10 აპრილიდან, ჩინეთი აშშ-დან იმპორტირებულ პროდუქციაზე ტარიფს არსებული 34%-დან 84%-მდე გაზრდის. აზიურმა ქვეყანამ გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ ჩინურ საქონელზე ტარიფების გაზრდისა და სავაჭრო პოლიტიკასთან დაკავშირებული დაძაბულობის ფონზე მიიღო.
ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებიდან ირკვევა, რომ შეერთებული შტატებისთვის ახალი სატარიფო განაკვეთი ხვალ, თბილისის დროით 09:01 საათიდან ამოქმედდება.
„2025 წლის 8 აპრილს აშშ-ის მთავრობამ გამოაცხადა, რომ გაზრდის „საპასუხო ტარიფს“ აშშ-ში ექსპორტირებულ ჩინურ საქონელზე 34%-დან 84%-მდე.. აშშ-ის პრაქტიკა ჩინეთზე ტარიფებს ზრდასთან დაკავშირებით, არის შეცდომა შეცდომაზე — რაც სერიოზულად არღვევს ჩინეთის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს წესებზე დაფუძნებულ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას“, — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სწორედ ამ ნაბიჯების საპასუხოდ ჩინეთი აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე გადასახადს 34%-დან 84%-მდე გაზრდის.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ჩინეთს უკვე დაემუქრა დამატებით 50%-იანი ტარიფის დაწესებით, თუ პეკინი არ გააუქმებდა 34%-იან (ახლა უკვე 84%-იან) საპასუხო ტარიფს ამერიკულ პროდუქციაზე, რომლის ამოქმედებაც ხუთშაბათს იგეგმება. საინტერესოა, როგორ უპასუხებს ჩინეთის ნაბიჯს ტრამპი, რომლის მიერ აზიური ქვეყნისთვის დაწესებული ტარიფები ჯამურად 104%-ს აღწევს.