იმ გამოწვევებს, რომლებიც ენერგეტიკის სექტორში, ახალი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ზოგადად მოსალოდნელი იყო, სრულად განსხვავებული და ამ სფეროსთვის უჩვეულო გამოწვევა დაემატა – ახალი კორონავირუსი (COVID-19). ფაქტობრივად, მას გამოწვევასაც ვერ დავარქმევ – ეს უფრო მოცემულობაა, რომელსაც ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ. მთავარია სწორი მოქმედება. მობილიზებულია მთელი ენერგეტიკის სექტორი, რათა უზრუნველყოფილი იყოს კომუნალური სერვისების საიმედო და უწყვეტი მიწოდება მოქალაქეებისათვის. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ენერგეტიკულმა კომპანიებმა გარკვეული პერიოდით შეაჩერეს ან შეზღუდეს დაგეგმილი სამუშაოების განხორციელება თითქმის ყველა მიმართულებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ობიექტების ქსელზე მიერთება ან სხვადასხვა ტექნიკური სამუშაო მხოლოდ დროში გადავადდება. დროში გადავადება, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს ენერგეტიკული სისტემისთვის ზიანის მიყენებას.
ისევე როგორც სხვა სექტორები, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი), ენერგოომბუდსმენი და კომუნალური მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები გადავიდნენ დისტანციურ მომსახურებაზე და თითქმის 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რომ მოქალაქეებს დისკომფორტი არ შეექმნათ და მათი ყველა მოთხოვნა დროულად შესრულდეს. ამასთანავე, მიუხედავად არსებული სიტუაციისა, სემეკში, ახალი კანონიდან გამომდინარე, ნორმატიული აქტების შემუშავებასა და სხვა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რომლებზეც „ფორბსის“ თებერვლის ნომერში მქონდა საუბარი, აქტიური მუშაობა გრძელდება. ეს პერიოდი რომ დასრულდება, რაც დასჭირდება ყველაზე მეტად სექტორს, რა თქმა უნდა, ინვესტიციაა როგორც ქსელურ ნაწილში, ასევე გენერაციაში. მისასალმებელი იქნება იმაზე მეტი მოცულობის პირდაპირი ინვესტიცია, ვიდრე 2019 წელს დაფიქსირდა.
სამომავლო საჭიროებებზე შემდგომ ვისაუბრებ, ამჯერად კი ყურადღებას იმაზე გავამახვილებ, თუ როგორ დაასრულა 2019 წელი სტატისტიკურ ჭრილში ენერგეტიკის სექტორმა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით 2019 წელი ენერგეტიკის სექტორისთვის, შეიძლება ითქვას, წარმატებული იყო. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ამ კუთხით ენერგეტიკის სექტორში 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 61%- იანი ზრდა დააფიქსირა. ინვესტიციები მეტწილად მოდის ელექტროენერგიის გენერაციის მიმართულებით და ვფიქრობ, რომ სწორია წარმოების ზრდაზე აქცენტირება, რადგან ყოველწლიურად ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა და პარალელურად იმპორტის ზრდაც გვაქვს, ხოლო ადგილობრივი წარმოება ვერ ეწევა მოხმარებას.
სემეკი ყოველწლიურ სტატისტიკას 1 ივნისისთვის გამოაქვეყნებს და იქ დეტალურ მონაცემებს გაეცნობით. ბოლო ცხრა წლის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში ელექტროენერგიის შიდა მოხმარება ყოველწლიურად საშუალოდ 4.4%-ით იზრდება, თუმცა მცირდება ელექტროენერგიის წარმოება. მაგალითად, 2019 წელს ელექტროენერგიის წარმოება (სალტეზე გაცემა) 2018 წელთან შედარებით 2.6%- ითაა შემცირებული. იზრდება ელექტროენერგიის იმპორტი. 2019 წელს წინა წელთან შედარებით იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი 7.8 %-ით, ხოლო 2017 წელთან შედარებით 8.7%-ით გაიზარდა.
აგრეთვე ელექტროენერგიის იმპორტმა 6.7-ჯერ გადააჭარბა ექსპორტს, როდესაც იგივე მაჩვენებელი წინა წელს 2.6-ს შეადგენდა. თავის მხრივ, ელექტროენერგიის ექსპორტი წინა წლის მაჩვენებელზე 58.6.%-ით, ხოლო 2017 წლის მაჩვენებელზე 64.5.%-ით ნაკლებია. ახალი სადგურების მშენებლობის კუთხით დადებითი ტენდენცია იყო 2019 წელს. ექსპლუატაციაში შევიდა ელექტროენერგიის წარმოების საშუალებები ჯამური დადგმული სიმძლავრით 72 მგვტ, მათ შორის – 9 მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით – 22 მგვტ. მთლიან ჭრილში, ელექტროსადგურების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ შეადგინა 4229.849 მგვტ (ჰიდრო – 3284.749 მგვტ, თბო – 924.4 მგვტ, ქარი – 20.7 მგვტ), რაც 1,7 %-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს.
სტატისტიკურ ჭრილში ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია 2019 წელს 2018 წელთან შედარებით 11.6%-ით, ხოლო 2017 წელთან შედარებით 7%-ითაა შემცირებული, რაც, ძირითადად, განპირობებულია იმით, რომ პირდაპირი მომხმარებლები, რომელთა თვიური მოხმარება აღემატება 5 მლნ კვტ/სთ-ს, ელექტროენერგიას აღარ ყიდულობენ გამანაწილებელი კომპანიებისაგან, არამედ კანონმდებლობის საფუძველზე ელექტროენერგიას ყიდულობენ თავისუფალ ბაზარზე. შედეგად, საგრძნობლადაა გაზრდილი პირდაპირი მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის მოხმარება, კერძოდ, 2019 წელს 2018 წელთან შედარებით გაზრდილია 59.6%-ით, ხოლო 2017 წელთან შედარებით – 100%-ით.
განსხვავებული სიტუაციაა ბუნებრივი გაზის სექტორში, სადაც ქვეყანა თითქმის სრულად დამოკიდებულია იმპორტზე. 2019 წელს ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.8% დაკმაყოფილდა სწორედ იმპორტით. საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კვლავ რჩება აზერბაიჯანის რესპუბლიკა (93%). 2019 წელს ქვეყანაში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა გაიზარდა 15%-ით და 2.5 მლრდ კუბ.მ შეადგინა. ზრდა ძირითადად შეეხო საყოფაცხოვრებო და თბოსადგურების მოხმარებას. საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ბუნებრივი გაზის მოხმარებამ 2019 წელს 983 მლნ კუბ.მ შეადგინა, არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის მოხმარება კი 1,519 მლნ. კუბ.მ იყო, საიდანაც თბოსადგურების მოხმარება 678 მლნ. კუბ. მ- ია.
არასაყოფაცხოვრებო სექტორებიდან ვაჭრობის, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმის, გადამმუშავებელი მრეწველობისა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყლის წარმოებისა და განაწილების სექტორები (მათ შორის თბოსადგურები) უდიდესი მომხმარებლები არიან. ისინი ჯამურად მოიხმარენ კომერციული სექტორის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის 83%-ს. აღნიშნული სამი სექტორიდან ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყლის წარმოებისა და განაწილების სექტორი, თბოელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავების საჭიროებიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად ხასიათდება სეზონურობით, ხოლო დანარჩენი ორი სექტორის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარება მეტ- ნაკლებად სტაბილურია. საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარება განსხვავებულია როგორც ქალაქისა და სოფლის, ასევე რეგიონების მიხედვით.
პატარა ქალაქებში, დაბებსა და განსაკუთრებით სოფლებში ბუნებრივი გაზის საშუალო მოხმარება ერთი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მნიშვნელოვნად ჩამორჩება დიდი ქალაქების ანალოგიურ მაჩვენებელს, ვინაიდან კვლავ აქტიურად ხდება შეშის სათბობად გამოყენება. საქართველოში არ არსებობს ბუნებრივი გაზის ორგანიზებული ბაზარი, რის გამოც ბუნებრივი გაზის ყიდვა- გაყიდვა ხდება მხოლოდ ორმხრივი ხელშეკრულებების მეშვეობით. უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს დერეგულირებული მომხმარებლებისთვის ბუნებრივ გაზზე წვდომა კონკურენტულ ფასად, ამისათვის კი აუცილებელია ბაზარზე კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა, რასაც ახალი კანონი ითვალისწინებს.