ჩინეთის ეკონომიკას 2035 წლისთვის გაორმაგების შანსი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გადაუსწრებს აშშ-ის ეკონომიკას და მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა გახდება. ამის შესახებ Bank of America-ს ეკონომისტები მსჯელობენ.
ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ თავისუფლად შესაძლებელია, ქვეყნის მშპ და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი დაახლოებით 14 წელიწადში გაორმაგდეს.
ამისთვის საჭიროა, რომ მომდევნო 15 წლის მანძილზე ამ ქვეყნის ეკონომიკას წლიურად საშუალოდ 4.7%-იანი ზრდა დაუფიქსირდეს, რაც, ცალკეული სპეციალისტების თქმით, რთულად მისაღწევია. Bank of America-ს ეკონომისტის ჰელენ ქიაოს თქმით, ჩინეთს ამის მიღწევაში რამდენიმე რეფორმა დაეხმარება.
ამასთან, მისივე თქმით, მშპ-ის გაორმაგების შემთხვევაში ჩინეთი აშშ-ს დაახლოებით 2027-2028 წელს გაუსწრებს.
ცნობისთვის, ჩინეთი ერთ-ერთი ქვეყანა იყო იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, როლებმაც 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, ზრდა მოახერხეს. ოფიციალური მონაცემებით, ამ ქვეყნის ეკონომიკა 2.3%-ით გაიზარდა. მიმდინარე წელს კი საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ჩინეთს 8.1%-იან ზრდას უქადის. შედარებისთვის, აშშ-ის ეკონომიკა გასულ წელს 3.5%-ით შემცირდა, წელს კი IMF აშშ-ის ეკონომიკის 5.1%-იან ზრდას პროგნოზირებს.
რამ შეიძლება, შეუშალოს ხელი ჩინეთის ეკონომიკურ ზრდას? Bank of America-ს ეკონომისტი ჰელენ ქიაო რამდენიმე მიზეზს ასახელებს:
- ჩინეთის მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერება.
- ჩინეთის ვალის მაღალი დონე მშპ-სთან მიმართებით ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.
- ქვეყნის ინვესტიციების ზრდის მოდელი მდგრადი და გრძელვადიან პერსპექტივაში ზრდაზე ორიენტირებული არ არის.
ეკონომისტის მიხედვით, აღნიშნული ფაქტორები შეანელებს ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროცესს, თუმცა ქვეყნის მთავრობას შემუშავებული აქვს პოლიტიკა, რაც გამოწვევების საპასუხოდ გამოადგება. მიუხედავად ამისა, რისკები მაინც არსებობს. როგორც ეკონომისტი ქიაო ამბობს, მიუხედავად დაპირებული რეფორმებისა, კიდევ ბევრი ფაქტორია, რაც მხოლოდ ჩინეთის მთავრობაზე არაა დამოკიდებული. ეკონომისტი ამ კონტექსტში ასახელებს ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაპირისპირებასაც.
„მათ შორის ურთიერთობა დათბება? იქნება მშვიდი და ტკბილი კავშირები? არ ვართ დარწმუნებული“, – დასძენს ეკონომისტი.