"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
საქართველო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში 14 ადგილით ჩამოქვეითდა
ჰერიტიჯის ეკონომიკური თავისუფლების განახლებულ რეიტინგში საქართველო 26-ე ადგილზეა.
მეთოდოლოგია
ქვეყნების ეკონომიკურ თავისუფლებას ორი ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაცია იკვლევს. ესენი არიან ფრეიზერის ინსტიტუტი და „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი“. კვლევებზე დაყრდნობით, ისინი ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგს ადგენენ. „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ რეიტინგი რამდენიმე დღის წინ განახლდა.
„ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი“ აშშ-ში დაფუძნებული კვლევითი ცენტრია, რომელიც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს 1995 წლიდან აქვეყნებს. 2022 წელს გამოქვეყნებული ინდექსი ძირითადად 2020-2021 წლების მდგომარეობას ასახავს.
ეკონომიკური თავისუფლების დონე 4 ჯგუფად განაწილებულ 12 კრიტერიუმზე დაკვირვებით განისაზღვრება, ესენია: 1. კანონის უზენაესობა (საკუთრების უფლება, სასამართლოს ეფექტიანობა, კორუფციის დონე), 2. მთავრობის ზომა (საგადასახადო ტვირთი, მთავრობის ხარჯები, ფისკალური სტაბილურობა), 3. რეგულაციების ეფექტიანობა (ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება), 4. ღია ბაზრები (საგარეო ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტირების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება).
ინფორმაციის წყარო სხვადასხვა კვლევა და ქვეყნების სტატისტიკური მონაცემებია. ცალკეული კრიტერიუმი მაქსიმუმ 100 ქულით ფასდება და ქვეყნის საბოლოო ქულა 0-დან 100-მდე მერყეობს. საბოლოო ქულების მიხედვით ქვეყნები 5 ჯგუფში ნაწილდებიან: 1. 80-100 ქულა – თავისუფალი ქვეყნები. ასეთი მხოლოდ 7 ქვეყანაა; 2. 70-79.9 ქულა – მეტწილად თავისუფალი ქვეყნები. ასეთი 27 ქვეყანაა; 3. 60-69.9 – ზომიერად თავისუფალი ქვეყნები. ასეთი 54 ქვეყანაა; 4. 50-59.9 ქულა – მეტწილად არათავისუფალი ქვეყნები. ასეთი 57 ქვეყანაა და 5. 0-49.9 ქულა – რეპრესირებული ქვეყნები. ასეთი 32 ქვეყანაა.
საქართველო ჰერიტიჯის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში
16 თებერვალს გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ჰერიტიჯის ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიო რეიტინგში 26-ე ადგილზეა 71.8 ქულით (100 ქულიდან). ბოლო წელს საქართველოს ქულა 5.4 პუნქტით შემცირდა, რაც მნიშვნელოვანი ვარდნაა.
საქართველოს ქულები კრიტერიუმების თითქმის უმეტესობაში შემცირდა, მხოლოდ თავისუფალ ვაჭრობაში გაიზარდა, საგადასახადო ტვირთში, საინვესტიციო და ფინანსურ თავისუფლებაში კი იგივე დარჩა.
ყველაზე მეტად, 27.8 პუნქტით, საქართველოს ქულა ფისკალურ სტაბილურობაში შემცირდა, რაც პანდემიის გამო გაზრდილმა ბიუჯეტის ხარჯებმა, ბიუჯეტის დეფიციტმა და სახელმწიფო ვალმა განაპირობა.
14.8 პუნქტით გაუარესდა შრომის თავისუფლების მიმართულება, რაც ამ მიმართულებით რეგულაციების გამკაცრებამ განაპირობა. 10.8 პუნქტით გაუარესდა ბიზნესის თავისუფლების ქულა, რაც ასევე რეგულაციების გამკაცრებას უკავშირდება.
კანონის უზენაესობის ნაწილში საკუთრების დაცვის ქულა 3.1-ით შემცირდა, სასამართლოს ეფექტიანობის – 2.9-ით, ხოლო კორუფციის – 0.2-ით (ანუ კორუფციის დონე გაიზარდა).
ამჟამად საქართველოს ყველაზე დაბალი ქულები კანონის უზენაესობის ნაწილში აქვს: სასამართლოს ეფექტიანობაში – 56.4 ქულა (100-დან), საკუთრების დაცვაში – 63.8 და კორუფციის დონეში – 64.4.
ყველაზე მაღალი ქულა – 89.1 საქართველოს საგადასახადო ტვირთის სიმსუბუქეში აქვს. შემდეგ მოდის საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება 86.6 ქულით და ინვესტირების თავისუფლება 80.0 ქულით.
რეიტინგში საქართველო ყველაზე მაღალ პოზიციას – მე-7 ადგილს 2017 წელს იკავებდა. 26-ე ადგილზე ქვემოთ კი ბოლოს 2011 წელს იყო.
საქართველოს პოზიცია ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში
ქვეყნები, სადაც ეკონომიკური თავისუფლების დონე ყველაზე მაღალია
ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში პირველ ადგილზე სინგაპურია 84.4 ქულით, რომლის ქულა ბოლო წელს 5.3-ით შემცირდა, მაგრამ მაინც პირველი ადგილი შეინარჩუნა. მეორეზე შვეიცარიაა 84.2 ქულით. პირველ შვიდეულში, ანუ თავისუფალ ქვეყნებში, ხვდებიან ასევე ირლანდია, ახალი ზელანდია, ლუქსემბურგი, ტაივანი და ესტონეთი.
გეოგრაფიულად საქართველოს მეზობელი ქვეყნები რეიტინგში შემდეგ პოზიციებს იკავებენ: სომხეთი 58-ე ადგილი, აზერბაიჯანი 75-ე ადგილი, თურქეთი 107-ე ადგილი და რუსეთი 113-ე ადგილი.
რეიტინგში ბოლო ადგილზე ჩრდილოეთი კორეაა 3 ქულით, ანუ ამ ქვეყანაში ეკონომიკა ყველაზე არათავისუფალია. ბოლოდან მეორეზე ვენესუელაა 24.8 ქულით, ხოლო ბოლოდან მესამეზე კუბაა 29.5 ქულით.
ტოპ-10 ქვეყანა ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით
ქვეყანა | ქულა | |
1 | სინგაპური | 84.4 |
2 | შვეიცარია | 84.2 |
3 | ირლანდია | 82.0 |
4 | ახალი ზელანდია | 80.6 |
5 | ლუქსემბურგი | 80.6 |
6 | ტაივანი | 80.1 |
7 | ესტონეთი | 80.0 |
8 | ნიდერლანდები | 79.5 |
9 | ფინეთი | 78.3 |
10 | დანია | 78.0 |
წყარო: The Heritage Foundation
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 25, 2024
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024