Bloomberg: Lion Finance Group-ი ყაზახეთსა და უზბეკეთში მსხვილი ბანკების შეძენას განიხილავს

Bloomberg: Lion Finance Group-ი ყაზახეთსა და უზბეკეთში მსხვილი ბანკების შეძენას განიხილავს

ფოტო: Bank of Georgia

 

Bloomberg-ის ინფორმაციით, ჰოლდინგური კომპანია Lion Finance Group-ი, რომელიც „საქართველოს ბანკს“ ფლობს, ცენტრალურ აზიაში გაფართოებას გეგმავს. ჯგუფი ამისთვის ყაზახეთსა და უზბეკეთში მსხვილი ბანკების შეძენის შესაძლებლობებს განიხილავს. როგორც გამოცემა წერს, ამასთან ერთად, Lion Finance Group-ის გეგმებში ბალტიისპირეთისა და ბალკანეთის ქვეყნების ბაზრების ათვისებაა.

Bloomberg-თან ინტერვიუში Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ჯგუფი სამიზნედ მხოლოდ მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტებს განიხილავს და უპირატესობას ადგილობრივი ბაზრების ტოპ-3-ში ან ტოპ-5-ში შემავალ ბანკებს ანიჭებს.

Lion Finance Group-ის გაფართოების მოდელად გაჩეჩილაძე მეზობელ სომხეთში Ameriabank-ის შეძენას ასახელებს. შეგახსენებთ, ჯგუფმა ბანკი 2024 წელს შეიძინა. დღეს Ameriabank-ი ჯგუფის მთლიანი აქტივების თითქმის მესამედს წარმოადგენს.

სომხეთში ჯგუფი Ameriabank-ის მეშვეობით ბაზარზე პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს. ბანკის მიზანია, სომხეთის სესხებისა და დეპოზიტების ბაზრებზე 30%-იანი წილი დაიკავოს. ამჟამად მისი წილი სესხების ბაზარზე დაახლოებით 23%-ს, დეპოზიტების ბაზარზე კი 20%-ს შეადგენს.

როგორც Bloomberg-ი წერს, Lion Finance Group-ის ძირითადი აქტივი, „საქართველოს ბანკი“, ბოლო წლებში ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიან საბანკო აქციად ჩამოყალიბდა. გამოცემის მიხედვით, ბოლო ხუთ წელიწადში ჯგუფის აქციების ღირებულება დაახლოებით 740%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც Stoxx Europe 600 Banks-ის საბანკო ინდექსი დაახლოებით 210%-ით არის გაზრდილი.

Lion Finance Group-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად დაახლოებით £5.8 მილიარდს ($7.9 მილიარდს) შეადგენს და ჯგუფი FTSE 100-ის ინდექსშია წარმოდგენილი.

ჯგუფის ზრდის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად Bloomberg-ი „საქართველოს ბანკის“ ციფრულ სტრატეგიას ასახელებს. საქართველოში დაახლოებით 4 მილიონი მოსახლეობის პირობებში, ბანკის აპლიკაციას ყოველდღიურად 1 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. გამოცემის თქმით, აპლიკაცია, რომელიც ადრე წელიწადში მხოლოდ რამდენჯერმე ახლდებოდა, ცვლილებებს ახლა თითქმის ყოველ ორ კვირაში განიცდის.

ამ ეტაპზე ჯგუფს ყაზახეთსა და უზბეკეთში კონკრეტული ბანკების შეძენის შესახებ გარიგება არ გამოუცხადებია. საუბარია პოტენციურ გაფართოებასა და ისეთი მსხვილი ბანკების მოძიებაზე, რომლებიც Lion Finance Group-ის სტრატეგიას დააკმაყოფილებს.