Reuters: ევროკავშირის ოფიციალური პირები ისრაელის სათვალთვალო პროგრამის სამიზნეები გახდნენ

Reuters: ევროკავშირის ოფიციალური პირები ისრაელის სათვალთვალო პროგრამის სამიზნეები გახდნენ

მედია სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, გასულ წელს ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირები ისრაელში დაფუძნებული კომპანიის მიერ შექმნილი სათვალთვალო პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის სამიზნეები გახდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა ევროკავშირის ოფიციალურ პირებსა და მათთვის მიწოდებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად, სათვალთვალო პროგრამის სამიზნე შარშან ბელგიელი პოლიტიკოსი დიდიე რეინდერსი, იუსტიციის საკითხებში ევროკომისარი, გახლდათ. გარდა ამისა, Reuters-ის წყაროს ცნობით, სამიზნე კომისიის ოთხი სხვა წევრიც გახდა.

საინტერესოა, რომ თავად ევროკომისიის წევრებმა აღნიშნული ამბავი 2021 წლის ნოემბერში Apple-ის მიერ სმარტფონებზე გაგზავნილი მესიჯით შეიტყვეს. Apple-ის გაფრთხილებით, აღნიშნული პიროვნებები სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი თავდასხმის მსხვერპლნი იყვნენ. ცნობისათვის, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც Apple-მა საკუთარ მომხმარებლებს მსგავსი შინაარსის შეტყობინება გაუგზავნა.

Reuters-ს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ გამოიყენა სათვალთვალო პროგრამით დიდიე რეინდერსისა და მისი ბელგიელი კოლეგების დაჰაკვის შედეგად მიღებული ინფორმაცია. გარდა ამისა უცნობია, თუ რა სახის ინფორმაცია მიიღეს ჰაკერებმა სავარაუდო კიბერთავდასხმით.

უსაფრთხოების მკვლევრების მოსაზრებით, ჰაკერული თავდასხმა 2021 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე პერიოდში მოხდა. იარაღად კი ისრაელში დაფუძნებული კიბერუსაფრთხოების კომპანიის, NSO-ს ჯგუფის მიერ შექმნილი სათვალთვალო პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა გამოიყენეს. თავად NSO-ს განცხადებით Reuters-ის მიერ აღნიშნული კიბერთავდასხმა კომპანიის მიერ შექმნილი ხელსაწყოებით ვერ მოხდებოდა.