"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
საქართველო ჰუმანური განვითარების რეიტინგში მე-60 ადგილზეა
ჰუმანური განვითარების რეიტინგში, რომელიც ჰუმანური განვითარების ინდექსის (HDI) მიხედვით დგება, საქართველო მე-60 ადგილზეა 193 ქვეყანას შორის.
მეთოდოლოგია
ჰუმანური განვითარების ინდექსს გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა (UNDP) ყოველწლიურად აქვეყნებს. 2010 წლიდან ინდექსი განახლებული მეთოდოლოგიით ქვეყნდება. ინდექსის ბოლო ანგარიში მიმდინარე წლის 14 მარტს გამოქვეყნდა და 193 ქვეყანა მოიცვა. ბოლო ანგარიში 2022 წელს არსებულ ვითარებას აღწერს.
ინდექსში ქვეყნებს ქულები 0-დან 1-მდე ენიჭება და რაც უფრო ახლოს არის ქვეყნის ქულა 1-თან, მით უფრო მაღალია ქვეყანაში ჰუმანური განვითარების დონე.
ჰუმანური განვითარების დონე რამდენიმე კრიტერიუმზე დაყრდნობით იზომება, ესენია: ჯანდაცვის დონე, განათლების დონე, მოსახლეობის შემოსავლების დონე და გენდერული თანასწორობა. ჯანდაცვის დონე სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის მაჩვენებლით ფასდება. განათლების დონე მოსახლეობის მიერ სკოლასა და უნივერსიტეტში გატარებული წლების მიხედვით, ხოლო მოსახლეობის შემოსავალი ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური ეროვნული შემოსავლით. 2022 წლის ინდექსში ასევე გათვალისწინებულია გენდერული თანასწორობის ინდექსისა და სიღარიბის ინდექსის შედეგებიც. ინდექსი დამატებით მოიცავს უმუშევრობის დონის, გარემოს დაცვის, დემოგრაფიისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის კრიტერიუმებს.
საქართველო ჰუმანური განვითარების ინდექსში
2024 წლის 14 მარტს გამოქვეყნებული ჰუმანური განვითარების ინდექსი, როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების შემთხვევაში, 2022 წლის მდგომარეობას ასახავს. ჰუმანური განვითარების რეიტინგში საქართველომ მსოფლიოში მე-60 ადგილი დაიკავა 0.814 ქულით. რეიტინგში საქართველოს მეზობლები ომანი და ტრინიდადი და ტობაგო არიან.
2021 წლის მდგომარეობით საქართველო 0.809 ქულით 59-ე ადგილზე იყო. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს საქართველოს ქულა 0.005-ით გაიზარდა, რეიტინგში საქართველომ მე-60 ადგილზე ჩამოინაცვლა სხვა ქვეყნების ქულის მეტად ზრდის გამო. ბოლო ათწლეულში საქართველოს ქულა სულ იზრდებოდა, გამონაკლისი მხოლოდ 2020 წელია, როდესაც პანდემიის გამო ქულა 0.009-ით შემცირდა.
ბოლო ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა 71.6 წელია. ერთი ადამიანი საშუალოდ 16.7 წელს ატარებს სწავლაში – სკოლასა და უნივერსიტეტში. ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი (GNI) 15,952 PPP დოლარია.
საქართველოს ქულა ჰუმანური განვითარების ინდექსში
ჰუმანური განვითარების ყველაზე მაღალი დონის მქონე ქვეყნები
ჰუმანური განვითარების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზე შვეიცარიაა 0.967 ქულით. შვეიცარიაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 84.3 წელია. მოქალაქეები საშუალოდ 16.6 წელი სწავლობენ და ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 69,433 PPP დოლარია. უკიდურეს სიღარიბეში არავინ ცხოვრობს. მეორე ადგილზე ნორვეგიაა, ხოლო მესამეზე – ისლანდიაა. ტოპ-10-ში ევროპულ ქვეყნებთან ერთად ჰონგ-კონგი, სინგაპური და ავსტრალია ხვდებიან.
საქართველოს გეოგრაფიული მეზობლები ჰუმანური განვითარების რეიტინგში შემდეგ პოზიციებს იკავებენ: თურქეთი 45-ე ადგილზეა 0.855 ქულით, რუსეთი 56-ე ადგილზეა 0.821 ქულით, სომხეთი 76-ე ადგილზეა 0.786 ქულით და აზერბაიჯანი 89-ე ადგილზეა 0.760 ქულით.
ჰუმანური განვითარებით მსოფლიოში ბოლო ადგილზე სომალია, რომელსაც 0.380 ქულა აქვს. სომალიში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 56 წელია. შემდეგ სამხრეთი სუდანი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ჩადი, ნიგერი და მალი მოდიან. ბოლო ათეულში ყველა ქვეყანა აფრიკის კონტინენტიდანაა.
ჰუმანური განვითარების დონით ტოპ-10 ქვეყანა
ქვეყანა | ქულა | |
1 | შვეიცარია | 0.967 |
2 | ნორვეგია | 0.966 |
3 | ისლანდია | 0.959 |
4 | ჰონგ-კონგი | 0.956 |
5 | დანია | 0.952 |
6 | შვედეთი | 0.952 |
7 | გერმანია | 0.950 |
8 | ირლანდია | 0.950 |
9 | სინგაპური | 0.949 |
10 | ავსტრალია | 0.946 |
წყარო: Human Development Index, UNDP
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 25, 2024
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024