ბრიტანეთი მსხვილი კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადების დაწესებას გეგმავს

ბრიტანეთი მსხვილი კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადების დაწესებას გეგმავს

დიდი ბრიტანეთი 2023 წლისთვის დიდი კომპანიებისთვის გადასახადების გაზრდას აპირებს. ამის მიზეზი პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკა და გაზრდილი საბიუჯეტო დანახარჯებია.

საუბარია მოგების გადასახადის 19%-დან 25%-მდე ზრდაზე, რაც ქვეყნის ფინანსთა მინისტრის თქმით, მსხვილი ეკონომიკების მქონე ქვეყნებში არსებულ გადასახადზე დაბალია. როგორც დაგეგმილია, გაზრდილი გადასახადი 2023 წლის აპრილიდან ამოქმედდება და მხოლოდ იმ კომპანიებს შეეხება, რომელთა წლიური მოგება დაახლოებით 250 000 გირვანქა სტერლინგს აღემატება. მსგავსი კომპანიები ქვეყანაში მოქმედი კომპანიების 10%-ია.

ცნობისთვის, ბრიტანეთის ეკონომიკამ ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა განიცადა, ამაზე, პანდემიის გარდა, ბრექსითმაც იქონია გავლენა, ვინაიდან დიდი ბრიტანეთი უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს გამოეყო.

გუშინ, ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა დამატებით 65 მილიარდი გირვანქა სტერლინგის  გამოყოფის პირობა დადო, რათა დასაქმებულებსა და ბიზნესებს ფინანსური დახმარება გაუწიონ.

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კორონავირუსის კრიზისის პერიოდში 400 მილიარდ გირვანქა სტერლინგზე მეტი ისესხა. საბიუჯეტო ვალი უკვე 2 ტრილიონ გირვანქა სტერლინგს  უახლოვდება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის მშპ-ი 2020 წელს დაახლოებით 10%-ით დაეცა. შედეგად, ქვეყნის ეკონომიკა 2013 წლის ზომას დაუბრუნდა. 5 იანვარს დაწესებული საყოველთაო ლოკდაუნი კი პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკას მორიგ დარტყმას მიაყენებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *