"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

საქართველო კორუფციის დონის რეიტინგში

კორუფცია

კორუფციის აღქმის ინდექსში, რომელიც ქვეყნებში კორუფციის დონეს ადგენს, საქართველო 45-ე ადგილზეა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთან შედარებით დაბალი კორუფციის დონე 44 ქვეყანაშია.

მეთოდოლოგია

ქვეყნების მიხედვით კორუფიის დონის რეიტინგს რამოდენიმე ორგანიზაცია აქვეყნებს, თუმცა, მათ შორის ყველაზე ცნობილი და შესაბამისად გავლენიანი, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ მომზადებული კორუფციის აღქმის ინდექსია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ბერლინში დაფუძნებული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მთავარ მიზანს სწორედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. კორუფციის აღქმის ინდექსს 1995 წლიდან აქვეყნებს. კორუფციად აღქმულია საჯარო ძალაუფლების პირადი სარგებლისთვის ბოროტად (არაკანონიერად) გამოყენება.

კორუფციის ინდექსი 16 კვლევის შედეგებს ემყარება, რომლებსაც 12 სხვადასხვა ორგანიზაცია ატარებს. აქედან, 13 კვლევა უშუალოდ ბიზნეს საქმიანობაში ჩართული ადამიანების და ექსპერტების გამოკითხვაა, თუ როგორ აფასებენ ისინი კორუფციის დონეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ იყენებს ისეთი გავლენიანი ორგანიზაციების გამოკითხვებს და კვლევებს, როგორებიცაა: მსოფლიო ბანკი, ფრიდომ ჰაუსი, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი, მსოფლიოს სამართლის პროექტი, ჟურნალი „ეკონომისტი“ და სხვა.

კორუფციის აღქმის ინდექსში 100 ქულა კორუფციის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს. ბოლო, 2020 წლის ინდექსი 179 ქვეყანას მოიცავს.

საქართველო კორუფციის აღქმის ინდექსში

2021 წლის იანვარში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, რომელიც 2020 წლის მდგომარეობას ასახავს, კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს 56 ქულა აქვს და 45-ე ადგილს იყოფს პოლონეთთან და სენტ-ლუსიასთან.  საქართველოს 56 ქულა ჰქონდა გასული წლის კორუფციის აღქმის ინდექსშიც, თუმვა 44-ე ადგილზე იყო. ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა.

2020 წლის ინდექსში საქართველოს ქულა ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსს, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსს, „გლობალ ინსაითის“ ქვეყნების რისკის რეიტინგს, „ფრიდომ ჰაუსის“ ტრანზიციული ქვეყნების კვლევას და პროექტ „დემოკრატიის ვარიაციების“ კვლევას ემყარება.

ინდექსის მიხედვით, საქართველოში კორუფციის შემცირების მხრივ ბოლო წლებში პროგრესი არ არის. 2016 და 2018 წლებში საქართველოს უფრო მაღალი ქულა ჰქონდა, ვიდრე 2020-ში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია წვრილმანი კორუფციის შემცირების მხრივ, მაგრამ მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემებები ისევ არის.  მაღალი დონის კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს ხელისუფლებას ქმედითი სისტემური ნაბიჯები არ გადაუდგამს. შესაბამისად, მასშტაბური ანტიკორუფციული რეფორმის გარეშე საქართველოში კორუფციის დონე არ შემცირდება და ქვეყანა დაბალი კორუფციის მქონე ქვეყნების ჯგუფში ვერ გადავა. ამჟამად საქართველო საშუალო შედეგი აქვს.

საქართველოს პოზიცია კორუფციის აღქმის რეიტინგში

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა

ქვეყნები, სადაც კურფციის დონე ყველაზე დაბალია

კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე დაბალი კორუფცია ახალ ზელანდიაში და დანიაში, რომლებიც რეიტინგში პირველ-მეორე ადგილს ინაწილებენ 88-88 ქულით (მაქსიმალური 100 ქულიდან). მესამე ადგილს 4 ქვეყანა ინაწილებს 85-85 ქულით, ესენია: ფინეთი, შვეიცარია, სინგაპური და შვედეთი.

2020 წელს ყველაზე დიდი წინსვლა მალდივებს ჰქონდა, რომელიც 14 პოზიციით დაწინაურდა და ეხლა 75-ე ადგილზეა. შემდეგ მოდის სომხეთი, რომელიც 6 პოზიციით დაწინაურდა და მე-60 ადგილზეა 49 ქულით. საქართველოს სხვა მეზობლებიდან აზერბაიჯანი 129-ე ადგილზეა 30 ქულით, რუსეთიც 129-ე ადგილზეა 30 ქულით და თურქეთი 86 ადგილზეა 40 ქულით.

კორუფციის რეიტინგში ბოლო ადგილზე სომალი და სამხრეთ სუდანია 12-12 ქულით, ანუ ისინი ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებად არიან მიჩნეული. შემდეგ მოდის სირია, იემენი და ვენესუელა.

დაბალი კორუფციის მხრივ ლიდერი ტოპ 10 ქვეყანა

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა