TikTok-ზე ყველაზე პოპულარული დამატებითი შემოსავლის წყაროები 2026 წელს

TikTok-ზე ყველაზე პოპულარული დამატებითი შემოსავლის წყაროები 2026 წელს

ფოტო: TikTok

TikTok-ზე დამატებითი შემოსავლის წყაროების შესახებ კონტენტი 2026 წელსაც ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ მიმართულებად რჩება. საინვესტიციო კვლევითი პლატფორმა BestBrokers-ის გუნდმა სოციალური მედიის აპლიკაციაზე მიმდინარე წლის მაისისთვის ყველაზე პოპულარული დამატებითი შემოსავლის წყაროები გააანალიზა და ათეული შემოგვთავაზა.

კვლევის ფარგლებში ავტორებმა ოთხი ძირითადი კატეგორია შეისწავლეს: აპლიკაციაზე დაფუძნებული ერთჯერადი შეკვეთები (gig work), ფრილანსინგი, ელექტრონული კომერცია (ინვენტარიზაციისა და არაინვენტარიზაციის მოდელები) და კონტენტის შექმნა. შეფასებისას გათვალისწინებული იყო ისეთი ფაქტორები, როგორიცაა საშუალო შემოსავალი, მაქსიმალური შემოსავლის პოტენციალი, სტაბილურობა, მასშტაბირების შესაძლებლობა, პლატფორმების საკომისიოები, წამოწყების ხარჯები და პროფესიული გადაწვის რისკი.

კვლევის მიხედვით, TikTok-ზე ყველაზე ხილვადი დამატებითი შემოსავლის კატეგორია ელექტრონული კომერციის ფრილანსინგია, რომელსაც 2026 წლის მაისის მდგომარეობით დაახლოებით 3.6 მილიონი პოსტი უკავშირდება. მეორე ადგილზეა ციფრული არტისტის კონტენტი – 2.7 მილიონი პოსტით, ხოლო მესამეზე დროპშიპინგი – 2.3 მილიონით.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ კატეგორიებში გავრცელებული ვიდეოები ხშირად ხაზს უსვამს სწრაფ ფინანსურ წარმატებას, „პასიურ შემოსავალს“ და ცხოვრების სტილის რადიკალურ ცვლილებას, თუმცა მასში იშვიათად საუბრობენ რეალურ სირთულეებზე, მაგალითად, რეკლამის ხარჯებზე, კონკურენციაზე, წარუმატებელ პროდუქტებზე, არასტაბილურ შემოსავალსა და მოგებასა და შემოსავალს შორის განსხვავებაზე.

10 ყველაზე პოპულარული დამატებითი შემოსავლის წყარო TikTok-ზე:
  1. ელექტრონული კომერციის ფრილანსერი — *3.6 მილიონი პოსტი
  2. ციფრული ხელოვნების არტისტი — 2.7 მილიონი პოსტი
  3. დროპშიპინგი — 2.3 მილიონი პოსტი
  4. ლაიფ-ქოუჩი — 1.7 მილიონი პოსტი
  5. ტუტორი / ონლაინ რეპეტიტორი — 671,700 პოსტი
  6. ბეჭდვა მოთხოვნის მიხედვით, იგივე POD-ბიზნესი — 623,682 პოსტი
  7. eBay-ზე გამყიდველი — 388,750 პოსტი
  8. Shopify-ის მაღაზიის მფლობელი — 287,500 პოსტი
  9. აფილირებული მარკეტერი — 183,328 პოსტი
  10. ქოფირაითერი — 176,627 პოსტი

*თითოეული კატეგორიის პოპულარობა დათვლილია TikTok-ზე ამ თემასთან დაკავშირებული სამი ყველაზე პოპულარული ჰეშთეგის პოსტების საერთო რაოდენობით.

კვლევის მიხედვით, განსაკუთრებით პოპულარულია ვიდეოები, რომლებიც საზოგადოებას AI-ინსტრუმენტების გამოყენებით სწრაფ გამდიდრებას ჰპირდება. მაგალითად, TikTok-ზე ხშირად გვხვდება განცხადებები, როგორიცაა „AI-დროპშიპინგი-ით თვეში $100,000-ის გამომუშავება“ ან „ცხოვრების სრულად შეცვლა სამ თვეში“.

ასევე აქტიურად ვრცელდება კონტენტი, რომელიც Canva-ს, OpenAI-ის ChatGPT-ისა და Printify-ის მსგავსი პლატფორმების გამოყენებით ციფრული პროდუქტების შექმნას ეხება. ზოგიერთი ვიდეო ამტკიცებს, რომ Etsy-ზე ერთმა პროდუქტმა ერთ თვეში $61,000 გამოიმუშავა, ან AI-ის დახმარებით შექმნილმა ელექტრონულმა წიგნებმა ათიათასობით დოლარის შემოსავალი მოიტანა.

თუმცა კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მსგავსი ვიდეოები ხშირად მხოლოდ მაქსიმალურ შედეგებს აჩვენებს და არ ასახავს პლატფორმების საკომისიოებს, მარკეტინგის ხარჯებს, ძლიერ კონკურენციასა და რეალურ რისკებს.

კვლევაში განსაკუთრებულადაა გამოყოფილი ლაიფ-ქოუჩი კატეგორია, სადაც კონტენტკრეატორები პირად გამოცდილებასა და აუდიტორიის ნდობას მონეტიზაციას უკეთებენ. ხშირად ისინი ამტკიცებენ, რომ სოციალური ქსელების დახმარებით ექვსნიშნა ბიზნესი შექმნეს, თუმცა იშვიათად საუბრობენ იმაზე, რამდენად რთულია სანდოობის ჩამოყალიბება და კლიენტების სტაბილური ბაზის შენარჩუნება.

კვლევის თანახმად, TikTok-ის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის მხოლოდ ონლაინ რეპეტიტორობა და ქოფირაითინგი გამოირჩევა შედარებით რეალისტური კონტენტით. ამ კატეგორიებში ვიდეოები ნაკლებად შეიცავს ექვსნიშნა შემოსავლების დაპირებებს და უფრო მეტად ფოკუსირდება პრაქტიკულ რჩევებზე: უნარების განვითარებაზე, კლიენტების მოძიებაზე, ფასების განსაზღვრასა და გრძელვადიანი კარიერის შექმნაზე.