ჩინური ინვესტიციების აბრეშუმის გზა

ჩინური ინვესტიციების აბრეშუმის გზა

Hualing Group-მა საქართველოში თითქმის $500,000,000 დახარჯა და ეს მხოლოდ დასაწყისია.

ივლისში გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის მიმოხილვაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გლობალურ ეკონომიკას მიმდინარე და მომავალი წლებისთვის Brexit-ის გამო წინა მიმოხილვით ნავარაუდევზე ნაკლები ზრდა უწინასწარმეტყველა. ზრდის პროგნოზი შეუმცირდა მსოფლიოს #1 ეკონომიკასაც, მაგრამ არა #2-ს. პირიქით, ჩინეთის ეკონომიკა მიმდინარე წელს 0.1 პროცენტული პუნქტით უფრო მეტად გაიზრდება, ვიდრე წინა მიმოხილვაში იყო ნავარაუდევი და 6.6%-ს მიაღწევს.

დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით სტაბილური ეკონომიკური ზრდის ფონზე, ჯერჯერობით #2 ეკონომიკა სულ უფრო მეტად იმყარებს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორის ტიტულს. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ექსპორტში ჩინეთს 9% უკავია, ანუ ზუსტად იმდენი, რაც რუსეთს, ხოლო იმპორტში – 5% ცხადია, ეს ბევრი არ არის, როცა საუბარია 1.3-მილიარდიან ბაზარზე და განვითარების პოტენციალი, სავარაუდოდ, ბევრად მეტია. სწორედ ამიტომ, დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და 22 ივლისს თბილისში გამართული მესამე რაუნდის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა შეთანხმება ძალაში სულაც წლის ბოლომდე შევიდეს. ამას სავსებით რეალურად მიიჩნევს საქართველოსთვის უმსხვილესი ჩინელი ინვესტორი კომპანიის, „ჰუალინგ ჯგუფის“, გენერალური დირექტორის მოადგილე, მი წაიცი.

კომპანია, რომელსაც ბატონი წაიცი წარმოადგენს, შეიძლება ითქვას, პირველი საინვესტიციო მერცხალია ჩინეთიდან, რომელმაც საქართველოში ინვესტირება 2007 წლიდან დაიწყო და $500-მილიონიანი კაპიტალით ამ დროისთვის განხორციელებული აქვს 7 საინვესტიციო პროექტი, დაწყებული ხე-ტყის გადამუშავებით, დამთავრებული სასტუმროებით თბილისსა და ქუთაისში. თუმცა „დამთავრებული“ აქ პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ, რადგან კომპანია ჯერ მხოლოდ იწყებს. ყოველ შემთხვევაში, ასე მიიჩნევს მისი გენერალური დირექტორის მოადგილე და იმავეს მოწმობს ბოლოდროინდელი სიახლეებიც: „ბაზის ბანკის“ გამსხვილება „ბანკ რესპუბლიკის“ საკონტროლო პაკეტის შეძენით ავიაკომპანია „ჰუალინგ ჯგუფისაგან“, ცემენტის ქარხანა დასავლეთ საქართველოში, ჩაის კულტურის აღორძინების პროექტი ჩინეთისა და საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით და თვით გაზსაცავის პროექტში ჩართვის ინტერესიც კი, რაც კომპანიამ უკვე დაადასტურა.

ქალაქ ურუმჩიში დაფუძნებული “ჰუალინგი” თითქმის 20–წლიანი განვითარების შედეგად ჩამოყალიბდა იმ კომპანიად, რასაც ამჟამად წარმოადგენს. დღეისთვის მის ბალანსზე რეგისტრირებული კომპანიების კაპიტალი 500 მილიონ იუანს აჭარბებს და მოიცავს სამშენებლო ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების დაახლოებით 100 კომპანიას, 2 მილიონი კვადრატული მეტრის საწარმოო ფართის უძრავი ქონების მმართველ კომპანიას და 4 დიდ საბითუმო ბაზარს.

ბუნებრივია, ასეთი მასშტაბების კომპანია მასშტაბური ქვეყნიდან, მასშტაბებზე უარს არც პატარა, მაგრამ „საინვესტიციოდ მიმზიდველ“ საქართველოში იტყოდა. „ჰუალინგი“ „საინვესტიციო მიმართულებების არჩევისას ისეთ პროექტებზე აკეთებდა აქცენტს, რომლებიც კომპანიის უკვე არსებული საქმიანობის ძირითადი სფეროების განვითარებას შეუწყობდა ხელს“ და შედეგად, 420 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე „თბილისის ზღვის ახალი ქალაქისა“ და „ჰუალინგის საერთაშორისო ეკონომიკური ზონის“ პროექტის განხორციელებით დაიწყო. ეს კომპანიის ყველაზე მსხვილი პროექტია საქართველოში და ის 10 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს. „ჰუალინგში“ ირწმუნებიან, რომ 2014 წლისთვის განხორციელებულ სამუშაოებზე უკვე დახარჯული იყო 170 მილიონი დოლარი.

23 დასრულებულ კორპუსს და ხუთვარსკვლავიან სასტუმროს “ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი”-ს მალე 12 ახალი კორპუსი, ასევე სააგარაკო სახლები და ტურისტულ-დასასვენებელი ზონა შეემატება. ტერიტორიის უახლესი შენაძენი კი „თბილისის ზღვის ჰოსპიტალია , 500 დასაქმებულითა და მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი 100-საწოლიანი თანამედროვე კლინიკა, რომელიც „ჰუალინგს“ 4.5 მილიონი დოლარი დაუჯდა. ჯგუფს უკვე გადაწყვეტილი აქვს სამომავლოდ კიდევ ერთი, 400–საწოლიანი კლინიკის მშენებლობაც.

„ჰუალინგ ჯგუფის“ გენერალური დირექტორის მოადგილეს არ სურს ივარაუდოს, რამდენი ჩინელი ინვესტორი მიბაძავს მის კომპანიას და დაიწყებს საქართველოში ინვესტირებას, თუმცა როცა ამბობს „სამომავლოდ“, მი წაიცი ერთ ან ორ პროექტს არ გულისხმობს. „ჰუალინგი“ დეკემბერში თბილისის ზღვაზე 120 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსებული სავაჭრო კომპლექსის „თბილისის ზღვის პლაზას“ გახსნას აპირებს, დაგეგმილია სკოლისა და ფოსტის მშენებლობაც. კომპანიას აქვს გეგმები ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებითაც, სადაც „ჰუალინგი“ 20–წლიანი ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებულ სამშენებლო ქვას და შეღავათიანი პირობებით მოპოვებულ ხე-ტყეს ამუშავებს, აწარმოებს ავეჯს და ფოთის პორტის გავლით ექსპორტზე გააქვს ბაჟის გარეშე. მრავალფეროვან გეგმებს შორის ყველაზე საინტერესო მაინც ისინია, რომლებიც საბანკო სექტორს უკავშირდება, მას მერე, რაც „ჰუალინგმა“ 1.5 მილიარდ ლარზე მეტი აქტივების მქონე „ბანკ რესპუბ ლიკის“ საკონტროლო პაკეტის შესყიდვაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწია „სოსიეტე ჟენერალთან“.

რამდენად გაუმჯობესდება თქვენი პოზიციები ქართულ საბანკო სექტორში „ბანკ რესპუბლიკის“ საკონტროლო პაკეტის შესყიდვის შემდეგ?

ამჟამად მხარეებს შორის წინასწარი ხელშეკრულებაა ხელმოწერილი. საბოლოო გარიგება დამოკიდებულია ე.წ. Due Diligence-ზე, ისევე როგორც მავალდებულებელი ხელშეკრულების ირგვლივ მოლაპარაკებებზე, მის ხელმოწერასა და ჩინეთ-საქართველოს შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების ნებართვებზე. ამ გარიგების მეშვეობით „ჰუალინგ ჯგუფის“ წილი საქართველოს საბანკო სექტორში ამჟამინდელი 3.2%-დან 10%-მდე გაიზრდება. ჩვენ გვჯერა, რომ ქართულ საბანკო სექტორში მესამე ადგილს დავიმკვიდრებთ და ბაზარზე ჩვენს პოზიციას განვიმტკიცებთ. ამისთვის ვგეგმავთ „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ სტრატეგიული გეგმის მიხედვით და ჩინეთ-საქართველოს სტაბილურად მზარდი ურთიერთობების მეშვეობით, კვლავაც გავაგრძელოთ ქართული მცირე და საშუალო საწარმოების, ფიზიკური პირებისა და ჩინური კაპიტალის მქონე კომპანიების უზრუნველყოფა მაღალხარისხიანი ფინანსური პროდუქტებითა და მომსახურებებით. განიხილება სამომავლოდ ჩვენი ბანკის აქციების საფონდო ბირჟაზე განთავსებაც, სავარაუდოდ – ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ის, თუ როდის მოხდება ეს, ბანკის განვითარების ტემპის მიხედვით გადაწყდება.

“ჰუალინგ ჯგუფისგან” ერთგვარი სიურპრიზი იყო საქართველოში ავიაკომპანიის დაფუძნებაც. რატომ გაგიჩნდათ ამის სურვილი და რა გამოცდილება გაქვთ ამ მიმართულებით, მაგალითად, ჩინეთში?

საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს და უნიკალური გეოგრაფიული უპირატესობები აქვს – ევროპისგან, შუა აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკისგან სულ რაღაც 3-4–საათიანი ფრენა აშორებს. ეს სამი რეგიონი კი ყველაზე ინტენსიური მიგრაციით ხასიათდება. ამის გათვალისწინებით, ავიაკომპანიის დაფუძნებით ჩვენ ვეცდებით, ერთგვარი ხიდი შევქმნათ ჩინელებსა და ევროპელებს შორის, რომლის მეშვეობითაც ჩინეთის მოქალაქეები შეძლებენ უფრო ხშირად იმოგზაურონ ევროპაში, შუა აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში თბილისის გავლით. თბილისი ტრანზიტული კვანძის როლს ითამაშებს. მით უმეტეს, რომ ჩვენ საქართველოს გავუწევთ პოპულარიცაზიას ჩინეთში, როგორც ერთ-ერთ ულამაზეს ქვეყენას, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ საქართველოც შევიდეს იმ ქვეყანათა სიაში, სადაც ჩინელები ხშირად მოგზაურობენ. მეორე მხრივ, ხალხის მიმოსვლის სიხშირე ჩინელი და ქართველი ერების მეტად დაახლოების საწინდარია. სწორედ ამიტომ, იმ ფონზე, როცა „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ სტრატეგიული გეგმა ოფიციალურად იღებს სტარტს, ჩინეთის სახელმწიფო ამგვარ პროექტებს მხარს უჭერს და ამდენად, ავიაკომპანიის დაფუძნებისათვის ძალიან კარგი გარეშე პირობებიც არსებობს. ფრენები, სავარაუდოდ, ახალ წლამდე დაიწყება. ამჟამად ავიაკომპანია Myway-ს სამუშაო გუნდი უკვე დაკომპლექტებულია მფრინავებით, საინჟინრო-სარემონტო სამუშაოების სპეციალისტებით და ა.შ. შემიძლია გითხრათ, რომ ეს გუნდი ძალიან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან. ივლისში იგეგმება საქართველოს სამოქალაქო ავიაციისათვის განაცხადის ჩაბარება. ამასობაში, „ბოინგის“ B737-800 ტიპის ორმა თვითმფრინავმა უკვე გაიარა ფრენისათვის ვარგისობის შემოწმება და მათი შესყიდვა აგვისტოში იგეგმება. შემდეგში გავფართოვდებით და შევიძენთ უფრო ფართო კორპუსის მქონე თვითმფრინავებსაც, ისევე როგორც დავიწყებთ კონტინენტთაშორისი მარშრუტების შესრულებას. 5-დან 10 წლამდე პერიოდში თვითმფრინავების რაოდენობას 50-მდე გავზრდით.

ჯგუფის სხვა მიმართულებებზეც რომ ვისაუბროთ, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური – სასტუმროების ბიზნესია. რა ეტაპზეა ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში დაგეგმილი სასტუმროს მშენებლობა?

ეკონომიკის სამინისტროსა და ჩვენს კომპანიას შორის ოფიციალურად დასრულდა სამინისტროს ყოფილი შენობის მიღება-ჩაბარების პროცედურები. წელსვე დასრულდება სასტუმროს პროექტირება, ისევე როგორც შენობის კარკასის რეკონსტრუქცია. მომავალ წელს უკვე შენობის შიდა და გარე სარემონტო სამუშაოებს დავიწყებთ, ხოლო 2018 წელს კეთილმოწყობის სამუშაოებს დავასრულებთ. 2019 წელი, სავარაუდოდ, სასტუმროს ოფიციალური გახსნისთვის საჭირო მოსამზადებელ სამუშაოებს დაეთმობა, რამდენადაც პრემიუმ–კლასის სასტუმროს გახსნის სავარაუდო თარიღი იმავე წლის მაისია.

ბოლო დროსჰუალინგიაქტიურად ჩაერთო ჩაის მრეწველობის განსავითარებლად მიმართულ ღონისძიებებში. მათ შორის თანამშრომლობთ მთავრობასთანაც. რა პოტენციალი დაინახა ჯგუფმა ამ მიმართულებით?

საქართველომ 1847 წელს დაიწყო ჩინეთიდან ჩაის შემოტანა, ანუ ყველაზე პირველმა ყვითელი და შავი ზღვების რეგიონებიდან და დასავლეთ აზიის ქვეყნებიდან. ისტორიულად ქართული ჩაი ძალიან ცნობილი იყო – არსებობდა70 ათას ჰექტარზე გაშენებული ჩაის პლანტაციები, ხოლო საბჭოთა კავშირში მოხმარებული ჩაის 95% სწორედ აქ იყო მოყვანილი, შესაბამისად, საქართველო მსოფლიო ჩაის მწარმოებელ ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილს იკავებდა. შემდგომში, გარკვეული მიზეზების გამო, ქართული ჩაი დაღმავლობის გზას დაადგა და შედეგად, ამჟამად საქართველო ჩაის იმპორტს საჭიროებს. ბევრი ჩაის პლანტაციაა მიტოვებული, რაც უაღრესად სამწუხაროა. მოგეხსენებათ, რომ ჩინეთი მსოფლიოში უდიდესი ჩაის მწარმოებელი ქვეყანაა და ჩვენი მიზანია ამ პროექტის შედეგად ჩაის ინდუსტრიის აღორძინება. გვაქვს ძალიან სერიოზული საინვესტიციო გეგმები აღნიშნული მიზნის მისაღწევად და გვჯერა, რომ გეგმებს წარმატებით განვახორციელებთ.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ინდუსტრიის აღორძინებასთან ერთად, ქართულ ჩაის ექსპორტზე ჩინეთში გაიტანთ. ამასობაში ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებიც აქტიურად მიმდინარეობს და ალბათ შეთანხმებაც მალე წამოგეწევათ. თქვენი აზრით, რა მიმართულებით გაააქტიურებს ამ მოლაპარაკებების დადებითად დასრულება ჩინურ ინვესტიციებს საქართველოში?

ფაქტობრივად, ჩინეთისა და საქართველოს მთავრობები უკვე მზად არიან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების მიმდინარე წლის ბოლომდე დასასრულებლად ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რაც შეიძლება ოპერატიულად გაფორმებისათვის. ჩემი აზრით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის სტიმულირება დიდწილად ჩინეთის ფაქტორმა განაპირობა. საქართველოში წარმოების სფერო ნაკლებად არის განვითარებული და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ქვეყანა თითქმის ყველანაირი საქონლის იმპორტს საჭიროებს. მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას საქართველოსა და ჩინეთს შორის, აქ დიდი რაოდენობით შემოვა კარგი ხარისხისა და შეღავათიანი ფასის მქონე ჩინური ნაწარმი, რომელიც არა მხოლოდ დააკმაყოფილებს ქვეყნის ყოველდღიურ მოთხოვნილებებს, არამედ ადგილობრივ ბაზარზე ფასებსაც შეამცირებს. ეს ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოცულობის გაზრდას.

რადგან სიტყვა წარმოებაზე ჩამოვარდა, როგორც თავად აღნიშნეთ „ნაკლებად განვითარებული წარმოების სფეროს“ პირობებში, რამდენად წარმატებულად ოპერირებს თქვენს მფლობელობაში არსებული თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ქუთაისში

თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში არსებულ თიზ-ებს შორის, „ჰუალინგის“ ქუთაისის თიზ-ი გამორჩეულია მასში არსებული საწარმოო-გადამამუშავებელი პროექტების მხრივ: თიზ-ში უკვე სრული დატვირთვით ფუნქციონირებს ხისა და ქვის გადამამუშავებელი ქარხნები, ასევე ავეჯის, ხის ლამინირებული ფანერებისა და მატრასების მწარმოებელი კომპანიები. სულ 15-მდე კომპანია, რომლებიც არიან იმპორტ-ექსპორტიორები ჩინეთიდან, საქართველოდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. მათგან მხოლოდ ორი გვეკუთვნის, დანარჩენ კომპანიებს სხვა მფლობელები ჰყავთ. სამომავლოდ იგეგმება ფერადი მეტალურგიისა და პლასტმასის პროდუქციის საწარმოს გახნსაც. თიზ-ის განვითარებას, გადასახადებისგან თავისუფალ გარემოსა და ხელსაყრელ გეოგრაფიულ განლაგებასთან ერთად, განაპირობებს მასში განთავსებული ბიზნესის წარმოების სიმარტივე, ინფრასტრუქტურა და ოპერირებისთვის საჭირო დანახარჯების სიმცირეც. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ ის კომპანიებს სთავაზობს მზა შენობა-ნაგებობების ფართო ნაირსახეობას საუკეთესო საიჯარო ტარიფებით. მზა შენობებთან ერთად, არსებული კომუნალური უზრუნველყოფა თიზ-ში მნიშვნელოვნად უმცირებს კომპანიებს წარმოების დასაწყებად საჭირო კაპიტალდაბანდებებს. რეალურად, მათ უბრალოდ სჭირდებათ დანადგარების მონტაჟი ოპერაციების დასაწყებად. ასევე, ეტაპობრივად ვნერგავთ სხვადასხვა სახის მომსახურებებს რეგისტრირებული კომპანიებისთვის. მაგალითად, უკვე ვთავაზობთ საბაჟო-საბროკერო და ტვირთების მომსახურებას, ასევე კადრების მოძიებას. ყოველივე ეს ხელს უწყობს ინვესტორთა ოპერაციების სიმარტივეს და მათ კონცენტრირებას უშუალოდ საწარმოო პროცესის განვითარებაზე.

