Forbes Georgia

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

საქართველო ექსპორტზე დამოკიდებულებით მსოფლიოში მე-60 ადგილზეა

საქართველო ექსპორტზე დამოკიდებულებით მსოფლიოში მე-60 ადგილზეა

საქონლისა და მომსახურების ექსპორტზე დამოკიდებულების რეიტინგში  საქართველო მსოფლიოში მე-60 ადგილზეა.

მეთოდოლოგია

ტრადიციულად, როცა სიტყვა „ექსპორტი“ გვესმის, საქონლის ექსპორტი იგულისხმება, მაგრამ დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში მომსახურების ექსპორტიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. დღეს მსოფლიო ეკონომიკის 65%-მდე მომსახურების სექტორზე მოდის.

საქონლის ექსპორტი მოიცავს ქვეყნის შიგნით წარმოებული პროდუქციის სხვა ქვეყანაში გატანას, რომლის აღრიცხვაც საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას ხდება. შედარებით რთული აღსარიცხავია მომსახურების ექსპორტი, რადგან ამ შემთხვევაში აუცილებელი არ არის, მომსახურებამ საზღვარი გადაკვეთოს. შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში იმყოფებოდეს და აქ გაეწიოს მომსახურება, მაგალითად, განათლება მიიღოს ან იმკურნალოს, რაც მომსახურების ექსპორტად ითვლება. მომსახურების ექსპორტია ტურიზმიც.

ექსპორტის სტატისტიკას, როგორც ნომინალურ რიცხვებში, ასევე ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ-თან) მიმართებით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია აქვეყნებს. ექსპორტის მოცულობის მშპ-თან ფარდობა გვაჩვენებს, თუ რამდენად არის ქვეყანა დამოკიდებული ექსპორტზე, ანუ რა წილი უჭირავს ექსპორტირებულ საქონელსა და მომსახურებას ეკონომიკაში.

ექსპორტზე მაღალი დამოკიდებულება ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს, თუმცა გლობალური ან რეგიონალური კრიზისების დროს ექსპორტზე მაღალი დამოკიდებულების ქვეყნები უფრო ზარალდებიან, როგორც ეს მოხდა 2020-2021 წლებში პანდემიის ზეგავლენით.

საქართველო ექსპორტზე დამოკიდებულების რეიტინგში

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2020 წელს საქონლისა და მომსახურების ექსპორტზე დამოკიდებულებით  საქართველო 161 ქვეყანას შორის მე-60 ადგილზე იყო. საქართველოზე მეტად ექსპორტზე 59 ქვეყანა იყო დამოკიდებული. 2020 წელს საქართველოდან ექსპორტირებულმა საქონლისა და მომსახურების ღირებულებამ 5.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მშპ-ის 37.3%-ს შეადგენდა. 2019 წლისთვის საქართველო 36-ე ადგილს იკავებდა, ექსპორტი მშპ-ის მიმართ 54.8% იყო. ასეთი რადიკალური შემცირება პანდემიამ განაპირობა. 2020 წელს საქართველოს საქონლის ექსპორტი 618 მლნ დოლარით შემცირდა, ხოლო მომსახურების ექსპორტი – 3 მილიარდი დოლარით (ძირითადად ტურიზმის შემცირების გამო). 2020 წელს საქართველოს ექსპორტში საქონელმა 4.4 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო მომსახურებამ – 1.6 მილიარდი.

2021 წლის ექსპორტის სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით ჯერჯერობით რანჟირებული არ არის. თუმცა უკვე ცნობილია, რომ 2021 წელს საქართველოს საქონლის ექსპორტი 27.4%-ით გაიზარდა, ხოლო მომსახურების ექსპორტი – 61%-ით. ჯამში, საქონლისა და მომსახურების ექსპორტმა 8.1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მშპ-ის მიმართ 43.3%-ია.

საქართველოს საქონლისა და მომსახურების ექსპორტი მშპ-ის მიმართ 2013-2020 წლებში

წყარო: მსოფლიო ბანკი
ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებული ექსპორტზე

მსოფლიო ბანკის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მეტად ექსპორტზე ლუქსემბურგია დამოკიდებული, რომელიც უმდიდრესი ქვეყანაა. 2020 წელს ლუქსემბურგის საქონლისა და მომსახურების ექსპორტი 148 მილიარდ დოლარამდე იყო. მათ შორის, უმეტესი წილი მომსახურების ექსპორტი იყო. ლუქსემბურგი საფინანსო მომსახურების ექსპორტით გამოირჩევა. მეორე ადგილზე ჰონგ-კონგია, რომელიც ასევე მომსახურების ექსპორტის გავლენით იკავებს ასეთ მაღალ პოზიციას. ტოპ-ათეულში ფინანსური ცენტრების გარდა ბუნებრივი რესურსებით მდიდარი და სამრეწველო პროდუქციის წარმოებით გამორჩეული ქვეყნებიც ხვდებიან.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შემდეგი სიტუაციაა: აზერბაიჯანის საქონლისა და მომსახურების ექსპორტი მშპ-ის 35.7%-ია, სომხეთის – 29.8%, თურქეთის – 28.7% და რუსეთის – 25.5%.

2020 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ექსპორტზე ყველაზე ნაკლებად სუდანი იყო დამოკიდებული – 0.4%-ით. შემდეგ მოდის ბურუნდი 5%-ით და ნეპალი 7%-ით. ექსპორტზე დამოკიდებულება დაბალია აშშ-შიც  – 10%. თუმცა ნომინალურ გამოსახულებაში აშშ მსოფლიოში მეორე ადგილზეა – ქვეყანა წლიურად 2.4 ტრილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ექსპორტს ახორციელებს.

საქონლისა და მომსახურების ექსპორტზე ყველაზე მეტად დამოკიდებული ქვეყნები, 2020 წელი

 

ქვეყანა

მშპ-ის მიმართ, %

1

ლუქსემბურგი

207

2

ჰონგ-კონგი

177

3

სინგაპური

176

4

ჯიბუტი

153

5

მალტა

141

6

ირლანდია

131

7

ვიეტნამი

106

8

არაბთა გაერთიანებული საამიროები

97

9

სლოვაკეთი

85

10

ბელგია

80

წყარო: მსოფლიო ბანკი

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა