ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, სუბორბიტული ფრენებისთვის განკუთვნილი ხომალდით, New Shepard-ით მგზავრობა უსაფრთხო არ არის. ამის შესახებ ისინი ინტერნეტპლატფორმა Lioness-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ანონიმურად საუბრობენ.
აღსანიშნავია, რომ Blue Origin-ის ოცდაერთ თანამშრომელს არ განუმარტავს, კონკრეტულად რა საფრთხეს შეიცავს New Shepard-ით მგზავრობა. სტატიის ავტორებმა მხოლოდ ის განაცხადეს, რომ აპარატს ფრენის დროს შესაძლოა საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეექმნას. როგორც ირკვევა, ზემოხსენებული ოცდაერთი ადამიანიდან ცამეტი კომპანიაში ინჟინრისა და ტექნიკოსის პოზიციაზე მუშაობდა ან კვლავ მუშაობს. ისიც უნდა ითქვას, რომ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ New Shepard-ის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებით ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციის ფედერალური ადმინისტრაცია (FAA) დაინტერესდა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის კომპანიამ პირველი სუბორბიტული ეკიპაჟიანი მისია ზემოხსენებული ხომალდით მიმდინარე წლის 20 ივლისს განახორციელა. აპარატი აშშ-ის ტეხასის შტატის დასავლეთ ნაწილში მდებარე Blue Origin-ის კუთვნილი კოსმოდრომიდან გაუშვეს. მისგან გამოყოფილმა სამგზავრო კაფსულამ ჩვენი პლანეტისა და კოსმოსის გამყოფი, ხმელეთიდან 100 კილომეტრით დაშორებული ე.წ. კარმანის ხაზი გადაკვეთა და გაშვებიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ მისიაში მონაწილეობა Blue Origin-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა საკუთარ ძმასთან, მარკ ბეზოსთან ერთად მიიღო. მათ გარდა New Shepard-ის ბორტზე 19 წლის ნიდერლანდელი სტუდენტი, ოლივერ დამენი და 82 წლის მფრინავი, ვოლი ფანკი იმყოფებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Blue Origin-ი მეორე სუბორბიტული მისიის განხორციელებას მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს გეგმავს. ჯერჯერობით უცნობია, მისცემს თუ არა მას ფრენის ნებართვას აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაცია (FAA) და რა გავლენას იქონიებს ამაზე კომპანიის ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლების მიერ გავრცელებული მოსაზრება, რომელიც New Shepard-ის უსაფრთხოებას ეჭქვეშ აყენებს.