დიდი ბრიტანეთმა კიდევ ოთხი ქართველი მაღალჩინოსანი დაასანქცირა. მათ ორის არის საქართველოს გენერალური პროკურორი – გიორგი გაბიტაშვილი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი – კარლო კაციტაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – შალვა ბედოიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე – მირზა კეზევაძე.
როგორც ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესების მიზეზი ისაა, რომ ეს პირები ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე არიან პასუხისმგებელნი. არ გამოიძია მომიტინგეების დარბევის ფაქტები. გარდა ამისა, უშუალოდ გენერალურ პროკურორთან და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსთან მიმართებით აღნიშნულია, რომ მათ ზედმიწევნით არ გამოიძიეს მომიტინგეების მიმართ სერიოზული ძალადობის ფაქტები.
სანქციებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლამმიმ:
„მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გაუგონარი ძალადობის კადრები შოკისმომგვრელი იყო. 100 დღეზე მეტი გავიდა და ხელისუფლებამ არ დააყენა შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად „ქართული ოცნების“ მტკიცებისა, რომ ისინი საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიულ მომავალს აშენებენ.
დღევანდელი ჩვენი სანქციები აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფოსთვის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების ასეთი უხეში მეთოდები მიუღებელია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის განხილვას, მანამ სანამ საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელ ტრაექტორიას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მათ კონსტიტუციურ უფლებას, ისარგებლონ ფუნდამენტური თავისუფლებებით და განაგრძონ ევროპულ გზაზე სვლა“.
სანქცნიები ოთხივე მაღალჩინოსნის შემთხვევაში მოგზაურობის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას მოიცავს.