გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უკანასკნელი ანგარიშის მიხედვით, ჩრდილოკორეელმა ჰაკერებმა ქვეყნის სარაკეტო პროგრამების დასაფინანსებლად მილიონობით დოლარის ღირებულის კრიპტოვალუტები მოიპარეს. გამომძიებლების ინფორმაციით, 2020 წლიდან 2021 წლის შუა რიცხვებამდე მოპარული კრიპტოვალუტების ღირებულებამ 50 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ამგვარი თავდასხმები კი, ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის უმთავრესი დაფინანსების წყაროა. საინტერესოა, რომ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ინფორმაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სანქცირების კომიტეტს გადაეცა.
ზემოთ აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული კიბერშეტევები, ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში ფუნქციონირებად, სულ მცირე, სამი სხვადასხვა კრიპტოსავაჭრო პლატფორმისაკენ იყო მიმართული. საინტერესოა, რომ გაეროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარი გასულ თვეში გავრცელებულ ინფორმაციაზეც იყო, რომლის მიხედვითაც, შარშან ჩრდილოკორეელმა ჰაკერებმა 400 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტები მოიპარეს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსგავსი კვლევა გაერომ 2019 წელსაც გამოაქვეყნა. მაშინ ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ ჰაკერებმა კიბერშეტევებით მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამების გამოცდებისათვის 2 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზება შეძლეს.
ცნობისათვის, უშიშროების საბჭოს ჩრდილოეთ კორეისათვის ბირთვული რაკეტების ტესტირება და ბალისტიკური რაკეტების გაშვება აკრძალული აქვს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩრდილოეთი კორეა მცირე ინტერვალებით მაინც ცდის საკუთარ სარაკეტო ტექნოლოგიურ სიახლეებს. გარდა ამისა, გაეროს ანგარიშის მიხედვით, ის განაგრძობს ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასაც.