Christie’s-ის აუქციონზე როჯერ სენტის ხელოვნების ნიმუშების კოლექცია გაიყიდება

Christie’s-ის აუქციონზე როჯერ სენტის ხელოვნების ნიმუშების კოლექცია გაიყიდება

ნოემბერში, ნიუ-იორკში დაგეგმილ Christie’s-ის აუქციონზე ენერგეტიკული კორპორაცია AES Corporation-ის თანადამფუძნებლის, როჯერ სენტისა და მისი ცოლის ხელოვნების ნიმუშების კოლექცია გაიყიდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია სააუქციონო სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ცნობილია, კოლექცია მოიცავს პოსტ-იმპრესიონიზმისა და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში შექმნილ ნამუშევრებს. ასევე ირკვევა, რომ ხელოვნების ნიმუშები ქველმოქმედების მიზნით იყიდება და შემოსული თანხა არაკომერციული ორგანიზაცია The Summit Foundation-ის ანგარიშზე გადაირიცხება. ორგანიზაცია, რომლის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი როჯერ სენტია, გენდერული თანასწორობის მიღწევისა და დედამიწის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების კუთხით მუშაობს.

კოლექციაში საერთო ჯამში 30 ნამუშევარია წარმოდგენილი, რომელთა საერთო ღირებულებასაც სააუქციონო სახლი სულ მცირე 50 მილიონ აშშ დოლარად აფასებს. აღსანიშნავია, რომ ნამუშევრებს შორის პოლ გოგენისა და ჯოან მიტჩელის ორი შედევრია.

მათ შორის გამოსარჩევია გოგენის მიერ 1888 წელს შესრულებული ნამუშევარი „Pêcheur et baigneurs sur l’Aven“, რომლის გაყიდვას სააუქციონო სახლი 6-დან 8 მილიონ აშშ დოლარამდე იმედოვნებს. ასევე, საყურადღებოა მიტჩელის მიერ 1989 წელს შექმნილი უსათაურო აბსტრაქტული დიპტიქი, რომელსაც Christie’s-ი 10-დან 15 მილიონ აშშ დოლარამდე აფასებს.