ბრძოლა ნიკოტინის წინააღმდეგ - სად დგას მეცნიერება?

ბრძოლა ნიკოტინის წინააღმდეგ - სად დგას მეცნიერება?

მწეველების თამბაქოზე დამოკიდებულებას ნიკოტინი განაპირობებს, თუმცა ეს ნივთიერება არ წარმოადგენს მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების მთავარ მიზეზს, ვკითხულობთ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დასკვნაში.

“მწეველთა სიკვდილიანობას იწვევს არა ნიკოტინი, არამედ სიგარეტის კვამლი. ამის გათვალისწინებით, დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, უზრუნველვყოთ მწეველები ნიკოტინის სასურველი დოზით ტოქსიკური ნივთიერებების დიდი რაოდენობით შესუნთქვის გარეშე”, – აღნიშნავს კლაივ ბეითსი, არასამთავრობო ორგანიზაციის “Action on Smoking and Health (UK)” დირექტორი.

ყოველწლიურად მსოფლიოში 8 მილიონი ადამიანი მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების შედეგად იღუპება, მათგან 1.2 მილიონი კი პასიური მწეველია. ამ პრობლემასთან გამკლავების შესაძლებლობას ახალი ტექნოლოგიები და დღეს არსებული სამეცნიერო დასკვნები იძლევა, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია, 10-15 წელიწადში სრულად გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან – აღნიშნავენ 2023 წლის თებერვალში მადრიდში გამართული თამბაქოს ზიანის შემცირების სამიტის მონაწილე ექსპერტები.

“პრობლემა არის ის, რომ მიღებული გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი არ ეფუძნება საღ აზრს. ჩვენ გვაქვს სკანდინავიის ქვეყნების რეალური, კლინიკურ და ეპიდემიოლოგიურ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მაგალითი, რომელიც გვიჩვენებს, რომ სნუსის (ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტის) ბაზარზე არსებობა ამცირებს სიგარეტის მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებს. მიუხედავად ამისა, ევროკავშირში აკრძალულია სნუსის გაყიდვა.. ასეთი მიდგომა უკან გადადგმული ნაბიჯია, რომელიც კეთილი განზრახვის მიუხედავად, ზიანს აყენებს მრავალ ადამიანს…”, – აღნიშნავს კონსტანტინოს ფარსალინოსი, ონასის კარდიოლოგიური ქირურგიის ცენტრის მკვლევარი და კარდიოლოგი.

სკანდინავიის ქვეყნების მსგავსად, იაპონიაში გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების ბაზარზე გამოჩენის შედეგად სიგარეტის გაყიდვები სულ რაღაც 7 წელიწადში 30%-ით შემცირდა.

ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების მიმართ მსგავს მიდგომებს იყენებენ დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ახალი ზელანდიისა და კანადის მთავრობები. შედეგად, აღნიშნულ ქვეყნებში ტრადიციული სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი კლების ტენდენცია შეინიშნება.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სამეცნიერო მტკიცებულების, საერთაშორისო გამოცდილებისა და ქვეყნების წარმატებული მაგალითების მიუხედავად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მკაცრად უპირისპირდება ნიკოტინის შემცველ თამბაქოს უკვამლო პროდუქტებს და მოუწოდებს ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს, მოახდინონ აღნიშნული პროდუქტების მკაცრი რეგულირება.

“სამწუხაროდ, თავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერდა ზიანის შემცირებას თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციაში, დღეს იბრძვის არა ტრადიციული მოწევის, არამედ ნიკოტინის წინააღმდეგ და ეს ნათლად ჩანს მათ განცხადებებში. ჯანმო არის მთავრობებს, კანონმდებლებსა და მეცნიერებს შორის ნიკოტინის შემცველი თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შესახებ არსებული არასწორი აღქმების გავრცელების მიზეზი”, – განმარტავს კონსტანტინოს ფარსალინოსი.

თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თამბაქოს პანდემიასთან ბრძოლა რაციონალური და სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული საკანონმდებლო ინიციატივების შედეგად არის შესაძლებელი.

“რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ნიკოტინის შემცველ თამბაქოს ალტერნატიულ პროდუქტებთან დაკავშირებული რისკები, რომლებიც საკმაოდ ტრივიალურია, თუმცა, ჩვენი ყურადღება ძირითადად მისი შესაძლებლობებისკენ უნდა მივმართოთ. მცირე რისკების გამო, ჩვენ ხელიდან არ უნდა გავუშვათ შესაძლებლობა”, – აღნიშნავს კლაივ ბეითსი. S

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *