ბრენდი, რომელსაც ტურისტი მოჰყავს

ბრენდი, რომელსაც ტურისტი მოჰყავს

ბათუმში ტურისტული სეზონი 5-ვარსკვლავიანმა სასტუმრო Le Méridien-მა კარგი შედეგებით დაიწყო და სტუმრების მიღებას წარმატებით აგრძელებს. შავი ზღვის სანაპიროზე საერთაშორისო ბრენდ Marriott-ის სასტუმრო, რომელიც 230-მდე სტუმარს იტევს, უქმეებზე საშუალოდ 60–70%-ითაა დატვირთული.

ბათუმის კონკურენტულ გარემოში, პარიზული ბრენდი კრეატიულ და ცნობისმოყვარე მოგზაურებს მოულოდნელ გამოცდილებებს სთავაზობს. როგორც თავად Le Méridien-ში ამბობენ, ისინი აკმაყოფილებენ როგორც ბიზნეს ვიზიტორების მოთხოვნებს, ასევე ითვალისწინებენ მოგზაური ოჯახებისა და წყვილების ინტერესებსაც. თუმცა, ყველაზე საინტერესო აქ ის არის, რომ Le Méridien-ი განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს უტოვებს მათ, ვისაც ხელოვნება იტაცებს.

სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ხელოვნებასთან დაკავშირებული გამოცდილებები იმ მომენტიდანვე, როგორც კი ისინი შემოვლენ სასტუმროში. აქ მათ სხვადასხვა სივრცეში სხვადასხვა ცნობილი მხატვრის ნამუშევრები დახვდებათ, – ამბობს სასტუმროს გენერალური მენეჯერი ფაბიენ მარტინესი და დასძენს, რომ ხელოვნების ნიმუშები სპეციალურად მათი ბრენდისთვის შეიქმნა, რათა სტუმრებმა შეძლონ შეაბიჯონ Le Méridien-ის ახალ სამყაროში და დაისვენონ გემოვნებიან გარემოში.

თუ სასტუმროს ვარსკვლავებსაც დავთვლით, მარტივად გამოვიცნობთ, რომ აქ ყველაფერი განსაკუთრებულია. მათ შორის სამზარეულოც. სასტუმროს შეფ-მზარეულია ერიკ ტესტა, რომელიც მისი კარიერის განმავლობაში გამასპინძლებია ისეთ ცნობილ ადამიანებს, როგორებიცაა: ინგლისის დედოფალი, ენიო მორიკონე, მადონა, ბრედ პიტი, ელტონ ჯონი და სხვა.

Le Méridien-მა ფუნქციონირება ფაქტობრივად პანდემიის საწყის პერიოდში დაიწყო. სასტუმრო ოფიციალურად მარტში გაიხსნა და შექმნილი ვითარების გამო, მალევე დაიხურა. თუმცა, სწორად შერჩეული გეგმისა და პარტნიორების დახმარებით, გეგმა მისმა შემქმნელებმა ბოლომდე მიიყვანეს. შედეგად, Le Méridien-ის სასტუმრო, 105 ნომრით, ღია და დახურული აუზით, სპა და ფიტნეს ცენტრით, რესტორნებით, ლაუნჯითა და საკონფერენციო დარბაზებით, სტუმრების მისაღებად 8 ივნისსვე იყო მზად, როდესაც ქვეყანაში პანდემიის შემდეგ ტურიზმის სექტორი გაიხსნა.

სასტუმრო კავკასიაში ყველაზე მაღალი შენობის – “ბათუმი თაუერის“ ნაწილია, საიდანაც ვიზიტორებს შეუძლიათ ზღვას გადახედონ და ქალაქის ხედებით ისიამოვნონ. საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა დეველოპერული კომპანია “რედკოსა“ და თიბისისთან თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი. “რედკომ“ “ბათუმი თაუერის“ შენობა $25 მილიონად შეიძინა. ინვესტიციის ჯამური ოდენობა კი $80 მილიონია.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თიბისი ბიზნესის ხელშეწყობისთვის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

ეს პროექტი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან Le Méridien Marriott-ის ჯგუფში შემავალი ერთერთი ტოპბრენდია მსოფლიოში; მეორე მხრივ, ასეთი განსაკუთრებული დიზაინის მქონე სასტუმრო საქართველოში ლიმიტირებულია; და მესამე, ეს ტურიზმის ხელშეწყობის მხრივაც მნიშვნელოვანია, რადგან, როცა ასეთი ბრენდი შემოდის ქვეყანაში, მას თავისი ტურისტიც შემოჰყავს. ეს დამატებით სარგებელია, როგორც ქვეყნისთვის, ასევე კომპანიისთვის, – აღნიშნა თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის დირექტორის მოადგილემ, გიორგი დარჩიაშვილმა და დასძინა, რომ ეს პროექტი დასაქმების მხრივაც მნიშვნელოვანია. Le Méridien-ი უკვე 300 ადამიანს ასაქმებს.

თიბისისთვის რეგიონებში კორპორატიული კლიენტების მხარდაჭერა და ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის ხელშეწყობა რომ მნიშვნელოვანია, ეს არაერთ პროექტში გამოჩნდა. თიბისის ჯამური ინვესტიციის მოცულობა ტურიზმის სექტორში, კერძოდ სასტუმროების დაფინანსების მიმართულებით, უკვე 800 მილიონ ლარს შეადგენს. მხოლოდ აჭარის რეგიონში კორპორატიული სექტორის დაფინანსება ბანკმა 2019 წლის განმავლობაში 72%-ით გაზარდა.

“საზღვრების გახსნას ქვეყანა  მზად უნდა დახვდეს ახალი ინფრასტრუქტურით, მათ შორის სასტუმროებით და ჩვენ ვრჩებით მათ მხარდამჭერად. ტურიზმი ხომ ქვეყნის ერთერთი სტრატეგიული მიმართულებაა“, – ამბობს გიორგი დარჩიაშვილი.

მანამ ვიდრე ტურიზმის სექტორის პორტფელს უცხოელი ვიზიტორებიც შეავსებენ, საქართველოში შიდა ტურიზმი ვითარდება. სწორედ ამიტომაც საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Le Méridien-ი ამჟამად სწორედ ადგილობრივ ტურისტებზეა ორიენტირებული.

ჩვენი უახლოესი გეგმები ძირითადად დაკავშირებულია შიდა ტურიზმთან, ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით სამომავლოდ უფრო მეტი ვიზიტორის მოზიდვაზე. თუმცა, მაინც მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული საზღვრების გახსნაზე“, – ამბობენ სასტუმროში.

Le Méridien-ს საშუალო და გრძელვადიანი გეგმებიც აქვს. სასტუმროს გუნდი უცხოელი ტურისტებისთვის სხვადასხვა შეთავაზებას ამზადებს და მათ მოუთმენლად ელის. თუმცა, ერთი რამ ცხადია, საზღვრების გახსნის შემდეგ ამ ბრენდის სასტუმროს უცხოელი სტუმრების მოზიდვა არ გაუჭირდება. Le Meridien-ის ბრენდი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, ამიტომაც მისი მომსახურების ხარისხის შესახებ მოგზაურებმა უკვე ძალიან კარგად იციან.