დიდი ბრიტანეთიდან დედამიწის ორბიტაზე დაგეგმილი პირველი ფრენა წარუმატებლად დასრულდა. მისია ბრიტანელი მილიარდერის, რიჩარდ ბრენსონის კომპანია Virgin Orbit-ს უნდა განეხორციელებინა.
როგორც ირკვევა, მისია, სახელწოდებით „Start Me Up“, წარმატებით დაიწყო. Virgin Orbit-ის გადამზიდი თვითმფრინავი Cosmic Girl-ი კორნუოლში მდებარე კოსმოსური ბაზიდან შეუფერხებლად აფრინდა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, Cosmic Girl-მა Virgin Orbit-ის 21 მეტრი სიგრძის რაკეტა LauncherOne-ი გაუშვა. რაკეტის პირველმა საფეხურმა დავალება წარმატებით შეასრულა და LauncherOne-ის ორი ეტაპი, როგორც დაგეგმილი იყო, ერთმანეთს განსაზღვრული დროის შემდეგ გამოეყო. ამის შემდეგ კი, რაკეტის იმ ნაწილს, რომელსაც ტვირთი დედამიწის ორბიტაზე უნდა აეტანა, პრობლემა შეექმნა, რის გამოც მან მისიის შესრულება ვერ შეძლო.
წარუმატებელი მისიის გამო ცხრა ხელოვნური თანამგზავრი დაიკარგა. კომპანიის წარმომადგენლებს მომხდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ. Virgin Orbit-ის სპეციალისტები მისიის წარუმატებლობის მიზეზის დადგენას უახლოეს დღეებში შეეცდებიან.