ამერიკული სპორტული ტანსაცმლის ბრენდი Columbia ერთ-ერთი ყველაზე სანდო კომპანიაა არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ მთელ მსოფლიოში. მისი საკმაოდ ასაკოვანი აღმასრულებელი დირექტორი კომპანიას უფლებას აძლევს, მასზე იხუმრონ რეკლამებში და ამით ამაყობს კიდეც.
ანალიტიკურ კომპანია Hundred X-თან თანამშრომლობით Forbes-მა საკუთარი პირველი Halo 100-ის სია გამოაქვეყნა, რომელშიც Columbia-მ ბრენდის ღირებულებებისა და ნდობის მიხედვით პირველი ადგილი დაიკავა. როგორც ჩანს, ამის უამრავი მიზეზი არსებობს. ერთი შეხედვით, შესაძლოა კომპანიას გარეგნულად ნაკლებად ეტყობოდეს დასაქმებულებზე ან მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულობა, თუმცა თუკი მის საქმიანობას ახლოდან გაეცნობით, დარწმუნდებით, რომ ეს ბრენდი ნამდვილად იმსახურებს სიაში ამ პოზიციას.
კომპანია მთლიანად ორიენტირებულია მისი პროდუქტების გამძლეობასა და ინოვაციურობაზე. ეს კი სწორედ ის მესიჯი გახლავთ, რომელიც ყველა მომხმარებელს თანაბრად ეხმიანება მიუხედავად მათი წარმოშობისა თუ განსხვავებებისა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ ბოილი გახლავთ. ის Columbia-ს უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც ხელმძღვანელობს და მისი ქონება Forbes-ის თანახმად 2.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.
„კომპანიები ძალიან ჰგვანან ინდივიდუუმებს: შენი პიროვნულობა მათზე აისახება. ჩვენ ერთადერთი მიდგომა გვაქვს – გვინდა, ვიყოთ ძალიან დემოკრატიულები, ჩვენ გვინდა, ვიყოთ ხელმისაწვდომები“. როგორც ჩანს, კომპანიის ეს ღირებულებები მის განვითარებასა და ცნობადობას ხელს ძალიან უწყობს. და არა მხოლოდ ცნობადობას, რადგან გქონდეს ამერიკაში ყველაზე სანდო კომპანიის სტატუსი, ეს დიდი დამსახურებაა.