"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
საქართველო კორუფციის რეიტინგში 8 საფეხურით ჩამოქვეითდა
30 იანვარს „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ კორუფციის განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით საქართველო 49-ე ადგილზეა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთან შედარებით კორუფციის დაბალი დონე 48 ქვეყანაშია.
მეთოდოლოგია
ქვეყნების მიხედვით კორუფციის დონის რეიტინგს რამდენიმე ორგანიზაცია აქვეყნებს, თუმცა მათ შორის ყველაზე ცნობილი და, შესაბამისად გავლენიანი, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ მომზადებული კორუფციის აღქმის ინდექსია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ბერლინში დაფუძნებული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მთავარ მიზანს სწორედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ორგანიზაცია კორუფციის აღქმის ინდექსს 1995 წლიდან აქვეყნებს. კორუფციად აღქმულია საჯარო ძალაუფლების პირადი სარგებლისთვის ბოროტად (არაკანონიერად) გამოყენება.
კორუფციის ინდექსი 16 კვლევის შედეგებს ემყარება, რომლებსაც 12 სხვადასხვა ორგანიზაცია ატარებს. აქედან 13 კვლევა უშუალოდ ბიზნესსაქმიანობაში ჩართული ადამიანებისა და ექსპერტების გამოკითხვაა, თუ როგორ აფასებენ ისინი კორუფციის დონეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ იყენებს ისეთი გავლენიანი ორგანიზაციების გამოკითხვებს და კვლევებს, როგორებიცაა: მსოფლიო ბანკი, ფრიდომ ჰაუსი, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი, მსოფლიოს სამართლის პროექტი, ჟურნალი „ეკონომისტი“ და სხვა.
კორუფციის აღქმის ინდექსში 100 ქულა კორუფციის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს. ბოლო, 2023 წლის ინდექსი 180 ქვეყანას მოიცავს.
საქართველო კორუფციის აღქმის ინდექსში
2024 წლის 30 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, რომელიც 2023 წლის მდგომარეობას ასახავს, კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს 53 ქულა აქვს და 49-ე ადგილს იყოფს კვიპროსთან, გრენადასა და რუანდასთან ერთად. გასულ წელს საქართველოს კორუფციის აღქმის ინდექსში 56 ქულა ჰქონდა და 41-ე ადგილს იკავებდა. საქართველოს ქულა 3-ით შემცირდა და აქედან გამომდინარე, საქართველო კორუფციის რეიტინგში 8 საფეხურით ჩამოქვეითდა.
2023 წლის ინდექსში საქართველოს ქულა შემდეგ კვლევებს ემყარება: ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, „გლობალ ინსაიტის“ ქვეყნების რისკის რეიტინგი, „ფრიდომ ჰაუსის“ ტრანზიციული ქვეყნების კვლევა, პროექტი „დემოკრატიის ვარიაციები“, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბიზნესის ხელმძღვანელ პირთა აზრის გამოკითხვა.
ინდექსის მიხედვით, საქართველოში კორუფციის შემცირების მხრივ ბოლო წლებში პროგრესი არ არის. საქართველოს ყველაზე მაღალი ქულა 2018 წელს ჰქონდა (58 ქულა).
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებით: „საქართველოში კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება, რაც მიუთითებს უფრო ღრმა სისტემურ პრობლემებზე – ძალაუფლების კონცენტრაციაზე და ელიტების მკაფიო გავლენაზე სახელმწიფო ინსტიტუციებსა და გადაწყვეტილების მიღებაზე. რამდენიმე წელია, საქართველო განიცდის დემოკრატიულ უკუსვლას, სადაც სახელმწიფოს მიტაცება და მაღალი დონის კორუფცია ხელისუფლებას კლეპტოკრატიად აქცევს. მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელი „დაბრუნება“ აქტიურ პოლიტიკაში კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სწორედ მან ითამაშა მთავარი როლი ქვეყნის ინსტიტუციების ხელში ჩაგდებაში. ერთ დროს ანტიკორუფციულ ჩემპიონად წოდებულ საქართველოში კორუფციის პრობლემა იმდენად გაიზარდა, რომ ახლა ის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მთავარი ბარიერია. მნიშვნელოვანი რეფორმების გარეშე, მოსალოდნელია, რომ საქართველო კიდევ უფრო ღრმად ჩაიძირება კლეპტოკრატიულ მმართველობაში“.
საქართველოს პოზიცია და ქულა კორუფციის აღქმის რეიტინგში
ქვეყნები, სადაც კორუფციის დონე ყველაზე დაბალია
კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე დაბალი კორუფცია დანიაშია. დანიას 90 ქულა აქვს (მაქსიმალური 100 ქულიდან). ფინეთი და ახალი ზელანდია რეიტინგში მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ 87 და 85 ქულით. მეოთხე ადგილზე ნორვეგიაა 84 ქულით.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალ პოზიციაზე სომხეთია, რომელიც 62-ე ადგილზეა 47 ქულით. თურქეთი 115-ე ადგილზეა 34 ქულით, რუსეთი 141-ე ადგილზეა 26 ქულით და აზერბაიჯანი 154-ე ადგილზეა 23 ქულით.
2023 წელს უკრაინის ქულა 3-ით გაუმჯობესდა და ახლა 36 ქულით 104 ადგილზეა. ომის დაწყებამდე უკრაინა 122-ე ადგილზე იყო.
კორუფციის რეიტინგში ბოლო ადგილზე სომალია 11 ქულით, შემდეგ მოდის ვენესუელა, სირია და სამხრეთი სუდანი 13-13 ქულით, ანუ ისინი ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებად არიან მიჩნეული. შემდეგ მოდის იემენი, ჩრდილოეთი კორეა და ნიკარაგუა.
დაბალი კორუფციის მხრივ ლიდერი ტოპ-10 ქვეყანა
ქვეყანა | ქულა | |
1 | დანია | 90 |
2 | ფინეთი | 87 |
3 | ახალი ზელანდია | 85 |
4 | ნორვეგია | 84 |
5 | სინგაპური | 83 |
6 | შვედეთი | 82 |
7 | შვეიცარია | 82 |
8 | ნიდერლანდები | 79 |
9 | გერმანია | 78 |
10 | ლუქსემბურგი | 78 |
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 25, 2024
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024