ინდუსტრიული ზონის ერთერთი ძირითადი მიმართულება ხეტყის დამუშავება და ავეჯის დამზადებაა. რამდენად კმაყოფილი ხართ ავეჯის ქარხნის ოპერირებით, საექსპორტო მაჩვენებლები უმჯობესდება?

ხის გადამუშავებისა და ავეჯის საწარმოები მართლაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან აქ დამზადებული პროდუქცია საკმაოდ მაღალი ხარისხით და მზარდი რეალიზაციით გამოირჩევა რეგიონულ ბაზარზე. წლიურად 35,000-დან 45,000-მდე კუბური მეტრი ხე იჭრება და მუშავდება, თუმცა წარმოებული ხის მასალის მხოლოდ მცირე რაოდენობა იყიდება ადგილობრივ ბაზარზე, 95% გადის ექსპორტზე ირანში, თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ჯამში სულ 9 მილიონი ლარის პროდუქცია იყიდება. საწარმოში ასამდე ადამიანი მუშაობს და ის 15,000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. ამ საწარმოში $6 მილიონის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც მხოლოდ $5 მილიონი 78 დანადგარის შესაძენად დაიხარჯა. რაც შეეხება ავეჯის ქარხანას, რომელიც 13 ათას კვადრატულ მეტრს იკავებს, მასში $3 მილიონის ინვესტიცია განხორციელდა და ამჟამად იქ 75 დანადგარი მუშაობს, რომელთა ღირებულება $1.5 მილიონს აღწევს, ხოლო ქარხნის წლიური წარმადობა – დაახლოებით $17 მილიონს. ქარხანა ძირითადად საოფისე, სასტუმროს და საოჯახო ავეჯს აწარმოებს.

კიდევ ერთი ახალი პროექტიაცემენტის ქარხანა სენაკში, რომელიც ქართული სამშენებლო მასალების კომპანიასთან“ ერთად წამოიწყეთ. რატომ გადაწყვიტეთ იმ ბაზარზე შესვლა, რომელიც საკმაოდ კონკურენტულია? როგორია თქვენი გეგმები?

დასავლეთ საქართველოში არ არსებობს ცემენტის ქარხანა, რის გამოც კლინკერის იმპორტი თურქეთიდან ხორციელდება. „შავი ზღვის ცემენტის“ პროდუქცია არა მხოლოდ დააკმაყოფილებს საქართველოს შიდა მოთხოვნას ცემენტის მიმართ, არამედ შესაძლებელს გახდის ცემენტის ექსპორტსაც მეზობელ ქვეყნებში. ჩვენი ვარაუდით, კომპანია „შავი ზღვის ცემენტის“ წილი საქართველოს ცემენტის ბაზარზე დაახლოებით 50% იქნება იმის გათვალისწინებით, რომ დღეს საქართველოში ცემენტი მოძველებული ტექნოლოგიებითა და მოწყობილობებით იწარმოება, რაც ზრდის თვითღირებულებას და უარყოფითად მოქმედებს ეკოლოგიაზე. „შავი ზღვის ცემენტის” მიერ აშენებული ქარხანა აღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე ფილტრებით, დამონტაჟდება ხმაურის ჩამხშობი დანადგარები, გამოყენებული იქნება თანამედროვე – მშრალი მეთოდი, რაც გამორიცხავს გარემოს დაბინძურებას. მშენებლობის დასრულების შემდეგ ქარხანა წლიურად 900 ათას ტონა კლინკერის სახეობის ცემენტს და 1,5 მილიონ ტონა მაღალი ხარისხის ცემენტს აწარმოებს. ვინაიდან პროექტი 300-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის, ის ბიძგს მისცემს ტრანსპორტირების, საკვები ობიექტების, სამუშაო ძალისა და სხვა სექტორების განვითარებას. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *