Forbes Georgia
როგორ გამდიდრდა „ტოიოტა“?

„ტოიოტას“ შემოსავლების მიხედვით მსოფლიოში მე-13 ადგილი უჭირავს, იაპონიაში კი პირველია. 2025 წელს მისმა შემოსავალმა 411 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ეს რიცხვი დაახლოებით 11-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოს მოსახლეობის ჯამური წლიური შემოსავალი. კომპანიის მოგებამ 45 მილიარდი დოლარი შეადგინა. მისი აქტივები 820 მილიარდი დოლარია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 313 მილიარდი დოლარი. კომპანიაში 389 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. „ტოიოტას“ ავტომობილების წლიური გამოშვების რაოდენობა 10 მლნ ცალზე მეტია და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. შემოსავლით მხოლოდ „ფოლკსვაგენს“ ჩამორჩება.
1924 წელს იაპონელმა გამომგონებელმა საკიჩი ტოიოდამ ახალი მოდელის ტექსტილის სართავი ავტომატური მანქანა შექმნა, რომელსაც შემდეგ ტოიოდა ეწოდა. 1929 წელს ავტომატური სართავი მანქანის პატენტი ინგლისურმა კომპანიამ „პლატ ბრაზერსმა“ შეიძინა 100 ათას გირვანქა სტერლინგად. აღნიშნული 100 ათასი გირვანქით ტოიოდების ოჯახმა ავტომობილების წარმოების დაწყება გადაწყვიტა. ასლი აიღეს ამერიკული ავტომობილიდან Chrysler Airflow-დან და 1936 წელს პირველი ავტომობილი Toyoda AA გამოუშვეს, რომელიც იაპონიაში პირველი მასობრივად წარმოებული მსუბუქი ავტომობილი გახდა.
კომპანიაში თავიდანვე იაპონელებისთვის დამახასიათებელი სტანდარტი დაინერგა, არ შეიძლებოდა თუნდაც ერთ მანქანას ჰქონოდა რაიმე წუნი.
1937 წელს კომპანიის მმართველი საკიჩი ტოიოდას შვილის, კიიჩირო ტოიოდას გადაწყვეტილებით, ავტომობილების წარმოება ცალკე კომპანიად გამოიყო, რომელსაც Toyota Motor Company ეწოდა. ამავე წელს მთავრობისგან შეკვეთა მიიღეს 3,000 ცალ სატვირთო ავტომობილზე, რაც ახალ კომპანიას ძალიან დაეხმარა. ზოგადად, 1930-იან წლებში იაპონიაში ავტომობილების წარმოება აქტიურად დაიწყო. ამავე პერიოდში შეიქმნა კომპანიები „დაიჰაცუ“ და „ნისანი“. 1938 წელს მთავრობისგან მიღებული ფულით „ტოიოტამ“ პირველი საავტომობილო ქარხანა გახსნა.
მეორე მსოფლიო ომის დროს კომპანია სამხედრო შეკვეთებზე მუშაობდა. ძირითადად სატვირთო ავტომობილებს უშვებდა, სანამ აშშ-მა მისი ქარხნები არ დაბომბა.
აშშ-ის მიერ იაპონიის ოკუპაციის პერიოდში „ტოიოტას“ ავტომობილების გამოშვება აეკრძალა, წარმოების განახლების უფლება 1949 წელს მისცეს და ამავე წელს „ტოიოტამ“ ტოკიოს საფონდო ბირჟაზე აქციები განათავსა და 21 მილიონი დოლარი მოიზიდა, რაც დღევანდელი ღირებულებით 300 მილიონ დოლარამდეა.
1950-იანი წლების დასაწყისიდან იაპონიის ეკონომიკის სწრაფი აღმავლობა დაიწყო, რაც „ტოიოტაზეც“ აისახა. ამავე პერიოდში კომპანიაში ინერგება იაპონელებისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი პრინციპი – „კაიძენის“ მეთოდი. „კაი“ ნიშნავს ცვლილებას, ხოლო „ძენ“ – სიბრძნეს. ჯამში, ეს ნიშნავს, რომ წარმოებაში სულ უნდა განხორციელდეს ჭკვიანური ცვლილებები. ამის შედეგები თვალსაჩინოა: 80-იანი წლებიდან „ტოიოტას“ სხვადასხვა სერიის ავტომობილები ლიდერობენ სხვადასხვა სეგმენტზე, ეს იქნება მცირელიტრაჟიანი ავტომობილები, მაღალი გამავლობის, თუ ჰიბრიდები.
ზოგადად, იაპონურმა საავტომობილო და ტექნიკის კომპანიებმა ბევრი რამ გადმოიღეს ამერიკული და ევროპული კომპანიებისგან, მაგრამ დასავლურმა კომპანიებმაც ბევრი რამ ისწავლეს იაპონელებისგან, განსაკუთრებით კი – მენეჯმენტის ნაწილში.
1950-იან წლებში შეიქმნა „ტოიოტას“ პოპულარული მოდელი Land Cruiser-ი. 1957 წელი კი ერთგვარი გარღვევა იყო, რადგან კომპანიამ ავტომობილების ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდვა დაიწყო. 1961 წლიდან კი მისი ავტომობილები უკვე ბევრ ქვეყანაში გადის გასაყიდად. 60-იან წლებში ყველაზე პოპულარული მოდელები გახდა Corona და Corolla.
1959 წელს იაპონიის ქალაქს კორომოს სახელი შეუცვალეს და ტოიოტა სიტი დაარქვეს, რადგან აქ არის განთავსებული კომპანიის სათავო ოფისი და რამდენიმე ქარხანა.
„ტოიოტამ“ 1970-იანი წლების სანავთობო კრიზისიც (ნავთობის ფასი 13-ჯერ გაიზარდა) კი შესაძლებლობად აქცია მცირელიტრაჟიანი ავტომობილების მასობრივი წარმოებით, რომელზეც მოთხოვნა სწრაფად გაიზარდა.
1982 წელს გამოდის Toyota Camry და ამ პერიოდისთვის კომპანია ავტომობილების სიდიდით მე-3 მწარმოებელი ხდება. 80-იან წლებში მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთი ახალი ბრენდის, Lexus-ის გამოშვება, რომელიც კომპანიის პირველი მაღალი კლასის ავტომობილი იყო. ის კონკურენციას უწევდა „კადილაკს“ და „მერსედესს“.
1990-იან წლებში კომპანია სხადასვა ქვეყანაში ხსნის „ტოიოტას“ პირველ სერვისცენტრებს, რაც ავტომობილების ექსპორტის ზრდას უწყობს ხელს.
1997 წელს „ტოიოტა“ იწყებს ჰიბრიდული ძრავით აღჭურვილი Prius-ის წარმოებას. 1998 წელს იყიდა საავტომობილო კომპანია „დაიჰაცუ“. 2002 წელს კი ფორმულა 1-ის რბოლაში ჩაერთო. 1999 წელს „ტოიოტამ“ აქციების გაყიდვა ამერიკის საფონდო ბირჟებზეც დაიწყო.
„ტოიოტამ“ მის ნომერ პირველ კონკურენტს, „ფოლკსვაგენს“, გაყიდული ავტომობილების რაოდენობით 2020 წელს გადაასწრო. ამავე წელს თანამშრომლობა დაიწყო ჩინურ BYD-სთან.
2021 წელს კომპანიამ სწრაფად დაიწყო ელექტრომობილების განვითარება, რისთვისაც 70 მილიარდი დოლარი გამოყო და მიზნად აქვს 2030 წლისთვის წლიურად 3.5 მლნ ელექტრომობილი გამოუშვას.
დღეს მსოფლიოს 33 ქვეყანაში „ტოიოტას“ 33 საავტომობილო ქარხანა და 22 ავტონაწილების ქარხანა აქვს, სადაც ადამიანებთან ერთად რობოტები არიან დასაქმებული. მისი მანქანები კი 170 ქვეყანაში იყიდება. ყველაზე მეტ მანქანას წლიურად (2.3 მლნ) აშშ-ში ყიდის, შემეგ მოდის ჩინეთი (1.8 მლნ) და იაპონია (1.4 მლნ). წარმოებით კი ყველაზე მეტს იაპონიაში აწარმოებს (3.1 მლნ), შემდგ მოდის ჩინეთი (1.5 მლნ) და აშშ (1.3 მლნ). „ტოიოტას“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარე კომპანიის დამფუძნებლის საკიჩი ტოიოდას შვილთაშვილი აკიო ტოიოდაა.
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
