ფოტო: apple.com
Apple-მა მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება დააანონსა: ტიმ კუკი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას დატოვებს და დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე გახდება, ხოლო ჯონ ტერნუსი ახალი CEO იქნება. ცვლილება ძალაში 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან შევა.
კომპანიის განცხადებით, გადაწყვეტილება დირექტორთა საბჭომ ერთხმად მიიღო და ის ხანგრძლივი მემკვიდრეობის დაგეგმვის პროცესის ნაწილია. ზაფხულის განმავლობაში კუკი კვლავ CEO-ის პოზიციაზე დარჩება და ტერნუსთან ერთად ტრანზიციის პროცესს უზრუნველყოფს. ახალი როლში ის კომპანიისთვის სტრატეგიულ საკითხებზე, მათ შორის გლობალურ პოლიტიკაზე იმუშავებს.
„ჩემთვის უდიდესი პრივილეგია იყო Apple-ის აღმასრულებელი დირექტორობა და ასეთი გამორჩეული კომპანიის ხელმძღვანელობის ნდობის მოპოვება. Apple-ი მთელი გულით მიყვარს და უზომოდ მადლიერი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, მემუშავა ასეთ ნიჭიერ, ინოვაციურ, კრეატიულ და გულწრფელად მზრუნველ გუნდთან, რომელიც ერთგულებით ცდილობდა მომხმარებლების ცხოვრების გაუმჯობესებას და მსოფლიოში საუკეთესო პროდუქტებისა და სერვისების შექმნას,“ – განაცხადა ტიმ კუკმა.
თავის მხრივ, ჯონ ტერნუსმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია კომპანიის მისიის გაგრძელება. მან გაიხსენა სტივ ჯობსთან მუშაობის პერიოდი და აღნიშნა, რომ ტიმ კუკი მისთვის მნიშვნელოვანი მენტორი იყო. ტერნუსის თქმით, Apple-ს დიდი შესაძლებლობები აქვს და ის კომპანიის მომავალს ოპტიმისტურად უყურებს.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო მონაწილეობა მიმეღო ისეთი პროდუქტებისა და გამოცდილებების შექმნაში, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეცვალა, როგორ ვურთიერთობთ სამყაროსთან და ერთმანეთთან. ოპტიმიზმით ვარ სავსე იმასთან დაკავშირებით, რას მივაღწევთ მომავალ წლებში, და მიხარია, რომ მსოფლიოში ყველაზე ნიჭიერი ადამიანები აქ, Apple-ში არიან და მზად არიან, გახდნენ რაღაც უფრო დიდის ნაწილი, ვიდრე თითოეული ჩვენგანია. დიდი პასუხისმგებლობით ვიღებ ამ როლს და გპირდებით, რომ ვიხელმძღვანელებ იმ ღირებულებებითა და ხედვით, რომლებიც ამ განსაკუთრებულ ადგილს უკვე ნახევარი საუკუნეა განსაზღვრავს,“ – განაცხადა ჯონ ტერნუსმა.
ამავე ცვლილებების ფარგლებში, არტურ ლევინსტონი, რომელიც ბოლო 15 წლის განმავლობაში კომპანიის არაღმასრულებელი თავმჯდომარე იყო, 1-ელი სექტემბრიდან წამყვანი დამოუკიდებელი დირექტორი გახდება, ხოლო ტერნუსი დირექტორთა საბჭოს წევრადაც აირჩევა.
ცნობისთვის, ტიმ კუკი Apple-ს 1998 წელს შეუერთდა და CEO-ის პოზიციას 2011 წლიდან იკავებს. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კომპანია მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ფინანსურად, ისე გლობალური მასშტაბით. ამ პერიოდში შექმნა ისეთი პროდუქტები და სერვისები, რომლებმაც ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.









