ბოლო ცხრა თვეში რუსეთის მოქალაქეების მიერ თურქეთში საცხოვრებლების შესყიდვები 199%-ით გაიზარდა

ბოლო ცხრა თვეში რუსეთის მოქალაქეების მიერ თურქეთში საცხოვრებლების შესყიდვები 199%-ით გაიზარდა

2022 წლის პირველ ცხრა თვეში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რუსეთის მოქალაქეების მიერ საცხოვრებელი სახლების შესყიდვები თურქეთში 199%-ით გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-სექტემბრის განმავლობაში, რუსეთის მოქალაქეებმა თურქეთში 9,311 სახლი შეიძინეს.

თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტზე (TurkStat) დაყრდნობით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში უცხოელი მოქალაქეების მიერ საცხოვრებელი ბინების შესყიდვები წლიურად 32.5%-ით გაიზარდა და 49,644 ერთეულს მიაღწია. 2022 წლის პირველ ცხრა თვეში ყველაზე მეტი საცხოვრებელი (19,594 ერთეული) სტამბულში გაიყიდა, ქვეყნის მასშტაბით უცხოელების მიერ ნაყიდი 100 სახლიდან დაახლოებით 40 საცხოვრებელი კი მეგაქალაქებზე მოდიოდა.

აღსანიშნავია, რომ როგორც რუსეთის მოქალაქეების, ასევე უკრაინელების მხრიდან თურქეთში საცხოვრებლების შეძენის სწრაფი ზრდა მარტიდან დაფიქსირდა. გასული წლის პირველ ცხრა თვეში რუსებმა თურქეთში მხოლოდ 3,115 საცხოვრებელი შეიძინეს, მაშინ როდესაც მიმდინარე წლის იმავე პერიოდში შეძენილმა საცხოვრებლების რაოდენობამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 9,311 ერთეული შეადგინა. ხოლო უკრაინელების შემთხვევაში, მათ მიერ თურქეთში შეძენილი სახლების რაოდენობა მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 125%-ით გაიზარდა და 1,775 ერთეული მოიცვა.

რაც შეეხება სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში თურქეთში ირანელების მიერ შესყიდულმა საცხოვრებლების რაოდენობამ 6,540 ერთეული შეადგინა, მათ მოსდევენ ერაყისა და  გერმანიის მოქალაქეები, შესაბამისად 5,255 და 2,058 შესყიდული საცხოვრებელი სახლით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *