სივრცითი სიმყუდროვე

სივრცითი სიმყუდროვე

თუ სიმყუდროვე ჩვენი ცხოვრების ნაწილი არ არის, ჩვენ არასოდეს ვიქნებით ბოლომდე ბედნიერნი. სიმყუდროვე არის მოცემულობა, რომელიც ჩვენს მდგომარეობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. რაც უნდა მოგვწონდეს ვიზუალური მხარე, კომფორტი, ხარისხი, სიჯანსაღე… თუ ამ ყველაფერს სიმყუდროვე არ ახლავს თან, ვერაფერს მოვირგებთ ჩვენზე. ყველა დეტალის ჰარმონიზაცია მხოლოდ სიმყუდროვის განცდით არის შესაძლებელი.

ყოველი დღე სიახლის მომტანი ვერ იქნება. არც არის საჭირო, რადგან სიახლეს შემეცნება, შეგრძნება და შეგუება სჭირდება. თუ ახალი რეალობა გვსიამოვნებს, ეს ნიშნავს, რომ მას სიმყუდროვე ახლავს თან, სხვა შემთხვევაში, ნებისმიერი სიახლე ადრე თუ გვიან რუტინად იქცევა, რომელიც მალევე მოგვაბეზრებს თავს.

სიმყუდროვის შეგრძნება სხვადასხვაგვარია. არსებობს მარტივი ქმედებები და გზები, რომელთაც დროებითი სიმყუდროვის უზრუნველყოფა შეუძლიათ; სივრცის განახლება, მზიან და თბილ ადგილას მოკალათება, ბუხართან ჯდომა, ბუნებისთვის ყურის დაგდება, ტელევიზორის ფონურ ხმასაც კი შეუძლია სიმყუდროვის შექმნა. ასეთ ხერხებს თითქმის ყოველდღიურად მივმართავთ, ხანდახან სრულიად გაუცნობიერებლად –  უბრალოდ, ვჩერდებით იქ, სადაც გვსიამოვნებს, სადაც უფრო მყუდროდ ვართ.

ავტომობილში მუსიკას ხშირად ვუსმენთ. ზოგჯერ ნაცნობ მუსიკას სიმღერით ვყვებით, შეიძლება ცეკვის სურვილიც გაგვიჩნდეს და ამას ხანდახან ვახერხებთ კიდეც… მანამდე მაინც, სანამ შუქნიშანზე გაჩერებული შევნიშნავთ, რომ გვერდით მანქანაში მსხდომნი გვიყურებენ, მთლიანად ჩვენკენ აქვთ მომართული  მზერა… ან უკიდურესად გამოყოლილი თვალებით, ეს იმიტომ, რომ დისკომფორტი არ შეგვიქმნან. ავტომობილის გარეშეც, ხშირად ყურსასმენებში ვრთავთ, რაც გვსიამოვნებს: მუსიკას, აუდიოწიგნს… ბევრ ჩვენგანს უბრალოდ უკეთია ყურსასმენები, მიჩვეული ვართ – ეს სიმყუდროვეს ქმნის იმ სივრცეში, სადაც ვართ.

სივრცითი სიმყუდროვე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენზე, ყოველდღიურ მოვლენებზე, სხვადასხვა პროცესის მიმღებლობაზე, ადაპტაციაზე და მენტალურ ჯანმრთელობაზეც. იქ, სადაც თავს მყუდროდ ვგრძნობთ, სიმშვიდე, კარგი ხასიათი, დადებითი ემოციები, შრომისუნარიანობა და განტვირთვა გაუცნობიერებლად თანამდევია. სიმყუდროვე ადამიანის ბედნიერების უმთავრეს დეტალს წარმოადგენს ნებისმიერ სივრცეში – ტრანსპორტში, სამსახურში თუ სახლში.

როგორც იცით, სკანდინავიურ ქვეყნებში ზამთარი დიდხანს გრძელდება. ოქტომბერში დაწყებული ცივი ამინდები თითქმის მაისის ბოლომდე ატანს, თავისი ყველა თვისებით – მოღრუბლულობა, დღის მოკლე მონაკვეთი, თოვლი, ქარი… მიუხედავად ასეთი მოცემულობისა, სკანდინავიაში მცხოვრები მოსახლეობა ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ ხალხად მიიჩნევა. პირველ ადგილს თითქმის მუდამ ფინეთი იკავებს. ასეა 2022-შიც, ფინეთი ლიდერია ბედნიერ ერებს შორის.

ყველაზე ბედნიერი ქვეყნის მაგალითზე რომ არ ვიმსჯელოთ, ბოლოს წინა ადგილზე მდგომი ქვეყნის, ნორვეგიის საინტერესო მაგალითი განვიხილოთ, რომელიც მსოფლიოს შვიდ ყველაზე ბედნიერ ქვეყანას შორის, მე-6 ადგილს იკავებს.

ფოტო: Gary Janson

არსებობს ერთი საინტერესო ნორვეგიული სიტყვა „Koselig” (ქუშლიი), რომლის არათუ პირდაპირი თარგმანი, არამედ ზუსტი მნიშვნელობაც კი არ არსებობს, რადგან “Koselig”-ის ახსნა მხოლოდ მისი განცდის შემთხვევაშია შესაძლებელი. თავად ნორვეგიელთა აზრით, ეს სიტყვა ყველაზე მეტად ინგლისურ სიტყვა “Cozy”-ის (ქოზი), შეესაბამება თავისი შინაარსით, ეს უკანასკნელი კი მარტივად სათარგმნელი სიტყვაა, ზუსტი შესატყვისით – სიმყუდროვე. ნორვეგიელები მათი ბედნიერების განცდისა და შეგრძნების ძირითად  მიზეზად მყუდროებას ასახელებენ.

ასევეა დანიაშიც, “Koselig”-ის მსგავსად, მათაც აქვთ შინაგანი კომფორტის გამოხატვის შესაფერისი სიტყვა – “hygge” (ჰუგაჰ). ეს უკანასკნელი 2016 წელს ოქსფორდის ლექსიკონში „2016 წლის აღმნიშვნელი სიტყვების“ სიაში იქნა შეტანილი შემდეგი განმარტებით:  „კომფორტული სიმყუდროვის ხარისხი, რომელიც იწვევს კმაყოფილების ან კეთილდღეობის განცდას“. დანია მსოფლიოში მეორე ყველაზე ბედნიერ ქვეყნად არის აღიარებული – როგორც ჩანს, ყველაზე ბედნიერი ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანია სიმყუდროვე.

სიმყუდროვე – სუბიექტური განცდის მდგომარეობაში ყოფნაა, მიუხედავად ამისა, მყუდრო გარემოში მისი აღქმისა და შეგრძნების განცდა არა მხოლოდ სუბიექტურ, არამედ საზოგადო განცდად ყალიბდება. ამიტომ უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს სივრცესა და გარემოს, სადაც ადამიანები სიმყუდროვეს განიცდიან, სუბიექტური შეგრძნების შექმნა კი მათ ნებასა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული, რაც ხშირ შემთხვევაში თანხვდენილია პროფესიონალების მიერ შექმნილ და შეთავაზებულ გარემოებთან.

კედელზე განთავსებულ ფოტოს, პოსტერსა თუ სურათს, გარდა ვიზუალური ეფექტისა, სიმყუდროვის დატვირთვა აქვს, როდესაც მცირე დეტალიც ცარიელ სივრცეს მყუდროდ გარდაქმნის.

ფოტო: Haris Kenjar

ლოგინში წოლისას, ხშირად საბანს მხოლოდ სიმყუდროვის განცდისთვის ვიფარებთ და არა იმიტომ, რომ გვცივა. სანთელსაც ვანთებთ სიმყუდროვისთვის და არა გასანათებლად… ძალიან ისეთ ბევრ რამეს ვაკეთებთ მხოლოდ სიმყუდროვისთვის, რისი პირდაპირი საჭიროება იმ მომენტში არ არის, სიმყუდროვე კი ყოველთვის და ყველგან საჭიროა.

