"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
საბანკო სესხის სიძვირით საქართველო მსოფლიოში 49-ე ადგილზეა
ბანკების მიერ გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთით საქართველო მსოფლიოში 49-ე ადგილზეა.
მეთოდოლოგია
საბანკო სესხების საშუალო პროცენტს ქვეყნების მიხედვით საერთაშორისო ორგანიზაციები და კვლევითი ცენტრები აქვეყნებენ. აღნიშნულ ბლოგში მოცემულია მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები. მიუხედავად იმისა, რომ ორი მსხვილი ორგანიზაციის მონაცემებია გაერთიანებული, ის მსოფლიოს ყველა ქვეყანას მაინც არ მოიცავს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს მონაცემები 2019 წლის ბოლოს არსებული სესხის საშუალო პროცენტია. თავად სესხის საშუალო პროცენტი არის ე.წ. შეწონილი საშუალო, ანუ მასში გათვალისწინებულია გაცემული სესხების მოცულობა დანიშნულებისა და ვადიანობის მიხედვით. რეალურად, პრაქტიკაში, გაცემული სესხების მინიმალური და მაქსიმალური სარგებლის განაკვეთი შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს საშუალო პროცენტისგან.
საქართველო საბანკო სესხი საპროცენტო განაკვეთის რეიტინგში
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის ბოლოს საქართველოში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 10.8% იყო და ამ მაჩვენებლით საქართველო რეიტინგში შემავალ 139 ქვეყანას შორის 49-ე ადგილს იკავებდა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო 48 ქვეყანაში, ხოლო დაბალი განაკვეთი – 90 ქვეყანაში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2011-2019 წლებში საქართველოში საპროცენტო განაკვეთებს შემცირების ტენდენცია ჰქონდა, 2011 წელს საშუალო განაკვეთი 15% იყო და თანდათანობით 10.8%-მდე შემცირდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციითაც, 2019 წლის ბოლო კვარტალში საქართველოში სესხის საშუალო განაკვეთი 10.8% იყო. მათ შორის, მოკლევადიან სესხებზე 13.6% იყო, ხოლო გრძელვადიან სესხებზე – 10.4%. საქართველოში საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელ ვალუტაშია სესხი გაცემული. 2019 წლის ბოლოს ლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 15.4% იყო, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულებზე – 7.1%.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის მეორე კვარტალშიც საშუალო განაკვეთი სესხზე 10.8% იყო. მათ შორის, ეროვნულ ვალუტაში გაცემულზე 15.4% და უცხოურ ვალუტაში – 6.7%.
სესხზე საპროცენტო განაკვეთით საქართველოსთან ყველაზე ახლოს შემდეგი ქვეყნები არიან: გაიანა – 10.5%, სოლომონის კუნძულები – 10.6%, შრი-ლანკა – 11.2%, ლესოტო – 11.3%.
საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი კომერციული ბანკების სესხებზე საქართველოში, პროცენტი
წყარო: მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი
ყველაზე მაღალი და დაბალი საპროცენტო განაკვეთების მქონე ქვეყნები
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2019 წლის ბოლოს სესხის საპროცენტო განაკვეთი ყველაზე მაღალი არგენტინაში იყო – წლიური 67.3%. ამ დროს არგენტინაში 54%-მდე წლიური ინფლაცია იყო და სესხის მაღალ პროცენტსაც ეს განაპირობებდა. შემდეგ მოდიოდა მადაგასკარი წლიური 49%-ით და ბრაზილია 37.5%-ით.
ყველაზე მაღალპროცენტიანი ქვეყნების ტოპ-10-ში მხოლოდ განვითარებადი ქვეყნები ხვდებიან.
ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის მქონე ქვეყნები, 2019 წელი
ქვეყანა | სესხის საპროცენტო განაკვეთი | |
1 | არგენტინა | 67.3% |
2 | მადაგასკარი | 49.0% |
3 | ბრაზილია | 37.5% |
4 | ვენესუელა | 34.0% |
5 | გამბია | 28.0% |
6 | კონგოს დემოკრატიული რესპ. | 26.7% |
7 | უზბეკეთი | 23.6% |
8 | ტაჯიკეთი | 23.5% |
9 | სიერა-ლეონე | 23.0% |
10 | უკრაინა | 19.8% |
წყარო: მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი
ყველაზე დაბალპროცენტიანი ქვეყნების ტოპ-10-ში მხოლოდ განვითარებული ქვეყნები არიან. 2019 წლის ბოლოს სესხის საპროცენტო განაკვეთი ყველაზე დაბალი გაერთიანებულ სამეფოში იყო – 1.1% წელიწადში. შემდეგ მოდის საფრანგეთი და იაპონია 1.4-1.4%-ით.
ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთის მქონე ქვეყნები, 2019 წელი
ქვეყანა | სესხის საპროცენტო განაკვეთი | |
1 | გაერთიანებული სამეფო | 1.1% |
2 | საფრანგეთი | 1.4% |
3 | იაპონია | 1.4% |
4 | ნიდერლანდები | 1.5% |
5 | ფინეთი | 1.6% |
6 | ავსტრია | 1.7% |
7 | უნგრეთი | 1.8% |
8 | გერმანია | 1.8% |
9 | შვედეთი | 1.8% |
10 | ბელგია | 2.0% |
წყარო: მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 25, 2024
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024