ფოტო: Jason Redmond | AFP | Getty Images
OpenAI ხელოვნური ინტელექტის სერვისების ფასების მნიშვნელოვნად შემცირებას განიხილავს, რათა AI-რბოლაში მთავარ მეტოქეს, Anthropic-ს, კონკურენცია გაუწიოს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. კომპანიებს შორის კონკურენციას ისიც ამწვავებს, რომ მიმდინარე წელს ორივე მათგანი აქციების საჯაროდ განთავსებას (IPO) გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციით, OpenAI-ის მიერ დაგეგმილი ცვლილებები ძირითადად ტოკენების ფასს შეეხება. ცნობისთვის, ტოკენები ის ერთეულებია, რომლითაც ხელოვნური ინტელექტის მოდელების გამოყენება იზომება და კომპანიები სწორედ მათი რაოდენობის მიხედვით იხდიან გადასახადს. დღეს მსხვილი ბიზნესმომხმარებლების დიდი ნაწილი AI-სერვისებს ყოველთვიური გამოწერის ნაცვლად მოხმარებაზე დაფუძნებული მოდელით იყენებს, რის გამოც ტოკენების ფასი მათი ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.
ცოტა ხნის წინ, OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ალტმანმაც აღიარა, რომ ტოკენების ხარჯი მომხმარებლებისთვის „უზარმაზარი პრობლემაა“. მისი თქმით, უკვე „მიმად“ იქცა ვითარება, როდესაც კომპანიები წლის პირველ კვარტალში AI-სთვის გამოყოფილ მთელ ბიუჯეტს ხარჯავენ და შემდეგ OpenAI-ის AI-მოდელებს ეკითხებიან, შესაძლებელია თუ არა სერვისის უფრო ეფექტიანად გამოყენება.
ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად როგორ შეამცირებს OpenAI ფასებს და შეეხება თუ არა ცვლილება მის ყველა მოდელს, მათ შორის GPT-5.5 Pro-ს. თუმცა, ალტმანის თქმით, კომპანია აქტიურად მუშაობს მოდელების ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე, რათა მომხმარებლებმა ნაკლები დანახარჯით მეტი შედეგი მიიღონ.
AI-ინდუსტრიაში ბოლო წლებში გავრცელდა ტერმინი „ტოკენმაქსინგი“, რომელიც თანამშრომლებისა და კომპანიების მიერ AI-ინსტრუმენტების მაქსიმალურად ინტენსიურ გამოყენებას აღწერს. თავდაპირველად ეს მიდგომა პროდუქტიულობის ზრდის საშუალებად მიიჩნეოდა, თუმცა დროთა განმავლობაში ბევრმა კომპანიამ აღმოაჩინა, რომ ტოკენების მოხმარებასთან დაკავშირებული ხარჯები სწრაფად იზრდება.
მაგალითად, Uber-ის ტექნოლოგიურმა დირექტორმა აპრილში განაცხადა, რომ კომპანიამ 2026 წლისთვის გათვალისწინებული AI-ბიუჯეტი უკვე სრულად ამოწურა. Financial Times-ის ინფორმაციით, Amazon-ის ზოგიერთმა თანამშრომელმა კი შიდა AI-ინსტრუმენტები ისეთ დავალებებშიც გამოიყენა, სადაც მათი საჭიროება არ არსებობდა, რათა ტოკენების მოხმარების მაჩვენებლები გაეზარდა. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა Meta-შიც.
ფასების შემცირების მიმართულებით ნაბიჯებს OpenAI-ის კონკურენტებიც დგამენ. Google-მა გასულ კვირას Gemini AI Plus-ის საბაზისო პაკეტის ფასი 8 დოლარიდან 5 დოლარამდე შეამცირა და მომხმარებლებს დამატებითი სერვისებიც შესთავაზა, მათ შორის Google Drive-ის მეხსიერების მოცულობის გაორმაგება.
ახალი ტარიფით Google-ი OpenAI-ის ყველაზე იაფ „Go“ პაკეტზე ხელმისაწვდომ შეთავაზებას აკეთებს. ინდოეთში კი, რომელიც AI-სერვისებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ბაზრად მიიჩნევა, Google-ისა და OpenAI-ის ყველაზე ხელმისაწვდომი პაკეტების ფასი დაახლოებით 399 რუპია, ანუ 4.2 დოლარია.













