ბრიტანეთმა საქართველოში რეგისტრირებულ სამ კომპანიას სანქციები დაუწესა

ბრიტანეთმა საქართველოში რეგისტრირებულ სამ კომპანიას სანქციები დაუწესა

ფოტო: foxnews.com

 

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა და მასში საქართველოში რეგისტრირებული სამი კომპანიაც შეიყვანა. ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში აისახა.

დოკუმენტის თანახმად, ახალი სანქციები შეეხო საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს: Arvix LLC, Rapira Group LLC და Aifory LLC. ბრიტანული მხარის შეფასებით, აღნიშნული კომპანიები დაკავშირებული არიან რუსეთზე ორიენტირებულ კრიპტო და ფინანსურ პლატფორმებთან და შესაძლოა სანქციების გვერდის ავლის სქემებში გამოიყენებოდნენ.

„კრიპტო და უკანონო ფინანსური ქსელები, რომლებსაც რუსეთი დიდი ბრიტანეთის სანქციების გვერდის ავლის მიზნით იყენებს, ჩვენს სამიზნედ იქცა, რადგან მთავრობა აძლიერებს ზეწოლას პუტინის საომარ მანქანაზე უკრაინის მხარდასაჭერად.

პუტინის რეჟიმი სულ უფრო მეტად გრძნობს ზეწოლას როგორც ეკონომიკაზე სანქციების გამო, ისე ბრძოლის ველზე უკრაინის მხრიდან. ამ თვეში [2026 წლის მაისი] რუსეთმა შეამცირა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.3%-დან 0.4%-მდე და 2027 წლის პროგნოზიც გაანახევრა,“ – ვკითხულობთ ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციები მიმართულია ე.წ. „A7 ქსელის“ წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელსაც რუსეთი არსებული შეზღუდვების გვერდის ასავლელად და უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად იყენებს.

ბრიტანეთის მთავრობის შეფასებით, „A7 ქსელი“ კრემლის მიერ მხარდაჭერილი სისტემაა, რომელიც დასავლური სანქციების გვერდის ავლისთვის, სამხედრო შესყიდვების დასაფინანსებლად და ნავთობის გაყიდვიდან მიღებული თანხების ომის ეკონომიკის მხარდასაჭერად გამოყენებისთვის შეიქმნა. გავრცელებული ინფორმაციით, ქსელს გასულ წელს 90 მილიარდ დოლარზე მეტის ბრუნვა ჰქონდა, რაც რუსეთის წლიური სამხედრო ხარჯების დაახლოებით ნახევარს უტოლდება.

საერთო ჯამში, სანქციების გაფართოებულ სიაში 18 პირი და სუბიექტი შევიდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ჯგუფი იყენებს ყირგიზეთის ბანკს, რომელიც ქსელის გადახდების უზრუნველყოფაშია ეჭვმიტანილი, ასევე ერთ მსხვილ გლობალურ კრიპტობირჟას, რომელმაც, ბრიტანეთის მთავრობის ვარაუდით, კრემლს 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი თანხა მიაწოდა. „ჩვენ ასევე მიზანში ამოვიღეთ სამი ქართული კომპანია, რომლებიც რუსეთზე ორიენტირებულ ბირჟებზე ოპერირებენ და სანქციებისგან თავის არიდებაში დახმარებას ცდილობენ,“ – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება სანქციების ფორმას, ზემოხსენებული კომპანიების ყველა აქტივი, რომელიც ბრიტანეთის იურისდიქციაში აღმოჩნდება, გაიყინება, გარდა ამისა, ბრიტანეთში მოქმედ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკრძალებათ მათთან ნებისმიერი ფინანსური ან ბიზნესურთიერთობა.

ცნობისთვის, Arvix LLC 2023 წლის 26 ოქტომბერს არის რეგისტრირებული. ბიზნესრეესტრის თანახმად, კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი თამაზ გარაევია. Rapira Group LLC 2022 წლის 9 ნოემბერს არის რეგისტრირებული, თუმცა ამ დროისთვის ლიკვიდაციის რეჟიმშია. აღნიშნული კომპანიის მფლობელად და ლიკვიდატორად ილიას აჰაევია მითითებული, რომელიც ბრიტანეთის მოქალაქეა. დაბოლოს, Aifory LLC 2023 წლის 23 ივნისს არის რეგისტრირებული, მის 100%-იან წილს კი მიხაელ გევორქიანი ფლობს.