთხილს, გონიერს და შორსმხედველს! ძალიან ბევრ კითხვაზე გაეცა პასუხი ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის – კოლექტიური დასავლეთი არც ხუმრობს და არც „კოჭლობს“! დიახ, ქამრებსაც შემოიჭერს, ლიფტის მაგივრად ფეხით ავა მე-X სართულზე, ნაკლებს „იშოპინგებს“, მაგრამ ავტოკრატიის „აღლუმს“ არ დაუშვებს! არც ევროპაში, არც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და არც არსად! ჭკვიანი ხალხია ჩინეთში – გონიერი და შორსმჭვრეტელი, განსხვავებით კრემლის მმართველისგან!

პუტინს ალბათ ჯერ კიდევ ჰგონია, რომ ეს მაინც დროებითია. მოლოდინი ჰქონდა, რომ ამ ზამთარს გატყდებოდა დასავლეთი, მაგრამ კლიმატურმა ცვლილებებმაც კი მისი წლევანდელი ფსონი წაახდინა! მას მაინც იმედი აქვს, რომ რამდენიმე ზამთარს ლიბერალური დემოკრატია ვერ გაძლებს! მაინცდამაინც უსაფუძვლო არ არის მისი მოლოდინი და ამიტომაც საჭიროა, რომ 2023 წელს გადატყდეს ხერხემალში ბოროტების ღერძი! ირანი, სირია – რეჟიმები აქაც  ნერვიულობენ, რა დაემართება „დედა რუსეთს“! ვჩქარობ, ვაცნობო, რომ კარგი არაფერი!

ავღანეთში დაწყებული საქმე უკრაინაში უნდა დასრულდეს. ქაბულიდან გამოსული ბოლო საბჭოთა სამხედრო გენერალი გრომოვი იყო. მაშინ „შურავის“ (ავღანურად საბჭოთა ჯარისკაცი) მარცხს საბჭოთა კავშირის კოლაფსი და დაშლა მოჰყვა. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ვინ გაიყვანს მთელი უკრაინიდან 2023 წელს საოკუპაციო ჯარებს – გერასიმოვი, სუროვიკინი, მიშუსტინი თუ თუნდაც ექს შეფ-პოვარი პრიგოჟინი, მაგრამ ყველა გარემოება მიანიშნებს, რომ ეს აუცილებლად მოხდება. რუსეთში ალბათ მავანნი ფიქრობენ რუსეთის გადარჩენა/ერთიანობის შენარჩუნებაზე. შეიძლება ამას პირადად პუტინს არ უმხელენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ფიქრობენ. გასული წლის მონაცემებზე დაყრდნობით, რუსმა ოლიგარქებმა 96 მილიარდი დოლარი დაკარგეს. არცერთი მათგანი არც „აიფონის“ გამომგონებელი არ არის და არც ელექტრომანქანის. ყველა მათგანი კრიმინალურ-ჩეკისტური სისტემის ნაწილია. შესაბამისად, სისტემამ იზარალა რუსეთში. კიდევ უფრო მეტად იზარალებს წელს. ამას კი სისტემა დიდხანს ვერ გადაიტანს – ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ქარიზმატული ლიდერიდან უხერხულ ტვირთამდე – ასე დასრულდება მაჩო პუტინის მისია! შეიძლება გულუბრყვილო და გამოუსწორებელ ოპტიმისტად ჩამთვალოთ, მაგრამ სწორედ 2023 წელს გადაწყდება უკრაინის, მასთან ერთად საქართველოს, უფრო ზოგადად კი ლიბერალური დემოკრატიის და დიქტატურა/ავტოკრატიის ბედ-იღბალიც; რატომღაც მჯერა, რომ ბრძოლა ლიბერალური დემოკრატიის სასარგებლოდ დასრულდება! უკრაინაში უკრაინის, საქართველოს, ევროპის და, თქვენ წარმოიდგინეთ, შორეული ტაივანის ბედიც წყდება! მჯერა და მწამს: დადებითად გადაწყდება!

გააზიარე