ტრამპის ადმინისტრაციის ბოლო ნაბიჯების საპასუხოდ, ჩინეთმა აშშ-ის ყველა სახის პროდუქციის იმპორტზე ტარიფები 125%-მდე გაზარდა. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მზარდ სავაჭრო დაპირისპირებაზე კომენტარი პირველად გააკეთა და ევროკავშირისგან მხარდაჭერა მოითხოვა.
პეკინის სახელმწიფო საბჭოს სატარიფო კომისიის განცხადებით, აშშ-ის ყველა სახის საქონლის იმპორტზე ტარიფებს 84%-დან 125%-მდე გაზრდის. კომისიის თქმით, ეს არის საპასუხო ნაბიჯი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელმაც არსებული ინფორმაციით, ჩინეთისთვის იმპორტზე გადასახადი ჯამურად მინიმუმ 145%-მდე გაზარდა.
ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი არ აპირებენ რეაგირებას აშშ-ის მიერ ტარიფების განაკვეთის შემდგომ ზრდაზე და დასძინეს, რომ „არანორმალურად მაღალი ტარიფები“ საერთაშორისო ვაჭრობის წესებს არღვევს.
აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა პეკინში ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან შეხვედრისას სატარიფო დაპირისპირებაზე საჯაროდ ისაუბრა.
სი ძინპმა კიდევ ერთხელ გააჟღერა თავისი ქვეყნის პოზიცია, რომ „სატარიფო ომში გამარჯვებული არ არსებობს“. გარდა ამისა, პრეზიდენტმა მოუწოდა ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს პეკინს, რათა „ცალმხრივი ბულინგის პრაქტიკას“ ერთიანი ძალებით ებრძოლონ.