ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი, Baidu ჩინეთის გზებზე პირველ თვითმართვად ტაქსებს გაუშვებს, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. როგორც ირკვევა, შესაბამისი ნებართვა კომპანიამ მარეგულირებლისგან უკვე მიიღო. Baidu-ს თვითმართვადი ტაქსები თავდაპირველად ვუჰანსა და ჩონგჩინგში გამოჩნდება, სადაც ისინი დილიდან საღამომდე, გარკვეულ დროს ივლიან.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთის მარეგულირებლის ამგვარი გადაწყვეტილებით, ჩინეთში არსებული სარეგულაციო პოლიტიკა ოფიციალურად შერბილდა და პრეცედენტი შეიქმნა, რომლის მიხედვით, თვითმართვად ავტომობილებს გზებზე სიარული სრულად დამოუკიდებლად, ადამიანი მძღოლის კონტროლის გარეშე შეუძლიათ. ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ეტაპზე, ამგვარი უფლება მხოლოდ Baidu-მ მოიპოვა, რაც ამ კომპანიას, მის კონკურენტებთან, Pony.ai-სა და XPeng-თან შედარებით უპირატეს პოზიციაში აყენებს.
ისე კი, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Baidu-სა და Pony.ai-ს შორის განვითარების კუთხით არსებული სხვაობა არც თუ ისე დიდია. შეგახსენებთ, რომ პეკინში თვითმართვადი ავტომობილების გამოყენების ნაწილობრივი ნებართვა ორთავე კომპანიამ მიმდინარე წელს მოიპოვა. აქვე უნდა განიმარტოს, რომ ნაწილობრივი ნებართვა ისეთ შემთხვევებს გულისხმობს, როცა ავტომობილში ადამიანი მძღოლი იმყოფება, რომელმაც კრიტიკული აუცილებლობის შემთხვევაში მანქანა თავად უნდა მართოს.
როგორც ირკვევა, Baidu ჩინეთის ორი ქალაქით არ კმაყოფილდება და გაფართოებასაც გეგმავს, მათ შორის პეკინსა და გუანჯოუში, რისთვისაც შესაბამის მარეგულირებლებს მიმართავს, – ამის შესახებ Baidu Intelligence Driving Group-ის ვიცე პრეზიდენტმა, ვეი დონგმა განაცხადა.
„ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მთვარეზე დავეშვით და იქ საკუთარი ბაზა გავხსენით“, – განაცხადა დონგმა ერთ-ერთ ინტერვიუში. „ამიერიდან, მარსზე, ან სულაც ჩვენი მზის სისტემის მიღმა გასვლა – მხოლოდ დროის ამბავია“.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თვითმართვადი ავტომობილებისა და ტაქსების გამოჩენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გლობალური ტრენდია, რომელიც ჩინეთისთვის უნიკალური სულაც არ გახლავთ. შეგახსენებთ, რომ General Motors-ის მიერ მხარდაჭერილმა სტარტაპმა, Cruise-მა, სან-ფრანცისკოში სრულად თვითმართვადი ავტომობილების გამოყენების ნებართვა ჯერ კიდევ ივნისში მოიპოვა, მაგრამ მას შემდეგ, ავტომობილები ორჯერ მოყვნენ ავტოსაგზაო შემთხვევაში, რის გამოც კომპანია სამართლებრივ ხათაბალაში გაეხვა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Baidu უზარმაზარი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ჩინეთის უდიდეს საძიებო სისტემას ფლობს. თუმცა მობილური ერის შემოსვლასთან ერთად, ბოლო წლებში, კომპანიის მიერ რეკლამების განთავსების ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი საგრძნობლად შემცირდა, რის გამოც, კომპანია ხელოვნური ინტელექტისა და თვითმართვადი ავტომობილების ბიზნესში ჩაერთო.
საინტერესოა, რომ საავტომობილო მიმართულებით, Baidu აწარმოებს, როგორც პროგრამულ უზრუნველყოფას, ასევე აპლიკაციებს. ამა წლის ივლისში კი, Baidu-მ საკუთარი წარმოების რობოტაქსების ახალი მოდელი, Apollo RT6-ი წარმოადგინა, რომლის შექმნა, კომპანიის განცხადებით, წინა მოდელთან შედარებით 50%-ით უფრო იაფი ჯდება.
აღსანიშნავია, რომ Baidu-ს ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე, ჩინეთის გზებზე არსებული თვითმართვადი ტაქსების ავტოპარკი გაორმაგდება და 600-ს ერთეულს შეადგენს.