გაერთიანებული სამეფოს ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა ენერგოკრიზისის დასაძლევად $150-მილიარდიანი გეგმა შეიმუშავა.
ლიზ ტრასის ეკონომიკური გუნდის მიერ მომზადებული გეგმა საგადასახადო შეღავათებს, სატარიფო სუბსიდიებსა და პირდაპირი დაფინანსების პროგრამებს მოიცავს. პროგრამა 18 თვეზეა გათვლილი და ის, მასშტაბების გათვალისწინებით, ბრიტანეთის ისტორიაში უპრეცედენტოა.
საგულისხმოა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით, საწვავისა და ბუნებრივი აირის ფასები მკვეთრად გაიზარდა. ბრიტანული გაზის ბენჩმარკის ფასი ერთწლიან ჭრილში 250%-ითაა გაზრდილი და მოსალოდნელია, რომ ზამთრის დადგომასთან ერთად აღნიშნული მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.
ზოგადად, ენერგორესურსების გაძვირება ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების დონის მკვეთრ ზრდას იწვევს – ამჟამად წლიური ინფლაცია ბრიტანეთში 10.1%-იან ნიშნულზეა, რაც გასული 50 წლის უმაღლესი მაჩვენებელია. გარდა ამისა, მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs-ი პროგნოზირებს, რომ მომავალ წელს ინფლაციის დონე ბრიტანეთში 25%-იან ნიშნულს მიაღწევს, რაც, უმეტესწილად, ენერგორესურსების გაძვირებით იქნება განპირობებული.
ამ ეტაპზე, ლიზ ტრასის ახალი ეკონომიკური გეგმის დეტალები საჯარო არ არის, თუმცა მას კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლებისა და პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.
აღსანიშნავია, რომ ენერგოკრიზისის დასაძლევად საგანგებო ზომებს იღებენ სხვა ევროპულ სახელმწიფოებშიც. გერმანიის მთავრობა $40-მილიარდიან დახმარების პაკეტზე მუშაობს; საფრანგეთის ენერგეტიკის სამინისტრო კი გაჩერებული ბირთვული რეაქტორების ამოქმედებას გეგმავს.