ჩვენ დროს სხვადასხვა სივრცეში ვატარებთ. გადაადგილებისა თუ სტატიკურად ყოფნისას, მუდმივად სივრცეში ვართ – გარეთ ან სახლში. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენს გარშემო რა ხდება, როგორია ჩვენი სივრცითი სიმყუდროვე. კომფორტისა და მიმზიდველი გარემოს შესაქმნელად ყველაფერს ვაკეთებთ ხან საკუთარი ხელით, ხან კი სხვისი დახმარებით.

დიახ, ასეა ყველა სივრცეში, სიმყუდროვეს სჭირდება შესაბამისად მოწყობა. თუ სანთელი ანთია, მაგრამ იჭვარტლება, ეს სიმყუდროვეს არღვევს… არც ყურსასმენებით მოსმენილ მუსიკას უხდება შხრიალი და არც ბუნების ხმას უხდება ავტოტრანსპორტის ხმაური, სივრცით სიმყუდროვეს სჭირდება იდეალური გარემო, ხელის შემწყობი ფაქტორები და შესაბამისი მოცემულობა.

ალბათ მარტივად შევთანხმდებით იმ საკითხზე, რომ ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი სივრცე, სადაც სიმყუდროვე გვჭირდება, ჩვენი სახლია. ჩვენ, სახლი და ჩვენი სივრცე… აქ ხანდახან შეცდომას ვუშვებთ, ჩვენი სივრცე მხოლოდ ჩვენი სახლი, ანუ კედლებს შორის მოქცეული ტერიტორია გვგონია. ამიტომაც ხდება ბევრი გაურკვევლობა, მაგრამ გაურკვევლობები გამოვტოვოთ ამ ეტაპზე, მხოლოდ სივრცეზე ვისაუბროთ…

ჩვენი სივრცე, ჩვენს საცხოვრებელ ადგილზე, მხოლოდ ჩვენი ბინით არ იწყება და არ მთავრდება. იმ სივრცეში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, შედის ჩვენი ეზო, ჩვენი სახლის მიმდებარე ტერიტორია.  ის ისევეა ჩვენი, როგორც ჩვენი საკუთარი ბინა. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სიმყუდროვეს არა მხოლოდ ოთახებში, არამედ ჩვენი სახლის მიმდებარედაც ვგრძნობდეთ. ეს თითქოს ვიცით, მაგრამ მაინც ბოლომდე არ მიგვაჩნია ჩვენად. რადგან სივრცითი სიმყუდროვე ჩვენს კედლებს გარეთ არ გვაქვს. ბევრი რამ ხდება ისეთი, რაც ჩვენ არ „შეგვიკვეთია“ და რასაც არც თავიდან დავთანხმებულვართ. ფიქრები, რომლებიც სიმყუდროვის განცდისას მოდის, ხშირად ოცნებად მიგვაჩნია, უფრო ზუსტად კი – წარმოუდგენელ ოცნებად, რადგან დღევანდელ დღეს არცთუ ისე მარტივი წარმოსადგენია სივრცე, ამ შემთხვევაში ტერიტორია, სადაც ჩვენ სიმყუდროვეს შევიგრძნობთ და თან მას ხელს არავინ ახლებს, დარჩება ისე, როგორც გვიყვარს და მოგვწონს.

არავინ ვართ დაზღვეული იმისგან, ვინ როდის დაარღვევს ჩვენს „სახლის გარე“ სივრცით სიმყუდროვეს. დაზღვეული მხოლოდ ის ხალხია, ვინც მუდმივად სივრცით სიმყუდროვეში ცხოვრობს.

რამდენიმე დღის წინ სწორედ ასეთ სივრცეში ვიყავი. კარგი ამინდი იყო. ჯერ ვისეირნე, ნაცნობ ადამიანებს შევხვდი, მერე ღრუბლიდან გამოსულ მზეს მივეფიცხე, აღარ ციოდა. ჩემი ფიქრები დავალაგე და ამის შესახებ დავწერე – აქ. სიმყუდროვე ერთადერთმა რამემ დაარღვია – ჩემმა იქიდან წამოსვლამ. თბილისში, ბუნებაში, სიმშვიდეში, ტბის მიმდებარედ ყოფნა სჯობდა. იქ კარგი სივრცითი სიმყუდროვეა.

 

 

 

 

 

Featured Image: Haris Kenjar

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.