ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდისა და ამერიკული ეკონომიკის რეცესიაში შესვლის საფრთხის ფონზე, Apple-ის საბაზრო ღირებულების $2 ტრილიონამდე შემცირებაა მოსალოდნელი, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
შეგახსენებთ, ამა წლის იანვარში ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის საბაზრო ღირებულება $3 ტრილიონს აღემატებოდა, მაგრამ 15 ივნისის მონაცემებით, $2.19 ტრილიონამდე შემცირდა. ამგვარად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $800 მილიონით შემცირდა, რაც წლის დასაწყისთან შედარებით, 24%-იანი კლებაა. ანალიტიკოსები იმასაც ვარაუდობენ, რომ რეკორდულ ნიშნულებზე დასაბრუნებლად Apple-ს წლები დასჭირდება.
თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ეკონომიკის შენელების, რეფინანსირების განაკვეთის ზრდისა და ინფლაციის გარდა, Apple-ის საბაზრო ღირებულების კლებაზე გავლენას მიწოდების ჯაჭვში არსებული შეფერხებებიც ახდენს. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ამ შეფერხებების გამო, Apple-ის მიმდინარე კვარტალის შემოსავალი $4-დან 8-მდე მილიარდით შემცირდება.
საინტერესოა, რომ ბოლო წლების “ხარის ბაზრის” დროს, FAANG-ჯგუფის კომპანიებმა არაერთხელ მიაღწიეს ისტორიულ მაქსიმუმს, მაგრამ წლის დასაწყისიდან, ამ ხუთმა კომპანიამ, ჯამურად, $2.6 ტრილიონი დაკარგა საბაზრო ღირებულების სახით, რადგან ინვესტორები უფრო უსაფრთხო აქტივებისკენ გადაიხარნენ. ანალიტიკოსები Amazon-ის საბაზრო ღირებულების $1 ტრილიონამდე შემცირებასაც ვარაუდობენ.