"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

საქართველო ფრეიზერის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში

ნამჩავაძე

ფრეიზერის ინსტიტუტის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო მე-8 ადგილზეა.

მეთოდოლოგია

ეკონომიკურ თავისუფლებაში იგულისხმება, თუ რამდენად ერევა მთავრობა ბიზნესის საქმიანობაში, ქვეყნის ეკონომიკის რა წილი მოდის სახელმწიფო ფუნქციების შესრულებაზე და რამდენად კარგი სამართლებრივი გარემოა საკუთრების დაცვისთვის. ქვეყნების ეკონომიკურ თავისუფლებას ორი ავტორიტეტული ორგანიზაცია იკვლევს, ესენია: ფრეიზერის ინსტიტუტი და „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი“. კვლევებზე დაყრდნობით, ისინი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსებს ადგენენ. ახლა მხოლოდ ფრეიზერის ინსტიტუტის ინდექსის მიხედვით შედგენილ რეიტინგს განვიხილავთ.

ფრეიზერის ინსტიტუტი 1974 წელს კანადაში დაფუძნდა. ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს 1980 წლიდან აქვეყნებს. ბოლო ინდექსი გასული წლის დეკემბერში გამოაქვეყნა, რომელიც 162 ქვეყანას მოიცავს. 2020 წელს გამოქვეყნებული ინდექსი 2018-2019 წლების მდგომარეობას ასახავს.

ეკონომიკური თავისუფლების დონე 5 ჯგუფად განაწილებულ 24 კრიტერიუმზე დაკვირვებით განისაზღვრება, ესენია: 1. მთავრობის ზომა (საგადასახადო განაკვეთები, მთავრობის ხარჯები, სუბსიდიები, სახელმწიფო ქონება), 2. კანონის უზენაესობა (საკუთრების უფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, კორუფციის დონე, კონტრაქტების შესრულება, პოლიტიკისადმი სანდოობა), 3. მონეტარული სტაბილურობა (ფულის მასის ზრდა, ინფლაცია, უცხოურ ვალუტაში საბანკო ტრანზაქციების თავისუფლება), 4. თავისუფალი ვაჭრობა (ტარიფები, სავაჭრო ბარიერები, კაპიტალისა და სამუშაო ძალის გადაადგილების კონტროლი), 5. რეგულაციები (საკრედიტო ბაზრის რეგულირება, შრომის ბაზრის რეგულირება, ბიზნესრეგულაციები). ინფორმაციის წყარო სხვადასხვა კვლევა და ქვეყნების სტატისტიკური მონაცემებია. ცალკეული კრიტერიუმი მაქსიმუმ 10 ქულით ფასდება და ქვეყნის საბოლოო ქულა 0-დან 10-მდე მერყეობს.

საქართველო ჰერიტიჯის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

2020 წლის ბოლოს გამოქვეყნებული ფრეიზერის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიო რეიტინგში მე-8 ადგილზეა 8.18 ქულით. ბოლო წელს საქართველოს ქულა 0.24 პუნქტით გაუმჯობესდა. ჯამური ქულის მატება შეფასების ხუთივე ჯგუფის კრიტერიუმების მცირედმა გაუმჯობესებამ განაპირობა. 2019 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველო მე-12 ადგილზე იყო.

მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში საქართველო საკმაოდ მაღალ, მე-8 პოზიციაზე იმყოფება, მისი ქულები კანონის უზენაესობაში მაინც დაბალია. სასამართლოს დამოუკიდებლობაში საქართველოს 4.23 ქულა აქვს, რაც მეტწილად არათავისუფალი ქვეყნების მდგომარეობას შეესაბამება. 6.12 ქულა აქვს კორუფციის დონეში და 5.95 ქულა აქვს საკუთრების დაცვაში.

10-დან 10 ქულა საქართველოს საგადასახადო განაკვეთებში, უცხოურ ვალუტაში საბანკო ტრანზაქციების თავისუფლებაში, ფინანსურ ღიაობაში, ბანკების მფლობელობისა და საპროცენტო განაკვეთების თავისუფლებაში აქვს.

ცალკე აღებული თავისუფალი ვაჭრობით, საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა.

საქართველოს პოზიცია ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში

წყარო: Fraser Institute
ქვეყნები, სადაც ეკონომიკური თავისუფლების დონე ყველაზე მაღალია

ფრეიზერის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში პირველ ადგილზე ჰონგ-კონგია 8.94 ქულით, რომელსაც არც ერთ კრიტერიუმში არა აქვს 7-ზე ნაკლები ქულა. მეორეზე სინგაპურია 8.65 ქულით. პირველ ხუთეულში ხვდებიან ასევე ახალი ზელანდია, შვეიცარია და ავსტრალია.

გეოგრაფიულად საქართველოს მეზობელი ქვეყნები შემდეგ პოზიციებს იკავებენ: სომხეთი – მე-8 ადგილი, რუსეთი – 89-ე ადგილი, თურქეთი – 99-ე ადგილი და  აზერბაიჯანი – 112-ე ადგილი.

რეიტინგში ბოლო ადგილზე ვენესუელაა 3.34 ქულით. ბოლოდან მეორეზე სუდანია 4.21 ქულით, ხოლო ბოლოდან მესამეზე ლიბია 4.72 ქულით. კვლევა არ მოიცავს კომუნისტურ ქვეყნებს: ჩრდილოეთ კორეას და კუბას, რომლებიც, სავარაუდოდ, რეიტინგის ბოლო ადგილებს დაიკავებდნენ.

ტოპ-10 ქვეყანა ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით

 

ქვეყანა

ქულა

1

ჰონგ-კონგი

8.94

2

სინგაპური

8.65

3

ახალი ზელანდია

8.53

4

შვეიცარია

8.43

5

ავსტრალია

8.23

6

აშშ

8.22

7

მავრიკი

8.21

8

საქართველო

8.18

9

კანადა

8.17

10

ირლანდია

8.13

წყარო: Fraser Institute

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა