ჩინეთისგან მომავალი საფრთხის გასანეიტრალებლად ავსტრალია $1.1-მილიარდიან პორტს ააშენებს

ჩინეთისგან მომავალი საფრთხის გასანეიტრალებლად ავსტრალია $1.1-მილიარდიან პორტს ააშენებს

ჩინეთისგან მომავალი საფრთხის გამო, ავსტრალია ტიმორის ზღვის მოსაზღვრე ქალაქ დარვინში, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარეობს, ახალი პორტის აშენებას გეგმავს, რისთვისაც $1.1 მილიარდს გამოყოფს, – ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ბარნაბი ჯოისმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ჩრდილოეთ ტერიტორიის მონახულებისას განაცხადა. საინტერესოა, რომ ქალაქ დარვინში მეორე პორტიც არის, რომელიც 2015 წელს ჩინურ Landbridge Group-ს სალიზინგო ხელშეკრულებით გადაეცა და ახალი პორტის აშენება სწორედ ამ გარიგების პოტენციური საფრთხის გასანეიტრალებლად იგეგმება.

„ჩვენი დროების გეოპოლიტიკური გარემო შეიცვალა – ნეტავ ეს ასე არ ყოფილიყო, რადგან არასტაბილურობა არავის სურს“, – განაცხადა ბარნაბი ჯოისმა. „ეს არავის სურს, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ჩინეთი მილიტარისტურად მოემართება სამხრეთისკენ და უკვე ვხედავთ, რომ სოლომონის კუნძულებზე ბაზის შექმნა სურთ“. ავსტრალიის ვიცე-პრემიერმა ისიც თქვა, რომ ავსტრალია, რაც შეიძლება მალე უნდა გაძლიერდეს და ახალი პორტის აშენება ამისთვის იდეალური იქნება, რადგან ამ გზით ქვეყანაში საექსპორტო თანხები შემოედინება.

ცნობისთვის გეტყვით, რომ დარვინის არსებულ პორტსა და ჩინურ Landbridge Group-ს შორის $378 მილიონად შეფასებული სალიზინგო ხელშეკრულება 2015 წელს გაფორმდა, მაგრამ ავსტრალიასა და ჩინეთს შორის ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ავსტრალიისთვის ერთგვარ თავის ტკივილად იქცა.

თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ავსტრალიისთვის, დარვინი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილია, სადაც 2500 ამერიკელი მეზღვაური არის განლაგებული. ამასთანავე, ავსტრალიის ხელისუფლების მიერ 2021 წელს გამოქვეყნებულ კვლევას თუ დავუჯერებთ, ამ პორტის ჩინური კომპანიის მმართველობის ქვეშ არსებობა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საზიანო არ არის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *