ბრიტანეთი და ნორვეგია უკრაინას სამხედრო დახმარების სახით $585 მილიონს გამოუყოფს

ბრიტანეთი და ნორვეგია უკრაინას სამხედრო დახმარების სახით $585 მილიონს გამოუყოფს

გაერთიანებული სამეფო და ნორვეგია უკრაინას 450 მილიონი გირვანქა სტერლინგის (585 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების ერთობლივ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ზე დაყრდნობით The Kyiv Independent-ი ავრცელებს.

როგორც ირკვევა, 450 მილიონ გირვანქა სტერლინგში ბრიტანეთის მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრები 350 მილიონ გირვანქა სტერლინგს (455 მილიონი აშშ დოლარი) მოიცავს, ხოლო ნორვეგია დანარჩენ 100 მილიონ გირვანქა სტერლინგს (130 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს.

გავრცელებული ინფორმაციით, პაკეტი მოიცავს დაფინანსებას შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის ადრე მიწოდებული მანქანებისა და აღჭურვილობის, ასევე სარადარო სისტემების, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებისა და ასობით ათასი დრონისთვის.

The Kyiv Independent-ის ცნობით, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი დახმარების შესახებ ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს, ბრიუსელში დაგეგმილ რამშტაინის სამიტზე განაცხადებს. სამიტის თანათავმჯდომარეები დიდი ბრიტანეთი და გერმანია არიან. მის ფარგლებში, მსოფლიოს 50 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები ბელგიაში შეიკრიბებიან და უკრაინისთვის, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავენ.

ცნობისთვის, გაერთიანებულმა სამეფომ წელს უკრაინის დასახმარებლად უკვე 3 მილიარდი გირვანქა სტერლინგი (3,9 მილიარდი დოლარი) გამოყო. ამავდროულად, 7 აპრილს ნორვეგია უკრაინას საარტილერიო ჭურვების შესაძენად 454 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას დაჰპირდა.