„ჩინეთში მიმდინარე მოვლენებს უნდა მივაქციოთ ყურადღება" – „საქართველოს ფოსტის“ გენდირექტორი

„ჩინეთში მიმდინარე მოვლენებს უნდა მივაქციოთ ყურადღება" – „საქართველოს ფოსტის“ გენდირექტორი

„უფრო მეტად მნიშვნელოვანი მოვლენები მიმდინარეობს მსოფლიოში, ვიდრე პანდემიაა“, – ამის შესახებ „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ Forbes Talks-ში განაცხადა გიორგი ისაკაძის კითხვის პასუხად,  არის თუ არა პანდემიის პერიოდი საუკეთესო დრო „საქართველოს ფოსტის“ აქტივის გასაყიდად.

„რა თქმა უნდა, პანდემიას ჰქონდა და აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, თუმცა  [პანდემიამ] შეიძლება გაზარდოს კიდეც ღირებულება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ელ-კომერციის მოცულობა გაიზარდა“, – აღნიშნა ჩიკვაიძემ.

მან ისაუბრა ჩინეთსა და სინგაპურში მიმდინარე მოვლენებზეც და აღნიშნა, რომ აზიაში არსებული ვითარება საქართველომ სათავისოდ უნდა გამოიყენოს.

„ჩინეთის ფოსტას დღეს ყველაზე დიდი კონსოლიდატორი აღარ აწვდის ელექტრონული კომერციით მიღებულ პროდუქციას დანარჩენ მსოფლიოში გასანაწილებლად. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი უფრო საინტერესოა ჩემთვის, ვიდრე როდის დასრულდება პანდემია. იქ მილიარდებზეა საუბარი და იქ არის უამრავი კერძო კომპანია, ვინც ჩინეთის ფოსტის ნაცვლად აწყობს ლოგისტიკურ ქსელებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს უფრო საინტერესო პროცესია. აქ უნდა მოვხვდეთ, გამოვიყენოთ საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა, მარტო ის არ გვიშველის, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ. აქ უნდა ბევრი მუშაობა იმას, რომ იყოს შესაბამისი ავიარეისები იყოს და სახმელეთო მიმართულებები“, – განაცხადა ჩიკვაიძემ.

მისივე თქმით, ლოგისტიკური გზებია განსავითარებელი. „ისეთ მოვლენებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, როგორიც მე ჩინეთში აგიღწერეთ, სინგაპურშიც იმავეს შეიძლება ველოდოთ“, – განაცხადა „საქართველოს ფოსტის“ გენდირექტორმა.

ცნობისთვის, „საქართველოს ფოსტის” შესაძლო პრივატიზების თაობაზე  ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, რის შესახებაც მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ Bloomberg-თან ინტერვიუში ისაუბრა. 2020 წლის ბოლოს კი ნათია თურნავა აცხადებდა, რომ ფოსტის პრივატიზების საკითხს მთავრობა 2021 წელს დაუბრუნდებოდა.

გასულ კვირას კი „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ფოსტის ეტაპობრივი გასხვისების კუთხით ინტერესები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე უკვე გამოიკვეთა, თუმცა ის არ აკონკრეტებს, რა ნაწილი გასხვისდება პირველ ეტაპზე.