ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და დამოუკიდებელი მედიისთვის გადაუდებელი დახმარების სახით €230,000-ს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ X-ზე გაავრცელა.
„ჩეხეთი გმობს საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ბოლოდროინდელ ძალადობას და სოლიდარობას უცხადებს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს. დღეს ჩვენ ვამყარებთ ჩვენს ვალდებულებას 230,000 ევროს გადაუდებელი დაფინანსებით საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ეხმაურება. რამდენიმე დღის წინ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმაც გაავრცელა, რომელმაც თბილისსა და სხვა ქალაქებში მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა დაგმო.
„აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის გამბედაობით, რომელიც უარს არ ამბობს თავისი ქვეყნის ევროპულ ოცნებაზე, მათ ამაში ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვთ“, – განაცხადა პეტრ პაველმა.