ბოიკოტი Facebook-ს! Ford, Adidas, HP – რეკლამის განთავსებას აჩერებენ

ბოიკოტი Facebook-ს! Ford, Adidas, HP – რეკლამის განთავსებას აჩერებენ

მსოფლიოს წამყვანი ბრენდები უერთდებიან კამპანიას #StopHateForProfit, რომლის ფარგლებშიც ისინი უარს ამბობენ Facebook-ზე რეკლამის განთავსებაზე. ეს საკმაოდ სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული, რაც მსოფლიოს უდიდესი სოცქსელის შემოსავლის ძირითადი წყაროა. Forbes Georgia გთავაზობთ იმ კომპანიების ჩამონათვალს, რომლებმაც Facebook-ზე რეკლამირება დააპაუზა. ჩვენ უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ იმ სარეკლამო ბიუჯეტებსაც, რომელსაც წელს (ან გარკვეული დროის განმავლობაში) ვეღარ მიიღებს Facebook-ი რეკლამის დამკვეთებისგან. 

ბოიკოტის კამპანიას შეუერთდნენ:

Adidas-ი და მისი შვილობილი Reebok-ი, რომლებმაც განაცხადეს, რომ ისინი შეიმუშავებენ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც ყველა მათი პარტნიორი იქნება პასუხისმგებელი უსაფრთხო გარემოს შექმნასა და შენარჩუნებაზე.

კიდევ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია კი, რომელიც Facebook-ზე რეკლამას 30 დღის განმავლობაში არ განათავსებს, Ford-ია. თუმცა, აღნიშნული ავტომწარმოებელი ყველა ამერიკულ სოციალურ მედია პლატფორმაზე აჩერებს რეკლამირებას.

HP-ი კი Facebook-ზე რეკლამის განთავსებას მანამ დააპაუზებს, ვიდრე კომპანიის განცხადებით, ის არ დაინახავს უფრო მეტ უსაფრთხოებას.

ბოიკოტს უერთდება სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი Puma-ც და Facebook-ზე და Instagram-ზე ივლისის თვეში არცერთი რეკლამის განთავსებას აღარ აპირებს.

Best Buy, რომელიც სამომხმარებლო ტექნიკის მსხვილი რითეილერია ამერიკაში, 1 ივლისიდან აჩერებს Facebook-ზე რეკლამას. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბოიკოტი ერთ თვეს გასტანს.

სამომხმარებლო პროდუქტების მწარმოებელი Clorox-იც უარს ამბობს Facebook-ზე და Instagram-ზე რეკლამის განთავსებაზე. კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი რეკლამებს სხვა მედია პლატფორმებზე გადაიტანენ.

ამერიკის კვების ინდუსტრიაში ცნობილმა Conagra-მ კი Facebook-ზე და Instagram-ზე რეკლამის განთავსებაზე უარი წლის ბოლომდე თქვა.

ამ კომპანიას უერთდება სწრაფი კვების ობიექტების ქსელი Denny’s-იც. ის Facebook-ზე რეკლამას ერთთვიან ბოიკოტს უცხადებს.

Coca-Cola, Diageo, Honda, Starbucks-ი, Verizon-ი და Unilever-იც მსგავსად სხვებისა, მარკ ცუკერბერგის კომპანიას სიძულვილის ენის ტირაჟირებაში ადანაშაულებენ და დროებით მორატორიუმს აცხადებენ რეკლამის განთავსებაზე მსოფლიოს უმსხვილესს სოციალურ ქსელში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *